იაგანოვი: კრემლს სჭირდება ომი საქართველოსთან იაგანოვი: კრემლს სჭირდება ომი საქართველოსთან />


  20:35:36     28-12-2011

იაგანოვი: კრემლს სჭირდება ომი საქართველოსთან

a13828.jpg

ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ თავჯდომარე იბრაგიმ იაგანოვი ეთანხმება ზოგიერთი პოლიტოლოგის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ დღეს კრემლს აუცილებლად სჭირდება „მცირე, გამარჯვების მომტანი ომი“ და რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ფედერალურ ხელისუფლება ომის დაწყებაზე შეიძლება ფიქრობდეს, ეს საქართველოა.

საამისო „მიზეზები“ კი კრემლს აქვს: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ კრემლი მიიღებს კარდინალურ ზომებს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. იაგანოვი პარალელს ავლებს იმ მოვლენებთან, რომელთაც ბორის ელცინის შემდეგ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისას ჰქონდა ადგილი: „გვახსოვს ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყება, ოპერაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთში ჩაატარეს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც სამხრეთ ოსეთში ხდება... ახალი ომის საფრთხე კავკასიაში არსებობს… ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც, ფედერალურ ხელისუფლებას ომის დაწყება შეუძლია, საქართველოა. შექმნილ სიტუაციაში, კრემლს ძალიან სჭირდება „პატარა, გამარჯვების მომტანი ომი“ და ის სწორედ საქართველოსთანაა შესაძლებელი“ - ამბობს ის.

იაგანოვი არ გამორიცხავს პროვოკაციებს: „რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ უმდიდრესი გამოცდილება და ომის საბაბს ნებისმიერ შემთხვევაში შექმნიან. ნებისმიერი ცეცხლი ნაპერწკლიდან ღვივდება, შემდეგ კი ხანძარში გადადის“ - ამბობს ის.
მით უმეტეს, რომ კრემლმა 4 დეკემბრის არჩევნებით კიდევ უფრო კარგად დაინახა, რომ მას ვეღარ „უჭირავს“ კავკასია და შესაძლოა, ეს „პატარა, გამარჯვების მომტანი ომი“ კავკასიის რესპუბლიკებისთვის „სამაგალითოც“ გახდეს.

ოფიციალური მონაცემებით, მაგალითად, ყაბარდო-ბალყარეთში არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 98%-მა მიიღო, არაოფიციალურით კი მხოლოდ 8%-მა. მართალია, ყველაზე მაღალი შედეგები პუტინის პარტიამ სწორედ ჩრდილო კავკასიაში „მიიღო“, მაგრამ რეალურად, მოხდა ის, რომ ხალხი არ მივიდა არჩევნებზე.

„არჩევნებზე მხოლოდ პენსიონერები დადიან და ისიც იმიტომ, რომ ხშირად გასართობ კონცერტებს აწყობენ და ბუფეტებს“ - ამბობს იაგანოვი.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ თავჯდომარე იზიარებს და ეთანხმება ლოზუნგს „საკმარისია კავკასიის კვება“, თუმცა, ერთი შესწორებით: „საკმარისია კავკასიელი ჩინოვნიკების კვება“ - დასძენს ის, რადგან ამ რესპუბლიკებში გადარიცხული რუსული ფული, რომლითაც კრემლი იწონებს თავს და ფიქრობს, რომ ამით კავკასიას ინარჩუნებს, უშუალოდ კავკასიელ ხალხამდე არ მიდის. სწორედ ამიტომ, მაგალითად, ყაბარდო-ბალყარეთის მოსახლეობის უმრავლესობა დღეს რესპუბლიკიდან გასულია და სამუშაოს ეძებს. პროტესტი დაგროვილია ხალხში, მაგრამ ე.წ. კონტრ-ტერორისტული კამპანიის გამო, აღშფოთების ხმამაღლა გამოხატვა, თვით ყველაზე უწყინარი ლოზუნგებითაც კი საშიშია. მით უფრო, რომ რუსეთში ტერორიზმსა და ექსტრემიზმში „ეჭვმიტანილებად“ უკვე, ლამის, ლიტერატურულ ნაწარმოებებს ცნობენ. ხოლო თუ ამ კლასიფიკაციაში მოყვები, ფედერალურ „ანტიტერორისტებს“ თავისუფლად შეუძლიათ პირდაპირ ტყვია დაგახალონ შუბლში. ამიტომაც მოსახლეობა უკვე დიდ განსხვავებას ვეღარ ხედავს „ფსბ“-ს, შსს-ს თუ „ტყის ძმებსა“ და მუჯაჰედებს შორის და სახელისუფლო ძალების უფრო ეშინია, ვიდერ „ბოევიკების“, რომლებიც უფრო მეტად იცავენ რაღაც გარკვეულ წესებს.  ფედერალები კი, იაგანოვის თქმით, ოკუპანტებივით იქცევიან, თუმცა მოსახლეობა სისხლისღვრისა და ომის შიშით, ჯერჯერობით, იძულებულია, უჩუმრად შეეგუოს ამ ვითარებას.

0

ავტორი: