10:57:56     24-12-2011
გრიგოლ აბაშიძე „ფიქრები საქართველოს რუკაზე“
ცნობილი ქართველი პოეტი და მწერალი გრიგოლ აბაშიძე გარდაიცვალა 1994 წელს.
ხანდაზმული მწერალი გულისტკივილით იყო სავსე, მისი სამშობლო ხომ დანაწევრებულია მტრებისაგან. ტერიტორიები წართმეულია.
1992 წელს, მოხუცი პოეტი გულმოკლული წერდა: „შენს რუკას - შენი ბრძოლების სარკეს, /
წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული“...
მართლაც, 1992 წელს, რუსეთ-საქართველოს ახალი ომის დაწყებისას საქართველოს ტერიტორიის ახალი გადანაწილება დაიწყო და გაგრძელდა 2008 წელსაც. საქართველოს ისტორია ძალიან ჰგავს პოლონეთის სახელმწიფოს - რეჩ პოსპოლიტას ისტორიას. პოლონეთს ხშირად ინაწილებდნენ, გლეჯდნენ მისი მეზობლები.
ასევე საქართველოსაც გლეჯდნენ დიდი იმპერიები მიწა-წყალს, ბოლო საუკუნეებში ასე მოგვექცნენ თურქეთისა და რუსეთის იმპერიები.
თუ ძველი საუკუნეების სახელმწიფოები ველური წესით მოქმედებდნენ, მეოცე საუკუნის და განსაკუთრებით, ოცდამეერთე საუკუნის სახელმწიფოები, უნდა განსხვავდებოდნენ მათგან. მაგრამ, ვერ იქნა და ვერ დადგა ცივილიზაციისა და ჰუმანიზმის გზაზე რუსეთის იმპერია.
ქართული ტერიტორიები წართმეულია, რუსეთთან ომი დღესაც მიმდინარეობს... ამაზე გულისტკივილით წერდა მოხუცი პოეტი, თუმცა გული მაინც პროფეტული იმედით ჰქონდა სავსე, რომ ლაზარესავით აღდგება საქართველო.
ჩრდილო ქართლი (ცხინვალისა რეგიონი) და აფხაზეთი (სოხუმის რეგიონი) აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს. ამ ტერიტორიების დაკარგვაში (დროებით), ოკუპაციაში, დიდი წვლილი მიუძღვის ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ ხოლმე საქართველოს ერთიანი და ეროვნული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.
დღესაც არსებობენ ძალები, რომლებიც მზად არიან საკუთარი მიზნების რეალიზების გამო დათმონ საქართველოს ინტერესები და აღიარონ აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის, მათი თქმით - სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ ქართველი ხალხი დამნაშავეა მათთან, ოსებთან და აფხაზებთან, რომ ჩვენ მათ ინტერესებს არ ვითვალისწინებდით, ჩვენ დავიწყეთ ომი და ა. შ.
რა თქმა უნდა, მოღალატეები დამარცხდებიან და საქართველო გაერთიანდება, მაგრამ, ძალიან სამწუხაროა, რომ ღალატის ფაქტები არ წყდება ჩვენს ქვეყანაში.
დავუჯეროთ მოხუც პოეტს, გრიგოლ აბაშიძეს, და სხვებს, და ვირწმუნოთ, რომ საქართველო, ვითარცა ლაზარე აღსდგება.
ფიქრები საქართველოს რუკაზე
შენს რუკას - შენი ბრძოლების სარკეს,
წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული,
ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი,
დაფლეთილია შენი სხეული,
ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანს
შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი,
მავანს და მავანს მიუტაცნია,
სხვათა და სხვათა ადგას უღელი.
რაც დღემდის მოგყვა, რაც შეგრჩენია _
კოდორიანი, ალაზნიანი,
თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია,
ისიც გამხდარა სხვათა ზიარი.
მუხას წააქცევს, ლერწამს კი არა,
პირალესილი ამდენი ცული,
რა მოგიშუშებს ამდენ იარას,
რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!.
და რომ გეხვევა ღრუბელი ბნელი
შორიდან როგორ გიყურო მშვიდად.
ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის,
დაუდევრობით შენთავე შვილთა!?
არა, შენ წელში ისევ სწორდები,
რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით,
ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები,
შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი.
დიდება ამ დღეს, დიდება ამ დღეს,
ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული,
ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს
დღეს დაფლეთილი შენი სხეული!
1992 წელი
0