23:35:08     27-12-2011
კობა ხაბაზი: პოლიტიკურ ვირთხებს საქართველოს შეჭმის საშუალებას არ მივცემთ!

ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის მიერ დაფინანსებულ ოპოზიციურ პარტიებს, შესაძლოა, თანხები დაუყადაღდეთ. მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი კობა ხაბაზი ითხოვს, რომ “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონპროექტსა და “სისხლის სამართლის კოდექსს” მუხლი დაემატოს, რომლის მიხედვით, „ხალხის პარტიას”, „კონსერვატიულ პარტიას”, „რესპუბლიკური პარტიასა” და „თავისუფალ-დემოკრატებს” იმ მლნ 100 ათასი ლარის ივანიშვილისთვის დაბრუნება მოუწევთ, რომელიც პოლიტიკურ ძალებს, ოლიგარქის მიერ, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაერიცხა. ხაბაზის თქმით, მისი მოთხოვნა იმით არის განპირობებული, რომ პარტიებმა უკანონო შემოსავლები არ უნდა მიიღონ და ამომრჩევლები არ უნდა მოისყიდონ. მისი შეფასებით, თანხის მოძიების თვალსაზრისით, პარტიები, არჩევნების დროს, თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩადგნენ. ამასთან, გარდა ხაბაზის ინიციატივისა, კანონპროექტი პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების მიმართულებით, შეზღუდვებს აწესებს, რომლის გათვალისწინებაც პოლიტიკურ ძალებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოუწევთ.
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რა რეგულაციები უნდა დაწესდეს? „პრესა.ჯი“-ს კითხვებს - კობა ხაბაზი პასუხობს:
-როგორ შეაფასებთ ახალ კანონპროექტს?
-ვენეციის კომისიიდან გარკვეული შენიშვნები მოვიდა და ევროპელი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, ცვლილებები მომზადდა. ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის ბოლო ორი თვის განმავლობაში არ უნდა ემზადებოდნენ. რაც შეეხება ცვლილებებს, ამ ინიციატივით, საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, ფინანსებთან დაკავშირებით წერტილი დაესმება. შეიძლება, ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხი შვეიცარიაში აქტუალური არ იყოს, რადგან ამ ქვეყანას რუსეთის მსგავსი მეზობელი არ ჰყავს, მაგრამ ეს საკითხი, ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რადგან მეზობელი ქვეყანა საქართველოში პოლიტიკური გავლენისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს. საქართველო, ამ საფრთხის წინაშე ყოველთვის იდგა და ასე იქნება მანამ, სანამ არ მოხდება არა მარტო დეოკუპაცია, არამედ, ვიდრე რუსეთს, საქართველოს შეჭმის მადა არ წაერთმევა. პოლიტიკურმა პარტიებმა უკანონო შემოსავლები არ უნდა მიიღონ, ამომრჩევლები არ უნდა მოისყიდონ, ეს იქნება ხელისუფლება თუ ოპოზიცია.
-საარჩევნო პერიოდში, კანონის მსგავსი რეგულაციები, ხელისუფლებას პრობლემებს არ შეუქმნის? იგივე, ვაუჩერებისა და კომპიუტერების დარიგების კუთხით?
-ეს მუხლები პრობლემებს არანაირად არ წარმოადგენს, რადგან მაგალითად, მე თუ მოსახლეობას ვეტყვი, რომ თუ ამირჩევთ, 100 ლარს გაჩუქებთ - ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, მაგრამ თუ მოსახლეობას ვპირდები, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბიუჯეტში მათთვის პრემიის სახით 100 ლარს გავითვალისწინებ, ეს საარჩევნო დაპირებაა. ამომრჩევლის მოსყიდვა, ორგანიზაციების, ფონდისა თუ ვინმეს ჯიბის მეშვეობით, არ უნდა მოხდეს.
-ამ პროექტის მიღებას, ოპოზიციონერი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირებენ...
-ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ფორმით ეს კანონპროექტი ივანიშვილს არ უკავშირდება, რადგან მოცემულ პერიოდში, რუსეთი ივანიშვილის მეშვეობით, საქართველოში თავის ინტერესების გატარებას აპირებს. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი რაღაც კუთხით მასაც უკავშირდება, მაგრამ მას მაინც მივიღებდით, ივანიშვილის ნაცვლად, ვინმე ~იქს~ პოლიტიკოსი რომ გამოჩენილიყო. ასევე, აღსანიშნავია ჯონდი ბაღათურიას გულწრფელი გამოსვლა. მან თქვა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას ყველა ხვრელი ამოუქოლა, რითაც შეიძლებოდა ოპოზიციას დაფინანსება მიეღო. ბატონო ჯონდი, ხვრელი და გასაძრომი ვირთხებს სჭირდება. დიახ, ყველა ხვრელი, რომელიც შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, ამოვქოლავთ. საქართველოს შეჭმის საშუალებს იმ ვირთხებს არ მიეცემათ, რომელთაც საქართველოში პარპაში სურთ.
-ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის მიერ ოთხი პოლიტიკური პარტია დაფინანსდა. მათ ანგარიშებზე 1 მლნ 100 ათასი ლარი ჩაირიცხა. თქვენ კი ითხოვთ, რომ ამ პროექტით, ამ თანხების ბედი გადაწყდეს...
-ოპოზიციამ თვითონვე დააყენა საკითხი, რომ ინიციატივას უკუქმედების ძალა ჰქონდეს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კანონპროქტის მიღებით, ამ თანხების ბედი უნდა გადაწყდეს. კერძოდ, პარტიებს, თუ ფული უკვე დახარჯული აქვთ, ამ შემთხვევაში, ამ ძალებს თანხების მოძიებას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ თუ მათ ეს თანხები გახარჯული არ აქვთ და არჩევნებისთვის შემოინახეს, მაშინ, ის იმ ადამიანს უნდა დაუბრუნონ, ვინც ფინანსები ჩაურიცხა. ეს ცვლილება იმით არის განპირობებული, რომ თანხის მოძიების თვალსაზრისით, პარტიები თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩადგნენ.
-იმ შემთხვევაში თუ პარტიები თანხებს დამალავენ, მაშინ ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება?
-მათ ამ თანხების დასაბრუნებლად გარკვეული ვადა მიეცემათ, თუმცა, თუ ამ ვადის შემდეგ, ფული პატრონს არ დაუბრუნდება და პარტიები ფინანსების არსებობის შესახებ ინფორმაციას დამალავენ, მაშინ ეს თანხები ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა ჩამოერთვათ. კარგი იქნება თუ ეს მუხლი კანონპროექტში ჩაიდება.
0