გიორგი XII-ის გარდაცვალება პლატონ იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისას“ მიხედვით გიორგი XII-ის გარდაცვალება პლატონ იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისას“ მიხედვით />


  13:49:36     28-12-2011

გიორგი XII-ის გარდაცვალება პლატონ იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისას“ მიხედვით

a13807.jpg

1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII. 

გიორგი XII, რომელსაც ადრე გიორგი XIII უწოდებდნენ, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ის კარგი ქრისტიანი და მლოცველი ადამიანი გახლდათ. თვითონ ბევრს ლოცულობდა, არ აკლდებოდა წირვას და ცდილობდა თავისი შვილებიც ამგვარად მოქცეულიყვნენ. 

ცხოვრებაში მინდობილი იყო ღვთისადმი. გარდაცვალების წინაც დიდი იმედით იყო აღვსილი. იცოდა, რომ მაცხოვარი არ მიატოვებდა. 

იმედი ჰქონდა, რომ მაცხოვარი მიხედავდა მის სამეფოს... სიკვდილის წინ თავისი სამწფო არ დავიწყებია. მისი თქმით მაცხოვერი იზრუნებდა სამეფოზე. რუსთა ხელმწიფე კი მიიჩნია „პატრონად ქრისტიანობისა“. ამ სიტყვებში ალბათ ჩანს, მისი იმედი, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ქრისტიანობის დამცველი იქნებოდა რუსეთის იმპერატორი... 

როგორ გაცრუვდა იმედები მეფისა... რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა გააუქმა მეფობა აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ-კახეთში). მერე მას მიბაძა მისმა შვილმა, ალექსანდრე I-მაც. გაუქმდა ჯერ მცხეთის საკათალიკოსო, მერე აფხაზეთ-იმერეთის, ქართულ ეკლესიებში აიკრძალა ქართულად წირვა-ლოცვა. საქართველოში ჩამოასახლეს არამართლმადიდებლური მოსახლეობა თურქეთიდან, რუსეთიდან... 

მეფეთა შორის დიპლომატიურ ურთიეთობაში ყველანაირი დამოკიდებულება შეიმჩნევა, მაგრამ ვერაგი ტყუილის მაგალითი, ისეთ ურთიერთობაში, რომელიც დაფუძნებულია ერთმორწმუნეობაზე, ძნელი მოსაძებნია მსოფლიო ისტორიაში. ჩვენს საწყალ, გულუბრყვილო, უკანასკნელ მეფეს ქართლ-კახეთისა, სწამდა რუსი იმპერატორების კეთილშობილება. სამწუხაროდ, პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ნდობა ძვირად ჯდება ხოლმე, თუ საკუთარი ძალები მობილიზებული არ გაქვს. 

გიორგი მეთორმეტე რომ გულწრფელი იყო რუს ხელმწიფესთან მიმართებაში, ეს მოთხრობილი აქვს პლატონ იოსელიანს თავის თხზულებაში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“. მეფის სიცოცხლის უკანასკნელ საათებში, კარგად ჩანს ქართლ-კახეთის მეფის ხასიათი და დამოკიდებულება სარწმუნოებასთან... 

ცხოვრება გიორგი მეცამეტისა 

CXLV 

27 დეკემბერს დილით მეფესა დაეკარგა მადა. არღა ინება არცა წვნიანი, არცა ჩაი პატრისაგან მომზადებული, არცღა მიიღებდა წამალსა თათულა ექიმისაგან და იოსება აქიმბაშისაგან (ყარაევისა). წყალმანკი გაძლიერდა, მოაწვა გულსა და დააწყებინა ქშენა, დროთი-დროდ მოითხოვდა ალიბუხტარის წყალსა. მაშინ მოუწოდა მოძღვარსა თვისსა წინამძღვარსა ევფთიმის; სთხოვა უკითხოს ლოცვანი ანგელოზისა მფარველისა. ავედრებდა სულსა მოძღვარსა თვისსა, რომელსაცა ესავდა დიდად, ვითარცა კაცსა წმინდასა და ქვეყნიერად ანგელოზად ხმობილსა მეფისაგან და ესრეთვე ცნობილსა ყოველთაგან. დილითვე 8 საათსა უბრძანა წაუკითხოს დაუჯდომელი, - ღვთისა დედისა ქებანი. 9 საათსა დილით დასდვეს კარავი და სწირა თვით ევთიმემან და კვალად ეზიარა მეფე დიდითა ცრემლითა დენითა და ვედრებითა. შემდგომად მიღებისა საღმრთოთა საიდუმლოთა, ხმითა ძლიერითავე სთქვა: „ხორცი და სისხლი მაცხოვრისა შემიყვანს მე სასუფეველსა. ქვეყნიერსა მე ვეღარასღა ვიტყვი. თვით მაცხოვარი იზრუნებს სამეფოსათვის, არღა ჩემისა. რუსთა ხელმწიფესა ვუტევებ პატრონად ქრისტიანობისა. იგი განაგებს ყოველსავე. - დედოფალო, ნუ სტირ ჩემთვის. იესო ჩემი ტკბილი, დაგატკბობს შენ და შვილთა ჩემთა. მოსავი ქრისტესი, არა სადა დაეცემის. - დიახ, დედოფალო! არა სადა დაეცემის“. 

საღამოს მწუხრისა ლოცვისა წინათ შემძიმდა მეფე. მოვიდა კათოლიკოსი და იამა ნახვა მისი. მობრძანდა დედოფალი დარეჯან და იამა მისიცა ნახვა. მოსთხოვა მას ხელი და ამბორ უყო. აკოცა დედოფალმან შუბლზედ. „მომიტევე დანაშაული, დედაო ჩემო, - სთხოვე ძმათაცა ჩემთა მომიტეონ ბრალი ჩემი მათთან!“ აღვივსნენ თვალნი ცრემლითა გარე მოდგომილთა მეფისა საწოლისა. შეიქმნა მსახურთა და მხლებელთა ქალთა და კაცთა გრგვინვა გულთა მწუხარეთა. „ნუ სტირიან, - ბრძანა მეფემან, - ილოცონ ჩემთვის, რათა კეთილად და სათნოდ წარვსდგეთ ღმერთთან!“ - იწყეს მწუხრი და შეიქმნა მცირედ უკეთ და მოხედვით. წაბრძანდა დედოფალი დარეჯან, წარვიდა კათოლიკოსი. დაშთა მოძღვარი და აქიმნი თათულა, პატრი ნიკოლა და ოსეფა. ღამე ესე განვლო მეფემან დუმილითა, ვითარცა მისუსტებულმან და ხშირად, ნახევრად ფხიზელი, იტყოდა: „კირილეისონ, უფალო შეგვიწყალე“. მერეთ: „ღვთისა დედაო, მიიბარე სული ჩემი!“. 

CXLVI 

28 დილით მეფესა, გონებისა არა დამკარგავსა, ულოცეს ცისკარი და მერეთ წირვაცა და 11 საათსა დილით შემდგომად ჩამოლოცვისა განუტევა სული. - ვითარცა ცხოვრება მისი იყო ქრისტიანებრი, იტყოდნენ ხშირად მუნ დამსწრენი, ეგრეთვე აღსასრულიცა მისი იყო ქრისტიანეთა ვედრებისა გვარი: „ქრისტიანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, - უფლისა მიერ თხოვილნი“* - ნამდვილ მიენიჭა მეფესა ქრისტეს მოყვარესა. 

--- 

* -  ლიტურღია იოანე ოქროპირისა ანუ ვასილისა. კვერექსი პირველი (ავტორის განმატრება)

0

ავტორი: