აფხაზი ჩინოვნიკი, რომელიც ადრე თხებს მწყემსავდა... აფხაზი ჩინოვნიკი, რომელიც ადრე თხებს მწყემსავდა... />


  15:52:37     26-12-2011

აფხაზი ჩინოვნიკი, რომელიც ადრე თხებს მწყემსავდა...

a13763.jpg

მიმდინარე წლის ზაფხულში, როცა შავიზღვისპირეთში საკურორტო სეზონი იდგა და სოხუმს, მეტ-ნაკლებად, ბევრი რუსი სტუმრობდა, რუსული მედია განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა აფხაზეთის მიმართ. იმდენად, რომ აფხაზ ჟურნალისტებს რუსი კოლეგებისთვის სპეციალური მიმართვის გაგზავნაც კი დასჭირდათ, რათა გაერკვიათ, თუ რა საფუძველი ჰქონდა აფხაზების მიმართ შეურაცხმყოფელი სტატიების მთელ კასკადს… პრინციპში, მიზეზები საყოველთაოდ ცნობილი იყო, - რუსი ტურისტების მიერ დანახული არასტუმართმოყვარეობა, „არარუსთმოყვარეობა“, რუსებისათვის უძრავი ქონების მიყიდვაზე უარის თქმა…
დღეს ეს ტენდენცია ისევ მეორდება, მიზეზები კი მატულობს. რუსებს უხსნიან, რომ აფხაზებს არასოდეს ჰყვარებიათ რუსეთი, მათ უსაქმურებად და ნაციონალისტებად მოიხსენიებენ, თავად აფხაზეთს კი „მკვდრების ქვეყანაც“ უწოდეს.

„ჩანაწერები „მკვდრების ქვეყნიდან“ - ასეთი სათაურით თავის „აფხაზურ შთაბეჭდილებებს ჟურნალისტი აფანასი გლებოვი აღწერს, რომლის ერთ-ერთი წერილიც აფხაზეთის შესახებ, „პრესა.ჯი-მ“ ცოტა ხნის წინ უკვე შემოგთავაზათ.

გლებოვის დაკვირვებით, რუსეთში სულ ტყუილად იმედოვნებენ, რომ აფხაზები რუსეთს მიმართ მისტიური  სიყვარულით არიან განმსჭვალულნი. „სინამდვილეში, რუსები აფხაზეთში არასოდეს ჰყვარებიათ.  განსაკუთრებით არ უყვარდათ „კოლონიზატორები“ იმის გამო, რომ მათ საბოლოოდ გააუქმეს ამ მხარეში მონებით ვაჭრობა“ - წერს გლებოვი და რუსებისა და აფხაზების ურიერთობის ისტორიიდან გამომდინარე ასკვნის, რომ აფხაზების რუსებისადმი სიძულვილს ისტორიული საფუძვლები აქვს.
რაც შეეხება დღევანდელობას.
რუსეთისადმი აფხაზების სიძულვილი, რუსი ჟურნალისტის აზრით, „ფაქტებითაა გამყარებული“. მაგალითად, იმით, რომ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვით აფხაზების (და არა სხვა ეროვნებების) მხოლოდ 10,4% სურს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ხოლო გალის რაიონში მცხოვრები ქართველი-მეგრელებიდან ასეთი სურვილი, გლებოვის მტკიცებით, 36% გამოუთქვამს. რუს ჟურნალისტს ამისი ახსნაც აქვს: გალელები აფხაზების განუკითხაობისგან დაიღალნენ და „მკაცრი რუსული ხელისუფლება ურჩევნიათ, ვიდრე, საერთოდ, უხელისუფლებობაო“…

„მკვდრების ქვეყნის“ ჩანაწერების ავტორი იხსენებს, როგორ მასობრივად გაყარეს აფხაზებმა რუსები სახლებიდან - თავიანთი „ბარბაროსული“ კანონების საფუძველზე, მერე მედიაში აფხაზური უძრავი ქონების რუსებისათვის თაღლითურად მიყიდვაზე დაიწერა, ბოლოს კი აფხაზი ნაციონალისტების მოთხოვნის თანახმად, გადაწყდა, შეწყვეტილყო  რუსეთისთვის კურორტების უანგაროდ გადაცემა - იგულისხმება ობიექტები, რომლებიც რუსულ არმიას გადასცეს, იმ არმას, რომელიც, გლებოვის „უანგაროდ იცავს აფხაზეთს გარე მტრებისგან“.

ამ კონტექსტში აქვს ავტორს ნახსენები სოფელი აიბღაც, რომელიც რუსებმა და აფხაზებმა ჯერ ვერ გაიყვეს. ამ საკითხისადმი აფხაზების დამოკიდებულებას კი რუსი ჟურნალისტი ასე აღწერს: „რა, ძაღლები (ქართველები) გავყარეთ და ახლა ღორებს მივცეთ ყველაფერი? ეტყობა, თვლიან, რომ თავად, ნექტარსა და ამბროზიას აფრქვევენ“.

როგორც გლებოვი გვიყვება, ერთხელ ერთი აფხაზი ჩინოვნიკისთვის, რომელიც „გამათავისუფლებელ ომამდე, მთიან სოფელში თხებს აძოვებდა“, უკითხავს:

„თქვენ ბევრს ლაპარაკობთ აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებაზე. მაგრამ ვინ უნდა იმუშაოს? მონობა გააუქმეს, ქართველები გაყარეთ, რუსები და ყველანი, თითქმის, წავიდნენ თქვენგან… ჩინელებს შემოიყვანთ თუ რა?“

„სწორედ ამიტომ დავიტოვეთ სომხები, - წამიერი დაფიქრების შემდეგ მიპასუხა ჩინოვნიკმა-თხის მწყემსმა“ - წერს გლებოვი.

მისივე თქმით, ზოგიერთ სომხურ სოფელში მზის ჩასვლის შემდეგ, მოსახლეობა, გარეთ გასვლისგან თავს იკავებს. რადგან ეშინიათ ბანდიტებისა, რომლებიც რეგულარულად კრეფენ ხარკს იმის სანაცვლოდ, რომ სხვა ეროვნებებს „ძირძველ აფხაზურ მიწაზე“ ცხოვრების უფლება მისცეს.

ხარკს იღებენ გალის ქართველი-მეგრელებისგანაც. აქ მოქმედებს თხილის მაფია, რომელიც ადგილობრივებს მოსავლის 80% ართმევს. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ავტომატის ლულის მუქარით ჩაგაგდებენ ავტობუსში და გაურკვეველი მიმართულებით წაგიყვანენ, - ისე დაგმალავენ, რომ შენს ძვლებსაც ვერავინ იპოვის - ამბობს რუსი ჟურნალისტი.

გლებოვის დასკვნით, ალბათ, სიტყვა „აფსნი“ თარგმანში ტყუილად არ ნიშნავს „მკვდართა ქვეყანას“, თუმცაღა მიმნდობი რუსი ტურისტები მაინც  იხიბლებიან  „გარეგნულად მომღიმარი აბორიგენების გაუგონარი კეთილშობლებით“, რომლებსაც გულში, რუსებისადმი სიძულვილის მეტი არაფერი უდევთ.

0

ავტორი: