ილარიონოვი: კრემლი რევანშისთვის ემზადება ილარიონოვი: კრემლი რევანშისთვის ემზადება />


  09:45:48     26-12-2011

ილარიონოვი: კრემლი რევანშისთვის ემზადება

a13724.jpg

კრემლი რევანშისთვის ეზადება. გამორიცხული არა არის, ოპოზიციური ლიდერების  მკვლელობები, ტერაქტები, სამხედრო კონფლიქტი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება. ასეთი აზრი გამოთქვა ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ანდრეი ილარიონოვმა, რადიოსადგურ Finam.fm-ის ეთერში საუბრისას.

რუსეთში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების კომენტირებისას, ილარიონოვმა აღნიშნა, რომ კრემლი არ აპირებს შეასრულოს მომიტინგეთა მოთხოვნები და არც გადადგომას აპირებს ვინმე. ხელისუფლება არ შეცვლილა, შეიცვალა საზოგადოება, - განაცხადა მან, რადგან 4 დეკემბერს იმაზე ბევრად განსხვავებული არაფერი მომხდარა, რაც 2007 და 2008 წლებში მოხდა.

მაშინ არც ხალხი აპროტესტებდა და შესაბამისად, არც ხელისუფლებას დაუპირებია რაიმეს შეცვლა. ამჯერად კი, როცა პროტესტის ტალღა აგორდა, კრემლის რეაქცია მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკურია. სამაგიეროდ, ილარიონოვის თქმით, ხელისუფლება მუშაობს მიტინგების ორგანიზატორთა დისკრედიტაციაზე და რაც მთავარია, ის რევანშისთვის ემზადება. 

„ხელისუფლება სერიოზულად ემზადება, როცა ეგრეთ წოდებული „ლიბერალიზაციისა“ და „დემოკრატიზაციისგან“ სრულიად სხვა მიმართულებისკენ წავა. ეს ძალიან მალე მოხდება“ - აღნიშნა მან.
მით უფრო, რომ სახეზეა პუტინის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა. ილარიონოვი თვლის, რომ თვით 4 დეკემბრის არჩევნების მასშტაბის ფალსიფიკაციაც კი, გაზაფხულზე, პუტინის პირველ ტურში გამარჯვებას უკვე აშკარად ვეღარ უზრუნველყოფს. მეორე ტური კი საერთოდ არაპროგნოზირებადი იქნება, რადგან მთელი ოპოზიციური ძალები შეიძლება გაერთიანდნენ იმ კანდიდატის ირგვლივ, ვინც ასევე გავა მეორე ტურში. ეს კი ძალიან სარისკოა, იმდენად, რომ მეორე ტურში, პუტინს, უკვე ვერანაირი ფალსიფიკაცია ვეღარ უშველის. ამიტომ, მას სჭირდება გამარჯვება პირველივე ტურში. ეს კი ნიშნავს, რომ პუტინმა და იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ სურთ ხელისუფლებიდან წასვლა, უნდა მოიმოქმედონ რაღაც ისეთი, რაც ყველა სხვა საკითხს გადაფარავს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან სამწუხაროდ დამთავრდა ცხოვრება იმ ადამიანებისა, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ, ან ფიქრობენ, რომ შეიძლებოდა გამხდარიყვნენ რუსეთის პრეზიდენტები. ისინი დაიღუპნენ ძალადობრივი სიკვდილით. საკმარისია გავიხსენოთ გალინა სტაროვოიტოვა. ესროლეს საკუთარი სახლის სადარბაზოში. სერგეი იუშენკოვი, - მოკლეს თავისივე სახლის სადარბაზოს წინ. პარტია „ლიბერალური რუსეთის“ ერთ-ერთი შემქმნელი, თუმცაღა ის არ განიხილებოდა პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ გოლოვლევიც დაცხრილეს. გენერალი ლევ როხლინი საკუთარ სახლში მოკლეს, გენერალი ლებედი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ქარიზმატული გენერალი ტროშევი, - მას მხარდაჭერა ჰქონდა ჩრდილო კავკასიის ოლქის ჯარებში და ისიც ავიაკატასტროფაში მოყვა. აღარ ვლაპარაკობ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერებზე, ათასობით დაღუპულზე კავკასიაში, ტერაქტებისას დაღუპულებზე. მე ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენს ისტორიაში მოხდა. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რა მეთოდები შეიძლება გამოიყენონ იმ პირებთან მიმართებაში, ვინც სერიოზულად ფიქრობს პოლიტიკაზე“ - განაცხადა პუტინის მრჩეველმა.
 იმ გეგმის დეტალების პროგნოზირება, რომელიც შეიძლება კრემლს ჰქონდეს, არც ილარიონოვს ძალუძს. თუმცა, ვარაუდობს, რომ გეგმა მრავალფეროვანი იქნება - უბედური შემთხვევები, ტერორისტული აქტები…რაც დამატებით საფუძველს ქმნის საგანგებო ვითარების შემოღებისთვის, მათ შორის, მედიის შეზღუდვისთვის.

„მე ვერ ვხედავ სხვა ვარიანტს, რომელიც შეანარჩუნებინებს პოლიტიკურ ძალაუფლებას და ლეგიტიმურად დააბრუნებს მას პრეზიდენტის სავარძელში“ - განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.

0

ავტორი: