წლის ყველაზე კურიოზული დანაშაულები წლის ყველაზე კურიოზული დანაშაულები />


  09:02:07     30-12-2011

წლის ყველაზე კურიოზული დანაშაულები

a13855.jpg

იმ ქმედებაზე ხუმრობა, რომელიც კანონმდებლობით ისჯება, შესაძლოა ეთიკური არ იყოს, მაგრამ ‘’პრესა.ჯი’’-მ საახალწლოდ რამდენიმე, ყველაზე კურიოზული დანაშაული შეარჩია, რომელიც დამნაშავე პირებისთვისაც მსუბუქად დასრულდა და წლის დანაშაულის ტიტულიც მოიპოვა.

პირველი ადგილი ნამდვილად ეკუთვნის სიძეს, რომელსაც საკუთარი ქორწილის ჩაშლა ძვირად დაუჯდა და თაფლობის თვის გატარება ციხეში მოუხდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ლაშა გაგნიძემ ქორწილის გადახდა, 2011 წლის 30 აპრილს, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან ,,სენატში” გადაწყვიტა. ამავე წლის 24 აპრილს,  ლაშა გაგნიძე და რესტორნის მენეჯერი შეთანხმდნენ, რომ გაგნიძე ორი დღის განმავლობში ,,ბე”-ს სახით წინასწარ 2000 ლარს გადაიხდიდა. ფულადი თანხის გადახდის მიზნით, ის მართლაც მივიდა ზემოაღნიშნულ რესტორანში, თუმცა რესტორან ,,სენატში” საქორწინო დარბაზები უკვე დაკავებული იყო, რის გამოც სუფრის შეკვეთა ვეღარ მოახერხა.

ამ დროისათვის, ლაშა გაგნიძეს სტუმრები, რესტორან ,,სენატში” უკვე დაპატიჟებული ჰყავდა. მას მოერიდა მათთვის განმარტების მიცემა და გადაწყვიტა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება განეხორციელებინა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ შეტყობინება გამოიწვევდა სრულ ქაოსს და ის მოახერხებდა სტუმრებისთვის რეალური მიზეზის დამალვას.

ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 30 აპრილს, ლაშა გაგნიძე სტუმრებთან ერთად აღნიშნულ რესტორანში მივიდა. დაახლოებით 17:50 წუთზე მან მისი მეუღლის სარგებლობაში არსებული სილქნეტის უკაბელო ტელეფონიდან საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რადიოსადგურ ,,022” –ის ოპერატორთან ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა - თითქოსდა რესტორან ,,სანატში” ბომბი იყო.

შს სამინისტრომ ცრუ შეტყობინების ავტორი ოპერატიულად დაადგინა და ქორწილის ჩამშლელ სასიძოს, სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2 წელსა და 6 თვეს გაატარებს.

გაგნიძისგან განსხვავებით, ციხეს გადაურჩა ახალგაზრდა, რომელსაც პროკურატურა სხვისი ქონების ფარულად დაუფლებას ედავებოდა. ზაზა დოლიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობდა და განმარტავდა, რომ ქურდობის განზრახვა არ ჰქონია, 2011 წლის 30 ივლისს, გვიან ღამით მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ტანსაცმელი სანაპიროზე გაიხადა და ზღვაში იბანავა. დილით, როდესაც გაეღვიძა, პარკში იწვა სკამზე და ტანსაცმელი არ ეცვა. ამის შემდეგ იქვე, ახლოს, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნახმარი შარვალი და მაისური იპოვა, რომლებიც უმეთვალყურეოდ იყო მიტოვებული. ჩათვალა, რომ გადაგდებული იყო. ვინაიდან, პარკში ტანსაცმლის გარეშე გავლა მოერიდა, გამოუვალი სიტუაციის გამო ნაპოვნი ტანსაცმელი ჩაიცვა და სახლისკენ გაემართა, თუმცა გზაში ტანსაცმლის მეპატრონე შეხვდა და მისი დაბრუნება მოსთხოვა. ზაზა დოლიძემ ტანსაცმელი მეპატრონეს მოთხოვნისთანავე დაუბრუნა, თუმცა განსასჯელის სკამზე მაინც აღმოჩნდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზაზა დოლიძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

2000 ლარი და პირობითი სასჯელი განუსაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლომ მარინე აფციაურს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე სიძისთვის დანაშაულის დაბრალება გადაწყვიტა. სასამართლოს ინფორმაციით: თბილისში, მცხოვრებ მარინე აფციაურს საკუთრებაში ,,ფოლკსვაგენ გოლფი” – ის მარკის ავტომანქანა ჰყავდა, რომლითაც ხშირად სარგებლობდნენ ოჯახის წევრები, მათ შორის მარინე აფციაურის სიძე - ვახტანგ დ. მარინე აფციაურს და მის შვილს – თამარ აფციაურს ეჭვი ჰქონდათ, რომ ვახტანგ დ.-ს  საყვარელი ჰყავდა. 2011 წლის 20 ივნისს, როდესაც ვახტანგ დ. ავტომანქანით წავიდა, სიდედრი კერძო ტაქსით სათვალთვალოდ გაჰყვა. დაახლოებით 17:00 საათზე, აფციაურმა სიძის მანქანაში ორი მანდილოსანი შენიშნა. ვახტანგ დ.-ს სავარაუდო ღალატით შეშფოთებული გადმოვიდა ავტომანქანიდან და ყვირილით მოსთხოვა სიძეს ავტომანქანის  შეჩერება, რასაც  ვახტანგ დ. არ დაემორჩილა. აღნიშნული გარემოებით განერვიულებულმა მარინე აფციაურმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ ვახტანგ დ.-მ მისი კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცა. შეტყობინების საფუძველზე, თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის სამმართველოს  განყოფილებაში, მ. აფციაურის ა/მანქანის ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გაირკვა, რომ რეალურად  ავტომობილის ქურდობის ფაქტი არ მომხდარა და ადგილი ჰქონდა ,, გაბრაზებული” მარინე აფციაურის მიერ სიძის ცრუ დასმენას.

საქმის სასამართლო განხილვისას, მარინე აფციაურმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული. ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა: მოწმეების, მათ შორის ვახტანგ დ.-ს მიერ მიცემული ჩვენებით, საპატრულო პოლიციიდან ამოღებული ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მარინე აფციაურს სასჯელის სახედ და  ზომად 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც პირობითად ჩაეთვალა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2 000 ლარის ოდენობით.

კეთილი დასასრული ჰქონდა მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ვალერი ლევინის დაკავებასაც, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. ბიზნესმენის გარემოცვამ განგაში ატეხა, რომ ლევინს ბიძინა ივანიშვილის პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობები მოჰქონდა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან. თუმცა როგორც აღმოჩნდა ლევინის დაკავების მიზეზი აღმოჩენილი უჩვეულო მინერალები და  ბეჭდური მასალა გახლდათ. აღნიშნული მინერალები შს სამინისტრომ ექსპერტიზის ბიუროში გადააგზავნა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში არ იყო, ლიტერატურასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა, რომელიც მას ივანიშვილთან მიჰქონდა, ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისათვის გამოიყენებოდა.

0

ავტორი: