2011 წელი –  „ბელა ჩაო“, ოქრუაშვილის „ზილი“, დიპლომატიური გარღვევა და კრემლის გახმოვანებული „ოცნება“ 2011 წელი – „ბელა ჩაო“, ოქრუაშვილის „ზილი“, დიპლომატიური გარღვევა და კრემლის გახმოვანებული „ოცნება“ />


  15:06:34     27-12-2011

2011 წელი – „ბელა ჩაო“, ოქრუაშვილის „ზილი“, დიპლომატიური გარღვევა და კრემლის გახმოვანებული „ოცნება“

a13791.jpg

ორი დაანონსებული რევოლუცია, არშემდგარი „მრისხანების დღე“ და ისევ ქვეყნის მთავარსარდლისთვის ჩაბარებული აღლუმი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე „ოპოზიციური რვიანი“, შემდეგ „ექვსიანი“  შედეგი კი ისევ მრავალგზის დაშლილ–გაშლილი ოპოზიცია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშტონისა და  საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლაზ სარკოზის ვიზიტი საქართველოში.

ჰოლივუდის ვარსკვლავები და კინო „რუსთაველში“ „აგვისტოს 5 დღე“–ზე ატირებული ქართული პოლიტელიტა. კანონპროექტები და მისი მიწინააღმდეგეების პროტესტი თბილისის ქუჩებში. ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშის,  ოლიგარქ ბიძინა  ივანიშვილის გამოჩენა და მასთან მოთანამშრომლე ოპოზიცია.   

ასეთია 2011 წლის პოლიტიკური მოვლენები საქართველოში.  

მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად, სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით სამი ფაქტი სახელდება,  თანმიმდევრობა კი ასეთია: წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართველის დიპლომატების ნაყოფიერი მუშაობა,  გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა და სამიტის რეზოლუციებში ტერმინ „ოკუპაციის“ გაჩენა. ამის შემდეგ, 2011 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოსახლეობის აზრით, ბიზნესმენ ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაა, მესამე პოზიციაზე კი მაისის საპროტესტო აქციებია.     

წლევანდელი წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქართული დიპლომატიისთვის. ქართველი პოლიტოლოგების შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვნ მოვლენად მინდინარე წელს სწორედ დიპლომატიური გარღვევა უნდა ჩაითვალოს. 

თუ ამ დრომდე, ორგანიზაციები თავს იკავებდნენ დოკუმენტებში აღნიშვნისგან, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%–ის ოკუპაცია მოახდინა და ეთნოწმენდა განახორციელა, წელს ამ ტერმინების ღიად თქმა და დოკუმენტებში ჩაწერა არავის გასჭირვებია.

ეს ტერმინები კი  ამერიკის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღინიშნა, სადაც მითითებულია, რომ დასავლეთი არ შეეგუება 21–ე საუკუნეში ოკუპაციის დაკანონებას. ანალოგიური პათოსი ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და ბალტიისპირეთის საკანონმდებლო ორგანოებმაც გაიზიარეს.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ოკუპაციის ღიად დაგმობა საერთაშორისო თანამეგობრობის დამკვიდრებულ ტერმინშიც აისახა: რამდენიმე აღმოსავლეთევროპული ქვეყნის კვალდაკვალ ტერმინი „ოკუპაცია“ ვაშინგტონის ოფიციალურ განცხადებებშიც გაჩნდა.  ,,ოკუპაციის“ ცნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის რეზოლუციაშიაცაა ასახული, რომელიც ასამბლეამ ლისაბონის ისტორიულ სამიტამდე, ვარშავაში მიიღო. პირველად ასამბლეამ თავის დოკუმენტში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ,,ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოიხსენია და ტერმინი ,,ეთნიკური წმენდა' დააფიქსირა.

მაშინ, როდესაც ქართველი დიპლომატები ცდილობდნენ მსოფლიოს ღიად დაეფიქსირებინა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სისასტიკე და ყველაფრისთვის თავის სახელი დაერქმია, ქვეყნის ოპოზიიციის რადიკალური ფრთა საქართველოში რევოლუციებს აანონსებდა.

ყველაფერი კი ნინო ბურჯანაძისა და „სახალხო კრების“ რამდენიმეკვირიანი ანონსებით დაიწყო.  ბურჯანაძე, „სახალხო კრება“ და „ქართული პარტია“ ერთდროულად გეგმავდნენ რევოლუციას ქვეყანაში, თუმცა სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ლიდერების მეთაურობით.

ირაკლი ოქრუაშვილი პარიზიდან გეგმავდა „ზილით“ ჩამოსვლას, ხოლო ნინო ბურჯანაძეს მიტინგზე „გრუს“ იმედი ჰქონდა. რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციები ჯერ კოსტავასა და შემდეგ რუსთაველის გამზირზე ამ ოპოზიციური ძალის კრახით დასრულდა. პროვოკაციაზე წასული ნინო ბურჯანაძე, რომელსაც სთხოვეს 26 მაისს მომიტინგეებთან ერთად „დედა ენის“ ბაღში გადანაცვლებულიყო, მერიის წარმომადგენელთა თხოვნას არ დათანხმდა. აქცია კი 25 მაისის შემდეგ არასანქცირებულად ითვლებოდა.  ამის გამო  აქცია დაშალეს იქ, სადაც მეორე დღე ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმი უნდა ჩატარებულიყო.

26 მაისის შემდეგ, რამდენიმე დღე არ გამოჩენილა ნინო ბურჯანაძის მეუღლე და აქციების მთავარი ორგანიზატორი ბადრი ბიწაძე. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ  ბიწაძე ბოლნისში იმყოფებოდა, რამდენიმე დღეში კი ქვეყანა დატოვა და ცხინვალ–მოსკოვის გავლით თავი ავსტრიას შეაფარა, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

მეორე დღეს აღლუმი კოტე გოგელიას უნდა ჩაებარებინა – ეს უკვე „ქართული პარტიის“ გეგმის ნაწილი იყო. თუმცა არც კოტე გოგელია უნახავს არავის თბილისის აეროპორტში  და არც  „ზილზე“ ამხედრებული ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალის მისადგომებთან.

მოგვიანებით ოქრუაშვილმა ყველაფერი ლევან გაჩეჩილაძეს დააბრლა და განაცხადა, რომ „გრეჩიხა“ მის გეგმებს ხელისუფლებასთან ახმოვანებდა.  

ამის გამო „გრეჩიხა“ „ქართული პარტიიდან“ დაპანღურებული იქნა, რის გამოც რამდენიმე საათი ისევ რუსთაველზე გაატარა. „გრეჩიხას“ ნინო ბურჯანაძესთან კოცნა–ჩახუტებამაც ვერ უშველა, რის გამოც დროებითი ტაიმ–აუტის აღება მოუწია.   

მაშინ, როდესაც რადიკალები  ქვეყანაში რევოლუციას გეგმავდა, რვა ოპოზიციური პარტია საარჩევნო კოდექსის დახვეწა–გაუმჯობესებაზე მუშაობდა. ათთვიანმა მუშაობამ ვერ გაამართლა, რის გამოც „რვიანი“ „ექვსიანი“ გახდა. გაერთიანება „ქრისტიან–დემოკრატებმა“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ დატოვეს.  მაშინ „რვიანის“ „ექვსიანად“ გადაკეთების მიზეზად ისიც დასახელდა, რომ გაერთიანებაში შემავალი რამდენიმე პარტია ითხოვდა ქუჩის აქციებში მონაწილეობას და „რვიანის“ გაფართოებას მასში რევოლუციური პარტიების შეყვანის გზით.

საბოლოოდ, ვერც „ექვსიანის“ მუშაობამ გაამართლა. საბოლოდ კი ხელისუფლება „ახლებისა“ და „ქრისტიან დემოკრატების“ წინადადებებს დათანხმდა, რომლის შედეგადაც დეპუტატთა რიცხვის 150-დან 190-მდე გაზრდა გადაწყდა. ასევე   შეიქმნება ახალი მაჟორიტარული ოლქები, საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით შეიქმნება კომისია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებას გაზრდის.  

 2011 წლის მნიშვნელოვან მოვლენათა ხუთეულშია საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლას სარკოზის ვიზიტი საქართველოში.  სარკოზიმ, რომელიც თბილისში ოთხ მინისტრთან ერთად ჩამოვიდა, ქართველ ხალხს თავისუფლების მოედნიდან მიმართა. მან გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსადმი და განაცხადა, რომ ის, როდესაც თბილისის ერთ–ერთ მოედანზეა, თავი ევროპაში ჰგონია.  

სარკოზის ვიზიტს მოჰყვა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენი ვიზიტი საქართველოში.

რამდენიმე წლის წინ ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რასმუსენმა უკვე თბილისში ყოფნის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ თქვენ სწორ გზას ადგახართ და რეფორმები უნდა გაგრძელდეს.  საქართველო ახლა ძალიან ახლოს დგას ნატოსთან და რომ ნატო საქართველოს რეფორმების გზაზე დაეხმარება“–განაცხადა რასმუსენმა საქართველოში ვიზიტისას.

 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალშია ცვლილებები კანონში, რომელიც 5 ივლისს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა და რომელიც ყველა რელიგიურ გაერთიანებას აძლევს შესაძლებლობას, დარეგისტრირდნენ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. აქამდე ამის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა. მიდმინარე წელს საქართვალოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით ეს პროტესტი ქუჩაშიც გადავიდა, თუმცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განცხადების შემდეგ, პროტესტი შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ კანონი ეხება რელიგიური უმცირესობებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას. აქამდე არსებული კანონმდებლობით რელიგიურ უმცირესობებს, იმისათვის რომ იურიდიული სტატუსი მიეღოთ, შეეძლოთ დარეგისტრირებულიყვნენ როგორც კერძო სამართლის არაკომერციული ერთეული. 

წლის ბოლოს კი  ქართული საზოგადოება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის მომსწრე გახდა. ბიზნესმენმა, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, 5 ოქტომბერს მოულოდნელად განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში ერთვება.

ისიც გაირკვა, რომ ოლიგარქს სამი წელია გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და გოგა ჩრდილელის დახმარებით ხელისუფლებას „აჯერებდა“ არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლასო.  

ოლიგარქმა პირველივე განცხადება მედიაზე თავდასხმით დაიწყო. მან  ოპოზიციური ტელეარხების შეძენის სურვილი გამოთქვა, რაზეც ღიად ორივე ტელეკომპანიისგან უარი მიიღო.  მოგვიანებით კი გაირკვა რომ „მაესტროს“ ხემლძღვანელების საჯარო უარი ოლიგარქის შეთავაზებაზე „არას“ არ ნიშნავდა ფა რომ ისინი ოლიგარქთან ტელეკომპანიის დროებით „გასხვისებაზე“ მოლაპარაკებებს მართავდნენ.  

ივანიშვილმა თავის ღია წერილებში მოუწოდა ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომ მის გუნდში გადასულიყვნენ, რასაც უპარტიოდ, ან უპერსპექტივოდ დარჩენილი ოპოზიციის წარმომადგენლები დათანხმდნენ კიდეც.

წლის და საუკუნის „მოვლენად“ შეიძლება ჩაითვალოს ასევე  ფინანსურად და რეიტინგულად გაკოტრებული ოპოზიციური პორტიების ანგარიშზე მილიონის გამოჩენა. წინა საახალწლოდ ეს საჩუქარი „სანტასგან“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „რესპუბლიკელებმა“, ზვიად ძიძიგურის „კონსერვატორებმა“ და კობა დავითაშვილის „ხალხის პარტიამ“ მიიღეს.

მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც 2011 წელს მოხდა, თავის მხრივ 2012 წელსაც გაგრძელდება. მომდევნო წელი არჩევნების წელია, სადაც ერთმანეთის პირისპირ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის კოალიცია აღმოჩნდება.

ამიტომ არავის იქნება მოულოდნელი, რომ 2012 წელს მმართველი გუნდის მხრიდან აქცენტი საშინაო პოლიტიკაზე გაკეთდება და სრულიად ოპოზიციური სპექტრი საპარლამენტო არჩევნებზე იქნება მობილიზებული. არჩევნებზე რომელსაც დიდი ინტერესით ელოდება ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, საზოგადოებაც და რუსეთის პოლიტ–ელიტაც.  ერთზე კი ყველა თანხმდება, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ევროპული გზით განვითარებასა და „რუსულ ოცნებებს“ შორის მოუწევს.   

0

ავტორი: