ოდრი ჰეპბერნის მარადიული სილამაზე ოდრი ჰეპბერნის მარადიული სილამაზე />


  13:59:19     26-12-2011

ოდრი ჰეპბერნის მარადიული სილამაზე

a13752.jpg

არსებობენ ქალები, რომელთა სილამაზე უკვდავია, ვისი გრაცია და აუხსნელი ხიბლი უეჭველია. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მათ მშვენიერ ქალბატონებს უწოდებენ, ხან კი სპეტაკი სილამაზის გენიოსებს დაარქმევენ ხოლმე.

ოდრი ჰეპბერნი ერთ-ერთი მათგანია – თხელი, სიფრიფანა, დახვეწილი, ნაზი, როგორც მინდვრის ყვავილის არომატი ან გაზაფხულის ნაზი ნიავი.

გგონია, რომ ასეთი ლამაზმანების ცხოვრება სიამოვნებისა და გამარჯვებების მთელი წყებაა.

მაგრამ ასეა კი სინამდვილეში?!.

* * *

...Andrey Kathleen Hepburn Ruston

1929 წლის 4 მაისს ბრიუსელში დაიბადა. მსოფლიოში სასტიკი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. გერმანიაში ხელისუფლებისკენ ილტვოდნენ ნაცისტები, საბჭოთა კავშირში “დიდი გარდატეხა” მიმდინარეობდა. 

ჯონ ვიქტორ რასტონ-ჰეპბერნისა და მისი მანერული ლამაზმანი მეუღლის ელა ვან ჰეემესტრას შეეძინა გოგონა, რომელსაც ოდრი კეტლინი დაარქვეს. 

ოდრის დედა ძალაუფლებისმოყვარე, სისუსტეების მიმართ შეურიგებელი, მაღალი საზოგადოების ქალბატონი იყო. არისტოკრატი სულითა და სისხლით, არ ითმენდა შეწინააღმდეგებას.

ბავშვობიდან ოდრის ესმოდა: “ნამდვილი ქალბატონის წონა არ შეიძლება 46 კილოგრამზე მეტი იყოს!” ყველა, ვინც მოგვიანებით მისი ბრწყინვალებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა ალბათ არც კი დაფიქრებულა, რა ძვირად უღირდა იდეალური აგებულება.

მკაცრმა დედამ და რბილმა მამამ მაინც ვერ შეძლეს მყარი კავშირის შექმნა - 1930-იანების შუა წლებში ოდრის მშობლები გაიყარნენ. გოგონა ძალიან მძიმედ განიცდიდა მამის ოჯახიდან წასვლას, რადგან სწორედ მისკენ მიილტვოდა, კეთილისა და გამგებისკენ და არა ცივად-არისტოკრატული დედისკენ. 

გაყრის შემდეგ ელა ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკში ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად. ოდრის დედა თავისი ერთადერთი ბავშვის მხოლოდ სილამაზეზე კი არ ზრუნავდა, ყველაზე პრესტიჟული აღზრდაც მისცა.

ქალბატონი ვან ჰეემესტრა ალბათ არც კი ვარაუდობდა, რომ ევროპაში გამძვინვარებული ომი ყველა მის გეგმას ჩაშლიდა.

გერმანული ოკუპაციის დროს არისტოკრატი ქალი ძალიან გონივრულად და წყნარად იქცეოდა – თავისი “ზედმეტად ინგლისური სახელი” ელაც  კი ტევტონურო ედათი შეცვალა. ვან ჰეემსტრას მამაკაცები კი სხვაგვარად იქცეოდნენ – ყოველი მათგანი წინააღმდეგოს მოძრაობაში ჩაერთო. მოგვიანებით ოდრი მოყვება, როგორ გამუდმებით შიოდა ომის დროს.

ომის შემდეგ გოგონა ძლივს მოვიდა აზრზე, გადატანილი შოკის შემდეგ, კონსერვატორიაში სასწავლებლად მიემგზავრება და კლასიკური ცეკვის გაკვეთილებსაც იღებს. სარკეში იყურებოდა და ერთადერთ რამეს ხედავდა – ძნელად დასაჭერ მსგავსებას თავის კერპთან - ანა პავლოვასთან!

თუმცა, არც მუსიკა და არც ბალეტი საბოლოოდ არ გახდა მისი მოწოდება. ჰეპბერნმა თავისი ძალის მოსინჯვა კინოხელოვნებაში გადაწყვიტა. კინოკარიერა ევროპაში დაიწყო და რამდენიმე პატარა, უმნიშვნელო როლი შეასრულა.

ოდრი მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როცა 1951 წელს თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიიღო – ერთ-ერთ ინგლისურ ფილმში ბალერინა უნდა შეესრულებინა. ამის შემდეგ დამწყები მსახიობი ბროდვეულ წარმოდგენაზე – “ჟიჟი” – მიიწვიეს. ეს პარიზელი კურტიზანი ქალის ისტორია იყო, თუმცა ნორჩმა ოდრიმ ისე შესთავაზა მაყურებელს ეს როლი, რომ პიესის ავტორი – ქალბატონი კოლეტიც კი აღაფრთოვანა.

საკვანძო მომენტი მის კარიერაში “რომაულ არდადეგებში” მონაწილეობა იყო. დედისგან მემკვიდრებით მიღებული არისტოკრატული გრაციის წყალობით, ოდრიმ იდეალურად მოირგო პრინცესის როლი. მისი დახვეწილი მანერები, შესანიშნავი წელი, შეშინებული და მიამიტი გოგონას ფართოდ გახელილი თვალები - «ბემბისავით თვალების აქვს!» - გაყვიროდნენ აღტაცებული ამერიკელი რეპორტიორები.

ცოტა უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ მარჯვე ლამაზმანი ჰეპბერნი თავს “ცუდად” თვლიდა – ზედმეტად ცრუპენტელად, სულელად, აუტანლად მსუქნად და გამოუსადეგრად! რაც უნდა გაეკეთებინა, როგორაც უნდა შეექოთ კრიტიკოსებს, ყოველთვის ახსენდებოდა დედის უკმაყოფილო სახე...

თუმცა ყველაფერი კარგად მიდიოდა, “კონკიას” მომდევნო ისტორია “საბრინაში” კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ოდრის.

კინოეპოპეა “ომი და მშვიდობა”, რომელიც იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა, ძალიან ბევრისთვის მხოლოდ იმიტომ გახდა ღირებული, რომ მასში ნატაშა როსტოვას ოდრი თამაშობდა. შემდეგ იყო “საუზმე ტიფანისთან”. ამ ფილმა ტიფანის საიუველირო სახლს გაუგონარი პოპულარობა მოუტანა.

რეკლამა გაუკეთდა ქალური ელეგანტურობის სიმბოლო “პატარა შავ კაბასაც”. შეიძლება ითქვას, რომ ამ სურათში ოდრის წარმატების შემდეგ, კოკო შანელის ქმნილებამ თითქოს მეორედ შეისხა ხორცი. ფილმის ყველა სამოსი ახალგაზრდა, საოცრად პოპულარულმა იუბერ ჟივენჩიმ შექმნა. მოდელიერმა ოდრის სახით თავისი მუზა იპოვა, მისი აზრით სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ნამდვილი ქალი.

...ბერნარდ შოუს “პიგმალიონის” მიხედვით შექმნილი კომენდია “ჩემი მშვენიერი ლედი” ჩაფიქრებული იყო, როგორც გრანდიოზული კოსტიუმურ-მუსიკალური პროექტი. მართლაც, ფანტასტიკური ტუალეტები, გამაოგნებელი თავსაბურავები, რომელთაც ასაღწერ ეპოქასთან საერთო არაფერი ჰქონდა, შლაპები ბუმბულებითა და ბაფთებით, მორთულობა, რომელშიც ფანტაზია მეტი იყო, ვიდრე ისტორიული სინამდვილე , მთავარი გმირის გამონაკვთული ფიგურა - აღაფრთხოვანებდა.

ოდრი ძალიან გულწრფელად თამაშობდა, ლონდონელი მეყვავილის დაკონკილ კაბაშიც ორგანულად გამოიყურებოდა და გიპიურის სამოსშიც, რომელიც მისი მშვენიერი სხეულის კონტურებს იმეორებდა.

60-იან წლებში ოდრი ნაყოფიერად მუშაობს.

იყო თუ არა ბედნიერი ეს გამორჩეული ლამაზმანი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა – ფულიც, დიდებაც, ხალხის სიყვარულიც? მოშურნეებიც არ ჰყავდა, “ვასკვლავური” ქედმაღლობაც კი არ შეეძლო...

კინო-ლამაზმანების პირადი ცხოვრება თითქმის ყოველთვის – პიკანტური სკანდალია. ოდრი არ იყო ე.წ. ფამ-ფატალი, არც თავქარიანი ყოფილა. ჯონ ჰენსონთან პირველი ქორწინება ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ დასრულდა. შემდეგი იყო ქარიშხლიანი რომანი უილიამ ჰოლდენთან. 

მაგრამ ბედმა სიხარული არ მოიტანა –  ის არაა ოდრისთვის შექმნილი! მიზეზი? ოპერაცია გაიკეთა, მეტი შვილი რომ არ ჰყოლოდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოდრის ძალა ეპოვა საკუთარ თავში და გაეწყვიტა ურთიერთობა.

ჰორიზონტზე რეჟისორი და ნიჭიერი ლიტერატორი მელ ფერერი ჩნდება. რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ოდრიმ ნანატრი ვაჟი – შონი გააჩინა. მაგრამ ფერერს არ სურდა წყნარი ოჯახური იდილიით დაკმაყოფილება – მის ლოგინში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ნორჩი მსახიობები.

გული ეწურებოდა, მაგრამ დაშორდა მექალთანეს. მერე ფსიქიატრ ანდრეა დოტის გაჰყვა, შეეძინა ვაჟი ლუკასი. თუმცა ოდრი მასაც დაშორდა, ახალგაზრდა რობერტ უოლდერსის გამო. «მეგობრობა ერთი მზერით» - ასე უწოდებდა ამ კავშირს თავად ოდრი, რადგან მათ კავშირში ადამიანური სიახლოვე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სასიყვარულო ვნება.

... 1970-იანების დასაწყისიდან სულ უფრო იშვიათად იღებენ. დიდთვალება გამხდარი გოგონების ეპოქა ჰოლივუდში დასრულდა. ასაკიც თავისას შვებოდა - 1969 წელს ჰეპბერნს 40 წელი შეუსრულდა. სიფრიფანა გოგონების თამაში უკვე შეუძლებელი იყო. რამდენიმეჯერ კი სცადა კინოში დაბრუნება, მაგრამ  ბობოქარი დიდება წარსულში დარჩა.

ცხოვრება – მხოლოდ ხელოვნება არ არის. ადამიანების სამსახურში ყოფნა მისი არსებობის მთავარი მიზანი იქცა – ოდრი იუნისეფის წარმომადგენელი გახდა. 

... უფრო და უფრო ხშირად ტანჯავდა კუჭის ტკივილი. თავიდან, თავისი მისიით გატაცებული, ოდრი ამ ტკივილს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ როცა აუტანელი გახდა, ექიმს მაინც მიმართა. დიაგნოზიც მალევე დაუსვეს: “კიბო ჰქონდა”. მსახიობმა მადლობა გადაუხადა ექიმს პირდაპირობისთვის...

ამბობენ, კიბო ისეთი დაავადებაა, რომელიც ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებს უტევს, მათ “ერჩის”, ვინც მთელი ცხოვრება “საკუთარ თავს ჭამს”. ოდრიც მთელი ცხოვრება უმტკიცებდა საკუთარ თავს და მთელ სამყაროს, რომ არც ისე ცუდია...

მთელი ცხოვრების მანძილზე და სიკვდილის შემდეგაც ოდრი ჰეპბერნი იუბერ ჟივენჩის მუზა იყო. 24 წლის დამწყები მსახიობი მან 1953 წელს, საკუთარი მოდის სახლის გახსნის შემდეგ გაიცნო. ოდრი ვარსკვლავი ჯერ კიდევ არა, მაგრამ ლამაზი ქალი კი ნამდვილად იყო. იუბერს მაშინვე სილამაზის იდეალად მოეჩვენა. 40 წელი და კიდევ მეტი Givenchy-ს მოდის სახლი ქალურ და დახვეწილ მოდელებს სწორედ მისთვის ქმნიდა. რომ თხოვდებოდა, ოდრის მეგობრის შექმნილი კაბები ეცვა.

ბოლო დღეები მსახიობმა სახლში, შვეიცარიულ ალპებში გაატარა. არავის ნახვა სურდა, რობერტ უოლდერსის გარდა. 1993 წლის 20 იანვარს ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა და სამუდამოდ დარჩა მშვენიერ ლედიდ ყველაზე ლამაზი ზღაპრიდან.

... როცა სილამაზის დედოფალი გარდაიცვალა ქმართან და შვილებთან ერთად წესის აგებას იუბერიც ესწრებოდა და განაცხადა კიდეც, რომ ოდრი “სიყვარულისა და სილამაზის მომტანი ნამდვილი ფერია იყო”.

რატომ?

ედდა კეტლინ ვან ჰეემესტრა ჰეპბერნ-რასტონს პირველი კითხვები უკვე ბავშვობაში გაუჩნდა.

მშობლების ქორწინება უიღბლო იყო: ჰოლანდიელი ბარონესა და ბანკის ანგლო-ირლანდიელი მოსამსახურე. საერთო ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ. ქორწილის შემდეგ გამუდმებული დავიდარაბა და კამათი, რომელიც ქალიშვილის დაბადებამაც არ შეწყვიტა. უბრალოდ, ახლა ჯოზეფს სახლსგარეთ ყოფნის ახალი საბაბი ჰქონდა. 

- დე, მამა იმიტომ არ მოვიდა ვახშამზე, რომ მაგიდა ცუდად გავშალე? – 5 წლის ოდრი სუნთქვაშეკრული უყურებდა დედას, რომელიც მოღუშული იდგა სარკის წინ.

- მდა, ეს ათიოდე კილოგრამი ნამდვილად ზედმეტია, - წაიბურტყუნა ბარონესამ და უფრო ხმამაღლა დაამატა: - დამიჯერე, მისთვის სულ ერთია, როგორ გაშალე სუფრა. ისიც სულ ერთია, გვაქვს თუ არა ვახშამი საერთოდ...

მერე მკვეთრად მოუტრიალდა ქალიშვილს და უთხრა: - ძვირფასო, დაიმახსოვრე: ნამდვილი ლედი 46 კგ-ზე მეტი არ უნდა იყოს. დაიფიცე, რომ არასდროს იქნები ისეთი მსუქანი, როგორიც მე ვარ! ხედავ, ამისგან რამდენი პრობლემაა?!

ოდრიმ დაიფიცა და მთელი ცხოვრება 45-46 კილოგრამს იწონიდა, ხანდახან საკუთარი ჯანმრთელობის საზიანოდ.

რაც მეტად ჩხუბობდნენ მშობლები, მით მეტად ეჩვენებოდა, რომ ამ უთანხმოებაში მთავარი დამნაშავე თავადაა. დამნაშავე იმიტომ, რომ დღეს ხელი არ დაუბანია, რომ კაბა დასვარა, რომ არ დაალაგა სათამაშოები. აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მშობლებსაც შეეძლოთ, დამნაშავე ყოფილიყვნენ! კანიდან ძვრებოდა, რომ ხან ერთისთვის ესიამოვნებინა, ხან მეორისთვის, ხანაც ორივესთვის - ერთად.

- რატომ არ გიყვარვართ? — მიაპყრო ცრემლებით სველი სახე მამას. - არასწორად რას ვაკეთებ? მითხარი და მეც ვეცდები, გამოვსწორდები, ყველაფერს გავაკეთებ!!!

- მსოფლიოში ყველაზე უკეთესიც რომ გახდე, ვერაფერს შეცვლი... ჩვენ გავიყრებით, ოდრი. - ჯოზეფმა ნერვულად გადაუსვა თავზე ხელი გაქვავებულ გოგონას და კარი გაიჯახუნა...

რისთვის?

გაყრის შემდეგ ჯოზეფი ლონდონში გადავიდა, ოდრი დედასთან და გერ ძმებთან ერთად საგვარეულო მამულში გადასახლდა. თავიდან ხშირად მიდიოდა მამასთან, მაგრამ იქაც არ აქცევდა ჯოზეფი ყურადღებას.

— ეს სულ იმიტომაა, რომ მსუქანი, მოუხერხებელი, ფეთხუმი ვარ და ოღროჩოღრო კბილები მაქვს, - ფიქრობდა გულში პატარა ოდრი. 

მე ხომ არც ისეთი ცუდი ვარ?

როცა ოდრი მელ ფერერს გააცვნეს, ამ უკანასკნელს უკვე 3 “გამოტირებული” ქორწინება და არარაობისკენ მიმავალი კარიერა ჰქონდა, 4 შვილიც ჰყავდა. პირველსავე საუბარში შენიშნა: «მშვენიერი ბრძანდებით, არაფერია სადავო, მაგრამ ჩემი რჩევა იქნებოდა...» - და სრულყოფის ათასი რეცეპტი შესთავაზა. ოდრიმ უმალ დამნაშავედ იგრძნო თავი ამ გამელოტებული, სოლიდური მამაკაცის წინაშე.

— მადლობა, რომ სწორად შემაფასეთ. იცით, თვითკრიტიკასთან ყოველთვის ცუდად მქონდა საქმე.

— ვხედავ, — დამაჯერებლად დაასკვნა მელმა, რომელიც შეშინებულ ოდრის უყურებდა.

ასე დაიწყო მათი გაუწონასწორებელი ურთიერთობა, რომელიც ოდრის უამრავი შეუსრულებელი როლის, 5 მკვდრადშობილი ბავშვისა და განადგურებული თვითშეფასების ხარჯზე მთელი 13 წელი გაგრძელდა.

ოდრის იმდენად სჭირდებოდა ყურადღება, რომ მელს ხელმძღვანელობის საშუალება მისცა. ქმარიც წერდა ინტერვიუებს, წყვეტდა, რომელ ფილმში ითამაშებდა. მოგვიანებით ოდრი ამ პროცედურას იმით ამარტივებს, რომ საერთოდ აღარ მონაწილეობს ფილმებში მელის გარეშე.

მათ ქორწინებას ლაიტმოტივად გასდევდა ჩვეული დიალოგი, რომელშიც მელი მორიგი საყვედურებით ავსებდა ცოლს: ისე არ გააკეთე, ისე არ შეხედე, ისე არ გეცვა, როგორც საჭირო იყოო. ოდრი აკანკალებული ხმით ეკითხებოდა:

— მე ხომ ასეთი ცუდიც არა ვარ?

ფერერი პასუხობდა:

— არა. მაგრამ არც ისეთი კარგი, როგორიც თავი გგონია.

ასე სჯობს?

— უკვე ორმოცდაათის გავხდები! მგონი, დროა, თავი დავიხრჩო, - ხუმრობდა ოდრი.

— თუ თავს დაიხრჩობთ, ანგელოზს ვინღა ითამაშებს ჰოლივუდში? — სერიოზულად შენიშნა ერთ-ერთმა სტუმარმა, ოდრიმ გაიცინა, ეს ხანდაზმული კაცი ეცნობოდა.

ისაუბრეს. ოდრიმ გაიგო, რომ რობერტ უოლდერსი ჰქვია, რომ პროდიუსერია და ცოტა ხნის წინ ცოლი დაკარგა. რობერტმა კი ის შეიტყო რომ ოდრი ისევ არ ჭამდა, ბოლო გაყრა ჯერ ვერ გადაიტანა.

მაშინვე გამჟღავნდა, რომ ბევრი რამ აქვთ საერთო: ორივე ჰოლანდიელი, ორივე ომში, ფსიქიკური ტრამვებით. მათ შორის მეგობრობა გამეფდა, რომელიც თანდათან ოდრის ერთადერთ ბედნიერ სიყვარულად გადაიქცა.

მოგვიანებით გაოცებულმა ოდრიმ შენიშნა, რომ პირველად აღარ უხდება სხვის საამებელად გარჯა. ახლა იმას აკეთებდა, რაც მოსწონდა - უვლიდა ბაღს, უძღვებოდა ქველმოქმედებას, ბავშვებზე ზრუნვით, მიღებებით.

ძილის წინ საკუთარ თავს ეკითხებოდა: “ასე უკეთესია?” და ყოველთვის პასუხობდა: “უკეთესად არ არსებობს!”. 

ჩხაკუნი!..

მოჭრილი ტოტი მიწაზე დავარდა. ოდრიმ მაკრატელი გადადო, ბაღის ხელთათმანი მოიშორა და სახლში შევიდა. მალე რობი დაბრუნდება, უნივერსიტეტიდან ლუკა შემოივლის, კითხვებისა და პასუხებისთვის კიდევ სამი თვეა... 

ამ ქვეყნიდან ისევე წავიდა, როგორც ცხოვრობდა: ღირსეულად და კეთილშობილურად. დაკრძალვაზე ის მამაკაცები იყვნენ, ვინც უყვარდა. ამბობენ, არასდროს ყოფილა ისეთი ბედნიერი, როგორიც სიკვდილის წინ იყოო.  

მასალა მოამზადა სოფიო გულიაშვილმა

წყარო

0

ავტორი: