19:58:28     27-12-2011
ოსი სამხედრო ექსპერტი რუსეთის საქართველოში შემოჭრის სცენარს აღწერს

საქართველოში დაგეგმილი არჩევნების პერიოდში, ან მის შემდეგ, რუსეთი გამოიყენებს ლიბიის სცენარს საქართველოში შეიარაღებული გზით შეჭრისა და ქართული არმიის დეზორგანიზების მიზნით - წერს სპეციალურ სამხედრო ფორუმზე, Milkavkaz მომხმარებელი „ zaur“.
ზაური აღწერს, თუ როგორ შეეცდება რუსეთი მთლიანი საქართველოს დაპყრობას და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის, მათ შორის, ნინო ბურჯანაძის, ზურაბ ნოღაიდელის მოყვანას.
ზაურის ჩანაწერმა ვლადიმერ პუტინის მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის ყურადღება იმის გამო მიიქცია, რომ მისი თქმით, ხსენებული ე.წ. ნიკის ქვეშ იმალება ოსი სამხედრო ექსპერტი ზაურ ალბოროვი, რომლსაც, ილარიონოვის თქმით, როგორც ჩანს, ხელი მიუწვდება არცთუ უმნიშვნელო ინფორმაციებზე, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მან გასაოცარი სიზუსტით აღწერა რუსეთის მოსალოდნელი ნაბიჯები, რუსული ჯარების მოქმედებები, დეტალურად იწინასწარმეტყველა ის, რაც რეალურად მოხდა.
ამ ფონზე, როგორც ილარიონოვი შენიშნავს, „ზაურის“ სიტყვები „სხვანაირად“ აღსაქმელია. ზაური წერს, რომ:
„რუსეთის ფედერაციას ყველაფერი მზად აქვს ახალი ომის დასაწყებად, იგივე ТОС-1 „Буратино“-ს გამოჩენა აფხაზეთში… ჩვენთან კი ყველანაირი მშენებლობა შეჩერებულია, მათ შორის, რუსეთის საელჩოსიც. გარდა ამისა, ყველანაირი შევიწროება, რათა სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტად მოვიდეს ადამიანი, რომელიც მზად იქნება შეასრულოს რუსეთის ფედერაციის ყოველი მითითება. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველოს ოკუპაციისა და მის ხელისუფლებაში რუსეთის მარიონეტების მოყვანის შემდეგ, იმ მიზნით, რომ მათი ავტორიტეტი აამაღლონ საქართველოს მოსახლეობის თვალში, საქმე მიდგება სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე.
საერთაშორისო მხარდაჭერის ფაქტორი ნიველირებული იქნება საქართველოსთვის იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი, რომელსაც თბილისის შესასვლელებთან ძალები ეყოლება განთავსებული, შეძლებს სწრაფად, დათვლილ დღეებში დაიპყროს დარჩენილი ტერიტორია ან, მინიმუმ, იქ ქაოსი შეიტანოს.
ვფიქრობ, ყველაფერი დაიწყება ქართული ნაწილების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების, სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის მოულოდნელი დარტყმებით. პარალელურად, მეამბოხე-კოლაბორაციონისტები, რომლებსაც „გრუ“-ს მრჩევლები ხელმძღვანელობენ, შეიარაღებულ აჯანყებას დაიწყებენ… თბილისში, თავდაცვის დეზორგანიზებით რუსები სწრაფად შეიჭრებიან იმ რაიონების გვერდის ავლით, სადაც ქართული ბრიგადები და მათი შეიარაღება თავდაცვისათვის იქნება მობილიზებული. ხოლო კოლაბორაციონისტების არსებობა, რომლებიც შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ სააკაშვილის წინააღმდეგ, ან რომელიღაც „საქართველოს გადარჩენის კომიტეტი“ ივანიშვილის, ბურჯანაძისა და ნოღაიდელის ხელმძღვანელობით, რუსეთის ფედერაციას საშუალებას მისცემს, ყოველივე ეს წარმოაჩინოს, როგორც „სამშვიდობო ოპერაცია“.
როგორც ილარიონოვი თავის ბლოგზე წერს, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრისა და „გრუ“-ს მონაწილეობით „ჯაშუშთა სკანდალის“ შემდეგ, მსგავსი სცენარის გამორიცხვა დაუშვებელია. მით უფრო, რომ პუტინსა და მის კლანს, რომლებმაც თავიანთი გზა პოლიტიკური ოლიმპისკენ ჩეჩნეთის სისხლიანი კამპანიით დაიწყეს, ახლა შიდა ფრონტზე ლეგიტიმაცია სჭირდებათ.
თუმცა, ილარიონოვი არც იმას გამორიცხავს, რომ მსგავს ინფორმაციებს, შესაძლოა, სპეციალურადაც ავრცელებენ, რათა შეამოწმონ რეაქცია და შეახსენონ ირგვლივ მყოფთ, რომ რუსეთი განსაკუთრებული ქვეყანაა და საერთაშორისო ნორმების მიუხედავად, შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს.
0