ადამ მიცკევიჩის ბალადა „პანი და მწყემსი ქალი“ (დაბადების დღისადმი) ადამ მიცკევიჩის ბალადა „პანი და მწყემსი ქალი“ (დაბადების დღისადმი) />


  10:58:56     24-12-2011

ადამ მიცკევიჩის ბალადა „პანი და მწყემსი ქალი“ (დაბადების დღისადმი)

a13726.jpg

1894 წლის 24 დეკემბერს დეკემბერს, ლიტვის გუბერნიაში, ხუტორ ზაოსიეში, ნოვოგრუდკასთან ახლოს (ახლა ბელორუსიის ტერიტორიაა და ჰქვია Вёска Завоссе) დაიბადა დიდი პოლონელი პოეტი, პუბლიცისტი და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ადამ მიცკევიჩი (Adam Bernard Mickiewicz).

მამა, მიკოლა მიცკევიჩი ნოვოგრუდკის სასამართლოს ვექილი იყო. დიდი პატრიოტი, ლიტერატურის მოყვარული. მიკოლა 1812 წელს გარდაიცვალა და მრავალრიცხოვანი ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა.

სწავლობდა დომინიკანელების სასწავლებელში. შემდეგ ვილნოს (დღევანდელი ვილნიუსი) უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მისი სამშობლო, რეჩ პოსპოლიტა არა ერთხელ გაინაწილეს და დაიმონეს მეზობელმა სახელმწიფოებმა. 1817 წელს ადამ მიცკევიჩი  რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ქმნის „ფილომატების (სიბრძნის მოყვარულთა) საზოგადოებას“. საზოგადოების ლიტერატურულ ნაწილს იგი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი სამშობლოს თავისუფლებაზე ოცნებობდა.
უნივერსიტეტის დამთავრების მერე, 1819 წელს გაამწესეს კოვნოში მასწავლებლად. კოვნოდან ხელმძღვანელობდა „ფილომანტებს“. მალე მის მიერ შედგენილი წესდების საფუძველზე „ფილომატებმა“ შექმნეს ახალი ორგანიზაცია: „ფილარეტების (სიკეთის მქმნელების ანუ სიკეთის მოყვარულების) საზოგადოება“. ორგანიზაციამ კავშირი დაამყარა ვარშავის, უკრაინისა და რუსეთის საიდუმლო ორგანიზაციებთან, რათა გაერთიანებული ძალებით ებრძოლათ მჩაგვრელების წინააღმდეგ.

ამ დროს ადამ მიცკევიჩი წერს საპროგრამო ლექსებს: „სიმღერა“, „ფილარეტების სიმღერა“, „ოდა ახალგაზრდობისადმი“; ბალადებს „რომანტიკა“, „სვიტეზი“, „თევზი“. იწყება ახალი ერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა - შეტევის ერა. მისი „სიმღერა“ ჰიმნად იქცა.
რუსეთის იმპერიის ჟანდარმერიამ დააპატიმრა „ფილომატებისა“ და „ფილარეტების“ ასამდე წევრი. 1823 წლის 22 ოქტომბერს დააპატიმრეს ადამ მიცკევიჩი. დაპატიმრებულმა მეგობრებმა შეძლეს და ხელისუფლება თითქოსდა დაარწმუნეს, რომ ადამ მიცკევიჩი ვითომ არ იყო მათი საზოგადოების წევრი, ის ხომ შორს, კოვნოში ცხოვრობდა. ექვსი თვის მერე მიცკევიჩი გაათავისუფლეს, თუმცა აუკრძალეს სამშობლოში ცხოვრება და „რუსეთის შიდა გუბერნიებში“ გადასახლება მიუსაჯეს.

ემიგრაციის წლებში ადამ მიცკევიჩმა შექმნა „ყირიმული სონეტები“, რომელმაც სახელი გაუთქვა მას.

1829 წელს მიცკევიჩს ნება დართეს საზღვარგარეთ გამგზავრებისა. ევროპაში მოგზაურობისას მიცკევიჩმა ვაიმარში გოეთე ინახულა, რომელსაც ახალგაზრდა პოლონელი პოეტი თბილად მიუღია.

1830 წელს პოლონეთი აჯანყდა. მიცკევიჩი სამშობლოსაკენ მიემგზავრება, რათა ჩაერთოს ბრძოლაში, მისი სიმღერებით გულანთებულ ხალხს მიეშველოს... ვერ ახერხებს, აჯანყება მარცხდება, პოეტი ისევ დრეზდენში რჩება. მერე პარიზში მიემგზავრება, შემდეგ იტალიაში. იტალია აჯანყდა ავსტრიის წინააღმდეგ. მიცკევიჩი მონაწილეობს პოლონელი ემიგრანტების ლეგიონის შექმნაში, რომელიც დაეხმარება აჯანყებულ იტალიელებს ავსტრიელებთან ბრძოლაში. შემდეგ პარიზში ჩადის ისევ, იქ დაარსებს გაზეთს და აჯანყებულ პარიზელებს ეხმარება პოლიტიკური პუბლიცისტიკით.

1855 წელს ადამ მიცკევიჩი ჩადის სტამბულში და იწყებს ემიგრანტთა ლეგიონების შექმნას, რომლებიც უნდა დაეხმარონ ინგლისელებს და ფრანგებს რუსებთან ომებში... მაგრამ, დიდი პოლონელი პოეტი ქოლერით დაავადდა და 1855 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი ცხედარი გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს მონმორანსის სასაფლაოზე. 1890 წელს დიდი პოეტის ნეშტი სამშობლოში, კრაკოვში გადაასვენეს.

დღეს გავიხსენოთ დიდი პოლონელი პოეტის ბალადა „პანი და მწყემსი ქალი“, რომელიც თარგმნა ხარიტონ ვარდოშვილმა. ხარიტონ ვარდოშვილის მიერ თარგმნილ შილერის რამდენიმე ნაწარმოებს და მის ორიგინალურ ლექსებს უკვე იცნობს პრესა.გე-ს მკითხველი.

პანი და მწყემსი ქალი

ბალადა

(თარგმნა ხარიტონ ვარდოშვილმა)

I

მწვანე ტყეში, მაღალ მთასთან
ხილსა ჰკრეფდა მწყემსი ქალი.
გაიხედა - ახალგაზრდა
პანი ცხენით მოიჩქარის.

მიეახლა, ძირს ჩამოხდა,
მიესალმა მოკრძალებით;
ქალს აენთო კდემით სახე
და დახარა ძირს თვალები.

„ო, ასულო, საყვარელო,
მე ამ ტყეში მოვედ დილით,
მთელი დღე აქ ვეხეტები,
ვინადირე, ვარ დაღლილი.

გზაც ამებნა და ჩემს ნაცნობ
ქალაქს ვეღარ მივაგენი,
მშვენიერო მწყემსო ქალო,
გზა მასწავლე, მადლი ჰქენი.

ეს ბილიკი ოღროჩოღრო
თუ გამიყვანს მთავარ გზაზე?“
„კი ბატონი, ფიქრი ნუ გაქვთ,
გაუდექით, აი ასე.

და მინდორში აქვე ხეა,
ხის მახლობლად მწვანე ველი,
იქიდანვე - ცოტა მარჯვნივ -
მშვენიერი ჩანს სოფელი.

შემდეგ, იქვე, ისევ ტყეა,
მარჯვნივ წყარო მოჰქუხს ჩქარი,
იქვე ხიდთან წისქვილია
და ქალაქიც ახლო არი“.

მან მადლობა მოახსენა
გაუწოდა თანაც ხელი,
ბაგეებზე დაეკონა
და მოსწყვიტა კოცნა მწველი.

ცხენს მოახტა, დეზები ჰკრა,
გადალახა ველი ფართო,
ქალს აღმოხდა კვნესა მწველი,
არ კი ვიცი, რისთვის, რატომ!

II

მწვანე ტყეში, მაღალ მთასთან
ხილსა ჰრეფდა მწყემსი ქალი,
გაიხედა - ახალგაზრდა
პანი ცხენით მოიჩქარის.

„ეჰ, ასულო, საყვარელო,
მდინარეა მეტად დიდი;
ვერ გავცურავ ფართო მორევს,
არც ფონი აქვს და არც ხიდი.

გთხოვთ მასწავლოთ სხვა გზა, თორემ
ვგრძნობ, გავხდები მისი წერა,
ნუთუ ჩემი დაღუპვა გსურს?
ო, ნამდვილად არა მჯერა“.

„მაშ ყორღანთან მოუხვიე,
მარჯვნივ ბილიკს გაჰყევ მშვიდად“,
„ღმერთმა მადლი არ მოგაკლოს!“
„გზა მშვიდობის, გმადლობთ დიდად!“

ცხენს დეზი ჰკრა, მიიმალა,
კვლავ დატოვა ქალი მარტო.
ქალს აღმოხდა კვნესა მწველი -
ეს კი, ვიცი, რისთვის, რატომ!

III

მწვანე ტყეში, მაღალ მთასთან
ხილსა ჰკრეფდა მწყემსი ქალი,
გაიხედა - ახალგაზრდა
პანი მისკენ მოიჩქარის.

და იძახის: „ო, ასულო,
მომეხმარე თუ გწამს ღმერთი;
რა ყოფილა ეს გზა, თხრილში
გადვიჩეხე, მტკივა ფერდი.

იქ მარტოდენ შეშისათვის
თუ გაბედავს მისვლას გლეხი,
თორემ ჩემებრ უცხო მგზავრის
არ დადგმულა ჯერ იქ ფეხი!

მთელი დღეა, რაც ვნადირობ,
დავიღალე, მიმძიმს ტანი,
ცხენსაც უნდა საძოვარი -
დასვენება ცოტა ხანი...

მომეც ნება დავისვენო,
მოვიკრიბო ცოტა ძალი,
ცხენს ბალახი მოვაძოვო
და მწყურვალემ შევსვა წყალი“.

და ჭაბუკი ძირს ჩამოხდა,
მიეახლა მოკრძალებით.
ქალს აენთო კდემით სახე
და დახარა ძირს თვალები.

ოხრავს ქალი, პანი კი დუმს,
გულის ღელვას ვეღარ ფარავს,
და საუბარს გზნებით იწყებს,
და პასუხობს ქალი წყნარად.

ამ დროს ქარმა მთის წვერიდან
გამალებით იწყო ქროლა,
და სიტყვები ჭაბუკ პანის
კარგად აღარ გამაგონა.

მაგრამ ვიგრძენ, როს შევხედე,
მღელვარებით ისე თრთოდა,
რომ დარცხვენილ მწყემს გოგონას
გზის სწავლებას აღარ სთხოვდა.

0

ავტორი: