09:32:38     28-12-2011
ცხინვალში კრებებს მოსკოველი ჩინოვნიკები ატარებენ

ცხინვალს დამოუკიდებელი მოქმედების უფლებას აღარ მისცემენ. ამიტომ, მნიშვნელოვან კრებებსა თუ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომებს, აქ უკვე მოსკოველი ჩინოვნიკები ატარებენ.
მით უფრო, რომ განსახილველია და დასაგეგმია, როგორ ჩაივლის 2012 წლის 25 მარტს დანიშნული ხელახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ერთხელ უკვე განიცადა კრახი და „სამხრეთ ოსეთში“ სასურველი კადრი ვერ „გააპრეზიდენტა“, კრემლის მტკიცების მიუხედავად, რომ არ ერევა „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ შიდა საქმეებში, 25 მარტამდე ოკუპირებული რეგიონი მოსკოვის განსაკუთრებული კონტროლის ობიექტი გახდება. მოსკოველმა ჩინოვნიკებმა „უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე, მათთვის აქტუალური საკითხები წამოჭრეს, კერძოდ, აღარ უნდა გამეორდეს აღარანაირი „ხალხის თავისუფალი არჩევანის გამოხატვა“ და მით უმეტეს, მერე ამ არჩევანის „დაცვა“. სწორედ ასეთი „დესტრუქციული“ ქმედებების თავიდან ასაცილებლად, რუსები ცხინვალში არჩევნების „სტაბილურ და უსაფრთხო“ გარემოში ჩატარებას აპირებენ. ხოლო იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს „ფერადი რევოლუციების“ მაგვარი სცენარები, მოსახლეობის მასობრივი შეკრების ადგილებს სეპარატისტული რეჟიმის ძალოვანი უწყებები ერთიანი ძალებით გააკონტროლებენ.
უკვე მიიღება ზომები „არასასურველი ელემენტების“ ცხინვალში შეღწევის აღსაკვეთად. ამასთან, ამ კატეგორიაში „გარეშე მტრების“ გარდა, შინაურებიც მოიაზრებიან., მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ცხინვალში არ შეუშვეს იქაური ექსპერტი და ჟურნალისტი ალან პარასტაევი. ის ჩრდილოეთ ოსეთიდან მოდიოდა, თუმცა მესაზღვრეებმა ავტობუსიდან ჩამოსვეს და ქალაქში შესვლაზე უარი გაუცხადეს. პარასტაევი, რომელიც ამტკიცებს, რომ ოკუპირებულ რეგიონს ისევ კოკოითი და მისი კლანი მართავენ, თავადვე აცხადებს, რომ ასეთი დამოკიდებულებების შემდეგ, აბსოლუტურად ადექვატურია მათი ოპონენტების განცხადებები იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს კანონი და იდევნება სიტყვის თავისუფლება.
რაც შეეხება ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომას. მასში სტუმრის სტატუსით, მაგრამ გადამწყვეტი ინიციატივისა და სიტყვის უფლებით მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ვალენტინ სობოლევი, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, გენადი ბუკაევი და ასევე, რუსეთის ე.წ. ელჩი ოკუპირებულ რეგიონში ელბრუს კარგიევი. სწორედ მათი ინიცირებით, საბჭომ ე.წ. პარლამენტსა და საარჩევნო კომისიას იმ საკანონმდებლო აქტებისა და ნორმების შემუშავება დაავალა, რომლებიც მაქსიმალურად გამორიცხავენ მოსკოვისათვის არასასურველ ნებისმიერ გართულებებს და რაც მთავარია, ქმედება, რომელსაც ხელის შეშლის, ანუ „პროვოკაციის“ კვალიფიკაცია მიეცემა, უმკაცრესად დაისჯება. კონკრეტული ქმედებისთვის გათვალისწინებულ დასჯის ფორმებსაც 25 მარტამდე შეიმუშავებენ.
ცხინვალსა და მოსკოვში, როგორც ჩანს, ესმით, რომ კრემლის ასეთი აქტიური ჩართულობა მომავალი „არჩევნების“ სამზადისში, ისედაც გაღიზიანებული მოსახლეობისთვის უსიამოვნო ინფორმაცია იქნებოდა. ამიტომ, ე.წ. ოფიციალური პირები და მედიამ 4 დღის განმავლობაში მალავდნენ ცხნვალში ამ „საპატიო სტუმრების“ ყოფნისა და მით უფრო, მათი უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის ფაქტს, როცა სხვა შემთხვევებში, მოსკოვიდან ჩასული ყველაზე უმნიშვნელო თანამდებობის პირის ყოველი ნაბიჯი დღის მთავარი თემა ხდება ხოლმე.
ცხინვალის ინფორმაციის ყოფილი მინისტრი ირინა გაგლოევა ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში ჩატარებული უშიშროების საბჭოს სხდომა „რაღაც გამაფრთხილებელ სიგნალებზე მიანიშნებს“. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვითარებას ხელოვნურად ძაბავენ და თავადვე ემზადებიან ფალსიფიკაციისთვის, რათა ხალხმა აირჩიოს არა ის, ვინც თავად სურს, არამედ ის, ვისზეც მიუთითებენ.
ალან პარასტაევი კი დარწმუნებულია, რომ კრემლში, „სამხრეთ ოსეთის“ საკითხში კომპეტენტური საერთოდ არავინაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დონემდე სიტუაციას არ მიიყვანდნენ: „და ეს მეტყველებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის კრიზისზე, რომელმაც სამხრეთ ოსეთში თავისი კრეატურის ჩატარებისას, თავიდან ვერ აიცილა გართულებები“. პარასტაევის თქმით, ჰუმანიტარული დახმარებებითა და სუბსიდიებით ისეთი ლიდერების გამოკვება, როგორებიც, მაგალითად, არიან კადიროვი და კოკოითი, პრობლემებს არ წყვეტს.
0