12:41:32     29-12-2011
რაინერ მარია რილკეს გარდაცვალების დღისადმი
1926 წლის 29 დეკემბერს, შვეიცარიაში, გარდაიცვალა დიდი ავსტრიელი, გერმანელი პოეტი რაინერ მარია რილკე (Rainer Maria Rilke, სრულად - René Karl Wilhelm Johann Josef Maria Rilke)
ნოემბრის თვიდან საავადმყოფოში იწვა, მას ლეიკიმია სჭირდა. მანამდეც აწუხებდა სენი. 1923 წელს კარგა ხანს მკურნალობდა სანატორიუმში, ჟენევის ტბასთან, თუმცა მაშინ ვერ დაუდგინეს დაავადების მიზეზი...
დიდი პოეტი დაიბადა 1875 წლის 4 დეკემბერს, პრაღაში, ჩეხეთში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, ძველი არისტოკრატიული წარმოშობის იოზეფ და სოფი რილკეს (ქალიშვილობაში ენთცი) ოჯახში. მამა რკინიგზის სამმართველოს თანამშრომელი იყო. მომავალი პოეტი ერთადერთი შვილი იყო ოჯახში.
1882-1884 წლებში სწავლობდა დაწყებით სკოლაში. 1884 წელს მშობლები დაშორდნენ.
ლექსებს ბავშვობიდან წერდა.
1886-1891 წლებში სწავლობდა სამხედრო სასწავლებელში. შემდეგ ლინცის სავაჭრო აკადემიაში.
1894 წელს გამოვიდა მისი პირველი პოეტური კრებული. წერდა მოთხრობებს. 1896 წლიდან სწავლობდა პრაღის უნივერსიტეტში, ჯერ ფილოსოფიის, მერე იურიდიულ ფაკულტეტზე. ამ წელს გამოვიდა მისი მეორე პოეტური კრებული.
1897 წელს იმოგზაურა იტალიაში, მერე დამკვიდრდა ბერლინში, სადაც 1901 წლამდე ცხოვრობდა. იქვე სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში. გამოსცა რამდენიმე კრებული ლექსებისა და მოთხრობებისა. თან მოგზაურობდა იტალიაში, რუსეთში. მიმოწერა ჰქონდა მარინა ცვეტაევასთან, რომელსაც შორიდან იცნობდა. 1901 წელს იქორწინა კლარა ვესტგოფზე. 1902 წელს გადავიდა პარიზში.
წერდა ლექსებს, ნოველებს, თარმნიდა, გამოსცა წიგნი როდენზე, რომელსაც პირადად იცნობდა, წერდა სეზანზე... ისევ მოგზაურობდა.
1914 წელს ცოტა ხნით გაიწვიეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის არმიაში, მოღვაწეობდა სამხედრო არქივში.
შემდგომი წლების განმავლობაში ისევ მოგზაურობდა, თუ უფრო დავაზუსტებთ, გადაადგილდებოდა... წერდა, თარგმნიდა...
როგორც ვთქვით, დიდი პოეტი გარდაიცვალა 1926 წლის 29 დეკემბერს, შვეიცარიაში.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ მის ლექსს, მიძღვნილს მარინა ცვეტაევასადმი -„ელეგია“ (ელეგია მარინასადმი), რომელიც თარგმნა ნატო ინგოროყვამ. ეს ლექსი სპეციალურად შევარჩიეთ, ის მიძღვნილია მარინა ცვეტაევასადმი, დღეს კი ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარინეს დღესასწაულს,
ელეგია
მარინა ცვეტაევა-ეფრონს
(თარგმნა ნატო ინგოროყვამ)
ჰოი, სამყაროს სვე, მარინა, ვარსკვლავთა ცვენა!
არ ღირს სამყაროს ასავსებად თავის გაწირვა,
ვიღაც შორეულ ვარსკვლავისკენ მზირალი ცერად
ფეხს წამოიკრავს და სიწმინდეს აღუვლენს წირვას,
რომ სამყაროში ყველაფერი არის თამაში,
რომ თვით საწყისშიც მხოლოდ თავისთავისკენ ვილტვით,
და თუმც, არავინ გვეგულება შემწედ ამაში,
გადაბმულნი ვართ სივრცის დვრილებს მაინც მჭლე ფილტვით.
ტალღები მარინა, ჩვენ ზღვა ვართ,
ლივლივი მარინა, ჩვენ ცა ვართ.
მიწა ვართ, მარინა, მღერა ვართ ტოროლის
და თუკი ვინმეა, ჩვენცა ვართ,
წყვდიადში ელვარე ჰოროლით.
ეს აღტაცება ბავშვური, სინანულს არ ითვალთმაქცებს,
თუმც ჩვენი სიმძიმე და შური სიმღერას ჩივილად აქცევს.
ღმერთებიც ითხოვენ დროდადრო შექებას
და მოწაფეთა მსგავსად, ეს წახალისებაც სულს დაელექება,
გარჯა არ ჩაგვივლის ნავსად.
ჩვენ ხომ არაფერი გვეკუთვნის, ღმერთმანი,
გინდ სასარგებლო, გინდ საზიანო,
და ხელისცეცებით დავეძებთ ერთმანეთს,
მარტოსულობა რომ გვქონდეს საზიარო...
მსუბუქი ხელები, ნაზი გახელებით, როგორ ეფერება
დაუკრეფავ ყვავილებს ყელზე,
ტახტზე უარის თქმისას ვით იღებენ მსხვერპლს მეფეები
ვნახე კომ-ობოში ნილოსის ნაპირებზე.
ვეხებით კრძალვით, რაც ნაზია და რაც ლამაზია,
თითქოს ანგელოზებივით გადასარჩენთა კარებს
ნიშნით აღვბეჭდავდეთ. ყველას ეხება:
სულებს-ავსულებს, გულებს-ავგულებს, ქარებს-ავქარებს
არ გაბედოთ ავად შეხება!
ეჰ, მარინა, განდეგილები ვართ როგორი,
სამუდამოდ გზააბნეულნი ვართ როგორი,
საუკეთესოს ძებნაში ვტოვებთ ნიშანს და მორჩა.
და ეს ჩანაფიქრი მორცხვი, რომელიღაც ჩვენგანს რომ ემძიმოს,
უმალ გავბედავთ, მივიდეთ და ხელი შევახოთ,
ის კი შურს იძიებს ჩვენზე და დაგვღუპავს.
მის სასიკვდილო ძალაუფლებას ყველანი ვამჩნევთ.
ის თავაზით და იშვიათი ძალმოსილებით
უბრალო მოკვდავთ გვაქცევს იმად, ვინაც
გაუძლო არყოფნას და სუნთქვას გამორჩა.
შენ იცი ხშირად ვით მიგვერეკებოდა
უხილავი ბრძანება განწმენდის სივრცეში.
მიგვერეკებოდა: ჩვენ? ხელახალი დაბადებისათვის.
ჩვენი წინათგრძნობა კი დახუჭული თვალების წამწამთა ჯარში
შეკრებდა ადამის მიტოვებულ მოდგმას
და გადამფრენი ჩიტების გზით ჩვენს ყველა
მფრინავ გარდასახვას აადევნებდა.
მათ, ვისაც უყვართ არ უნდა იცოდნენ
ასე მრავალი რამ დაცემის შესახებ.
ეჰ, ტაძრის გუმბათიც საფლავის თაღია,
დაძველდეს, მარინა, საფლავი, იწვოდნენ
სიბრძნის და განცდების პირველად შეძახილს
თუ ვერ დაუხვედრეს გულები მათ ღია.
დრო შეყვარებულებს, ვით ლერწმებს გადახრის,
ჩაუწნავს გვირგვინებს თავღია საფლავში,
მაისის ნიავი გულისგულს გადახსნის,
რომ ამაოება სუნთქვაში ჩაფლავდეს.
(ო, როგორი ახლობელი ხარ მარინა,
ქალური ყვავილობა აალებულ ბუჩქის...
მე აქ ვარ ღამის ქარში
შენ რომ გეხვევა დაზაფრული.)
ღმერთები თავის მოკატუნებაში
უხსოვარი დროიდან იყვნენ გაწაფული.
ჩვენ კი ამ ჟამთა სვლაში, ვით მთვარის ორი დისკო,
ვკისკისებთ თუმცა, ახალმთვარიობისას. დამიჯერე,
ვერვინ დაგვიბრუნებს მთლიანობას,
მხოლოდღა ჩვენი ეული ნაბიჯები
ძილდამფრთხალ დედამიწაზე.