პოლიტიკურ პარტიებს, დაფინანსების მიღების პირობები გაუმკაცრდათ პოლიტიკურ პარტიებს, დაფინანსების მიღების პირობები გაუმკაცრდათ />


  22:56:14     29-12-2011

პოლიტიკურ პარტიებს, დაფინანსების მიღების პირობები გაუმკაცრდათ

a13854.jpg

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, პარტიების დაფინანსებასთან და შემოწირულობებთან დაკავშირებული ნორმები მკაცრდება და მთელი რიგი მიმართულებებით, ახალი შეზღუდვები შემოდის.

კანონის ინიციატორთა შეფასებით, კანონის მიღების მიზანია პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების სისტემის დახვეწა, პოლიტიკური კორუფციის პრევენცია, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და პოლიტიკური კონკურენციის ხელშეწყობა.

კანონის მიხედვით, პარტიას ეკრძალება მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, გარდა პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებისა, რომელშიც მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები შედის.

ასევე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, პარტიას მოქალაქისთვის არ შეუძლია შეღავათიან ფასად ან უფასოდ საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება.

რაც შეეხება იმას, პარტიის ქონებას თუ რა წარმოადგენს, პარტიის კაპიტალს ქმნის: საწევრო შენატანები, შემოწირულობები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები და პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, პარტიის მიერ ლექციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები, რომლებიც არ ცვლის პარტიის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, ხასიათს. აგრეთვე, საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები. ამ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული საერთო შემოსავლები, წლის განმავლობაში 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, პარტიას უფლება არ აქვს სესხი ან კრედიტი რომელიმე ფიზიკური, ან იურიდიული პირისაგან აიღოს, თუმცა, წინსაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია კომერციული ბანკისგან 1 მლნ ლარი მიიღოს.

ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს, პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, შემოწირულობებისა და სხვა კანონით დაშვებული ფორმით მიღებული შემოსავლის ჯამური რაოდენობა საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 %-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ხარჯის საერთო ოდენობა საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. იმ შემთხვევაში თუ ეს თანხები ამ რაოდენობას გადააჭარებებს, მაშინ, პარტიამ მიღებული თანხები, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან სამი  დღის ვადაში, შემომწირველს უნდა დაუბრუნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება. 

უნდა ითქვას, რომ პარტიებისთვის ალბათ ერთ-ერთი პრობლემა ის ფაქტი იქნება, რომ კანონის მიხედვით, პარტიებს სადღესასწაულო ღონისძიებებზე თანხების გაცემა შეეზღუდებათ, კერძოდ, კანონის თანახმად, პარტია უფლებამოსილია სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში, წლის განმავლობაში საჩუქრად მცირე ღირებულების ნივთები, არაუმეტეს 5000 ლარის საერთო ოდენობით გასცეს.

ამ კანონის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება: იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან,  სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ ან გააჩნია გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ასევე, ვრცელდება იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე.

ამასთან, კანონის თანახმად, პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობაც განისაზღვრა, კერძოდ,  თითოეული მოქალაქისგან, შემოწირულობები წელიწადში 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო პარტიის თითოეული წევრისაგან საწევროს წლიური ოდენობა 1200 ლარს. ასევე, მოქალაქემ შემოწირულობა შეიძლება წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ გააკეთოს, მაგრამ შემოწირულობათა ჯამური ოდენობა 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონში ის საკითხიც არის გათვალისწინებული, როცა შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი წყაროდან იღებენ, კერძოდ, ამ სემთხვევაში, მათ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული შემოწირულობათა საერთო ოდენობა ერთი საარჩევნო სუბიექტის მიმართ 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

აღსანიშნავია, რომ კანონში ის სანქციებიც არის დაზუსტებული, რომელიც კანონის დარღვევის შემთხვევაში პარტიაზე გავრცელდება, კერძოდ,  თუ პარტიის მიერ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების საერთო ღირებულება წელიწადში: 2000-დან 15000 ლარამდეა, პარტიას სახელმწიფო დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში მოეხსნება, თუ 15 000-დან 50 000 ლარამდეა, პარტიას სახელმწიფო დაფინანსება ორი წლის განმავლობაში მოეხსნება, ხოლო თუ 50 000 ლარზე მეტია, პარტიას სახელმწიფო დაფინანსება ოთხი  წლის განმავლობაში მოეხსნება.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გარდა, კანონში არასამთავრობო სექტორის დაფინანსების საკითხიც არის გათვალისწინებული, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე, თუმცა, ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გასაცემი თანხა არასამთავრობო სექტორზე გასანაწილებელი თანხის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონში დეპუტატის კობა ხაბაზის ინიციატივაც არის გათვალისწინებული, რომლის მიხედვით, თუ პარტიებს, ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით, დაფინანსება მიღებული აქვთ და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, მაშინ, ისინი ვალდებულნი არიან ეს თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა.

რაც შეეხება იმ საკითხს, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს თუ რომელი უწყება განაორციელებს, ამ ფუნქციას კონტროლის პალატა შეითავსებს და ორგანო უფლებამოსილი იქნება აუდიტი ჩაატაროს, ყადაღა დაადოს ფიზიკური, იურიდიული პირების, პოლიტიკური გაერთიანებების ქონებას (მათ შორის საბანკო ანგარიშებს). ამასთან, შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია, პარტიამ სამი დღის ვადაში საქართველოს კონტროლის პალატას უნდა წარუდგინოს. ხოლო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით გამოიწვევს.

0

ავტორი: