მონიკა ბელუჩი - მეორე სოფი ლორენი მონიკა ბელუჩი - მეორე სოფი ლორენი />


  14:37:14     27-12-2011

მონიკა ბელუჩი - მეორე სოფი ლორენი

a13788.jpg

"შესანიშნავად მესმის: იმისთვის, რომ აღარ აღმიქვან როგორც მხოლოდ ლამაზი ქალი - ლამაზი ფიგურით, გამუდმებით უნდა ვამტკიცო, რომ კიდევ შემიძლია რაღაც. როცა ადამიანები მომხიბვლელ ქალს ხედავენ, ფიქრობენ, რომ აუცილებლად ცრუპენტელა უნდა იყოს. მას შემდეგ, რაც 15-16 წელი შემისრულდა, ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ ტვინი ნამდვილად მქონდა. ახლა კი სულ ერთია. თუ ძალიან გინდათ, იფიქროთ, რომ სულელი ვარ, იფიქრეთ. ყველას გულს ხომ ვერ მოიგებ?!"

“მეორე სოფი ლორენს” უწოდებენ...

ნამდვილი კინოჯადოქარი - არამარტო ამოუცნობი ქალი, გარშემორტყმული საყოველთაო სიყვარულით, არამედ კინოჯადოქარი - პირველ რიგში, სხეულის მაგიით. სხეული კი, როგორც ცნობილია, ყოველთვის არ ემორჩილება გონებას. აქედან მოდის ის გაუთავებელი ბრძოლა, რომელშიც ჩაებმებიან ხოლმე მსახიობები, ბრძოლა სტერეოტიპთან, რომელიც მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს უკავშირდება - მაყურებელს ჯიუტად არ სურს სილამაზის სხვა რამესთან გაყოფა.

მონიკა ბელუჩი დაიბადა 1968 წლის 30 სექტემბერს, უმბრიაში. მის გაჩენას მთელი სანათესავო მოუთმენლად ელოდა. რადგან უფრო ადრე ექიმებს დედამისისთვის განუცხადებიათ: უნაყოფო ბრძანდებიო.

აი, ასე, მედიცინის კანონების დარღვევით მოევლინა მონიკა ქვეყნიერებას. მოგვიანებით, ეს ბუნებრივი თვისება - გააკეთო შეუძლებელი - ძალიან გამოადგა მსახიობს.

ბავშვობიდან ოჯახის სიყვარულით იყო გარემოცული და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მდიდრები არ იყვნენ, დედ-მამის ზრუნვა დანაკლისს არასდროს აგრძნობინებდა. სხვებივით მახინჯი იხვის ჭუკიდან გედად არ გადაქცეულა, სკოლიდანვე იპყრობდა მისი სილამაზე  კლასელებისა და მასწავლებლების ყურადღებას, მაგრამ ცალტვინა და უნიჭოაო, არავის უთქვამს, ამის საბაბი მონიკას არასდროს მიუცია. საკმაოდ ბეჯითად სწავლობდა, ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ საარსებო საშუალებების დანაკლისს მხოლოდ კარგი განათლება თუ აანაზღაურებდა.

1986 წელს პერუჯას უნივერსიტეტში ჩაირიცხა - მიზნად იურიდიული განათლების მიღება ჰქონდა. სწავლის ფული რომ ეშოვა, ჯერ მიმტანად მოეწყო პიცერიაში, შემდეგ კი, მეგობრების რჩევით, სამოდელო სააგენტოსაც მიაკითხა. სწორედ მოდელის კარიერამ მოიყვანა ის კინოში.

1987 წელს მონიკა ბელუჩი მილანში ყველაზე პრესტიჟულ სააგენტო “ელიტში” მიიწვიეს.

ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ერთ-ერთი ცნობილი მოდის სახლის მენეჯერები ფირმის სახეს-სიმბოლოს ეძებდნენ. დოლჩე და გაბანამ სწორედ მონიკა აირჩიეს. განთქმულ დიზაინერებთან მუშაობამ ნაყოფი მალე გამოიღო, მონიკას სახე რეგულარულად ჩნდებოდა ცნობილი გამოცემების გარეკანზე.

არმანი, ვალენტინო - ყველაზე ცნობილი "სახლის" კარები გაიღო მონიკასთვის.

პროფესიონალი მოდელის გამოცდილება მოგვიანებით ძალიან გამოადგა კინოში, როცა თავისუფალი მოძრაობა და კამერის წინ უშიშრობა გახდა საჭირო:

"ჩემთვის ძალიან ადვილია ის სცენები, სადაც არაფერი მაცვია. სიშიშვლე სუფთაა, მასში რაღაც ჯადოსნურია”.

მონიკამ ძალიან კარგად იცის თავისი გარეგნობის ღირსებაცა და ნაკლიც და, როგორც ნამდვილი ვარსკვლავი, იცის, როგორ აჩვენოს თავი ეკრანზე საუკეთესოდ: "როცა ვლაპარაკობ, ხომ ვერ ვხედავ, როგორ ვამოძრავებ სახეს, კინო კი ამას მაჩვენებს - ამიტომ, ძალიან ბევრ რამეს გაგებინებს საკუთარ თავზე".

უხუცეს იტალიელ რეჟისორ დინო რიზის (“ქალის სურნელი”) თამამად შეიძლება კინოში მონიკა ბელუჩის ნათლია ვუწოდოთ. გოგონას სახე რეჟისორს ჟურნალის ყდაზე მოეწონა და ფილმში გადასაღებად მიიწვია. შესაძლოა ამ დებიუტს გამოხმაურება და გაგრძლება არც მოჰყოლოდა, მაგრამ, ასეა თუ ისე, ლეგენდის მიხედვით, მის ფოტოს ფრენსის კოპოლას ნათესავის ყურადღებაც მიუპყრია და რეჟისორი მის ფილმში გადაღებაზეც დაუთანხმებია. ასე მიიღო 1992 წელს მონიკა ბელუჩიმ როლი, რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა, და ეს იმის მიუხედავად მოხდა, რომ ეპიზოდი პატარა და თანაც უსიტყვო იყო - დრაკულას ერთ-ერთი საცოლე:

"მე იმიტომ კი არ მიმიწვიეს, რომ არაჩვეულებრივი მსახიობი ვიყავი, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ისე გამოვიყურებოდი, ამის შემდეგ მძიმე შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ ადამიანები კიდევ რამით დამეინტერესებინა.”

მოდელისა და მსახიობის კარიერას მონიკამ უნივერსიტეტში სწავლაც შეწირა და მომდევნო სურათზე შემოთავაზებას ის საფრანგეთში ჩამოჰყავს. ფილმი “ბინა” მისი, როგორც მსახიობის, აღიარების დასაწყისი იყო, როლისთვის პრესტიჟული ევროპული პრემია “სეზარიც” მიიღო. გარდა ამისა, მონიკას პარტნიორი ცნობილი მსახიობის შვილი - ვინსენ კასელი იყო, რომელიც მოგვიანებით მისი ქმარი გახდა.

ვინსენი, მსახიობი-ინტელექტუალი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპელი არტისტი, რომელიც მეგობრობდა არაკომერციული კინოს რეჟისორებთან და მსახიობებთან. მონიკა უკვე ირჩევდა ფილმებს და მხოლოდ საუკეთესოზე თანხმდებოდა: ასე გადაიღეს “დობერმანში”, მართალია, ყრუ-მუნჯი ბოშა ქალის როლი იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მილიონობით მაყურებლისთვის, რომ მონიკა საბოლოოდ შეყვარებოდა. ეს იყო პირველი სერიოზული პროფესიული გამოცდილება, ამის შემდეგ ფრანგულ კინოში მისთვის კარი ფართოდ გაიღო. 

2002 წლის კანის ფესტივალის სენსაციად გასპარ ნოეს სურათი - “გარადაუვალი” იქცა. მაშინ პიკანტური სცენის გამო, ინტერვიუში მონიკამ განაცხადა: ასე შორს არასდროს წავსულვარ მსახიობთან და მიხარია, რომ ეს ჩემს ქმართან მოხდაო. სწორედ ამ ფილმის შემდეგ გავრცელდა ჭორები ცოლ-ქმარს შორის გაუცხოების თაობაზე.

მონიკა ბელუჩი ინტუიციით ირჩევს ისეთ ფილმებს, რომლების გრძნობების ჩვენების მის ნიჭს ეპასუხება. სახელგანთქმული “მალენა”, ფილმი, რომელმაც მონიკას მსოფლიო აღიარება მოუტანა, ყველაზე კარგად ასახავს მის სახეს. პერსონაჟი გერმენელების მიერ ოკუპირებულ იტალიაში რჩება და იძულებულია, დამპყრობელი ოფიცრების კეთილგანწყობა მოიპოვოს, მათთან იყოს, რის გამოც ყველას სიძულვის, გაკიცხვას და უკმაყოფილებას იმსახურებს.

მონიკას სილამაზე გამომწვევად გულწრფელია და კინო იყენებს ამას. და თუ ვინმე ჯერ კიდევ მხოლოდ მოდელად თვლის, ჩანს, ვერ დაუნახავს მასში განუმეორებელი ორგანულობა; თვისება, რომელიც ბელუჩის სხვა მსახიობებთან მეტოქეობის საშუალებას აძლევს.  "ამერიკაში მეტი ასისტენტი გყავს, საჭმელიც უკეთესია იმიტომ, რომ ფულია მეტი, მაგრამ კამერის წინ - ყველაფერი ერთია, ყველაფერი გარეშე მნიშვნელობას კარგავს".

“ახლა, თუ ქალი ვნებით სავსეა და ყველაფერს ცოცხალს ირგვლივ აღელვებს, რატომღაც დანაშაულის გრძნობა ეპარება. რატომ? ნამდვილი სილამაზე და ნამდვილი ვნება კანონებსა და ნორმებს არ ემორჩილება, ამაზე მაღლა დგას. ჯინა ლოლობრიჯიდა დამნაშავედ გრძნობდა თავს? ან სოფი ლორენი? მართალია სხვადასხვა სილამაზე აქვთ და სხვადასხვა მეთოპდიც, რომ სექსუალურად გამოიყურებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ორი მსახიობი ყოველთვის შთამაგონებდა, და ბედნიერი ვარ, რომ რეჟისორები იტალიელ ქალებს სწორედ ასეთად - ძლიერებად, ამაყებად და მგრძნობიარეებად წარმოადგენენ და როლებზე მე მიწვევენ. რეალურ ცხოვრებაში კი სულაც არ ვარ ასეთი და ზოგჯერ საკუთარ თავს უსუსურადაც ვგრძნობ”.

“სილამაზე ყველაფერი სულაც არაა, მეგობარო. დიახ, სილამაზე ცხოვრებას ამარტივებს, მაგრამ ხშირად ართულებს კიდეც. ამიტომ ცოტაა მისი ფლობა, მისი გამოყენებაც უნდა ისწავლო. სხვაგვარად გამოვა “ფერარი” მძღოლით, რომელმაც გუშინ აიღო მართვის მოწმობა - ლამაზია მანქანა, მაგრამ აუცილებლად ბოძს დაეჯახება”.

ბოლო ნამუშევრები:

მატარებელი 1:30 (2010);

პიპა ლის პირადი ცხოვრება (2009);

არ მობრუნდე(2008); ცოფიანი სისხლი (2008);

გულის ტანგო (2007);

მეორე სუნთქვა (2007);

ესროლე (2007);

სიყვარულის სახელმღვანელო: ისტორიები (2007);

მე და ნაპოლეონი (2006);

შაითანი (2006);

როგორია შენი ფასი? (2005);

ძმები გრიმები (2005);

მას ვძულვარ (2004);

საიდუმლო აგენტები (2004);

ქრისტეს ვნებანი (2004);

მატრიცა 3: რევოლუცია (2003);

სინდბადი: 7 ზღვის ლეგენდა (2003);

მატრიცა 2: გადატვირთვა (2003).

მოამზადა სოფიო გულიაშვილმა

წყარო

0

ავტორი: