საქართველოს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია აქვს საქართველოს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია აქვს />


  21:55:43     24-12-2011

საქართველოს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია აქვს

a13720.jpg

პარლამენტმა, ქვეყნის ისტორიაში, რიგით მეორე “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია” დაამტკიცა, სადაც გათვალისწინებულია ეროვნულ ღირებულებები, ინტერესები,  ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები. დოკუმენტი, ასევე, უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ადგენს. ქართველი კანონმდებლების შეფასებით, დოკუმენტი, საქართველოს მთავრობისთვის სახელმძღვანელო იქნება, ხოლო ქვეყნის მოკავშირეებისთვის - კარგი სავიზიტო ბარათი, რადგან კონცეფციაში ნათლად  ჩანს, სახელმწიფოს პრიორიტეტს რა წარმოადგენს.

როგორც “პრესა.ჯი”-ს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავებული კონცეფცია,  ყველაზე ადეკვატური და სრულფასოვანი დოკუმენტია, რომელიც ბოლო პერიოდში,  მმართველმა გუნდმა შეიმუშავა.

დეპუტატის განმარტებით, დოკუმენტი თავისი შინაარსით, ზუსტად, იმას გადმოცემს, თუ რა არის საქართველოს საშინაო და საგარეო გამოწვევები.

„ეს სახელმძღვანელოა მთავრობისთვის, ხოლო კარგი სავიზიტო ბარათია ჩვენი მოკავშირეებისთვის. დოკუმენტში ნათლად ჩანს, თუ რა არის ჩვენი ღირებულება და რითი შეიძლება,  რისკები და საფრთხეები გავანეიტრალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ესმოდეს,  სახელმწიფოს რა ტიპის პრიორიტეტები აქვს და ქვეყანამ რა პოლიტიკა უნდა განხორციელოს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დოკუმენტის შეფასებისას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი გივი თარგამაძე ყურადღებას გარე საფრთხეებზე ამახვილებს და აცხადებს, რომ ვინაიდან, მომავალ წელს, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში, საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, ამ პერიოდისთვის, სიტუაცია და გამოწვევებიც სხვანაირი იქნება.

„ამ საფრთხეების გზები მრავალფეროვანია, თუმცა, დოკუმენტში მოყვანილია ის საშუალებები, რითაც, ამ გამოწვევების თავიდან არიდება შეიძლება. ეს დოკუმენტი, როგორც სამოქმედო დოკუმენტი, ხელისუფლების თითოეულ წევრს გამოადგება“, - განაცხადა თარგამაძემ.

რაც შეეხება კონცეფციას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დოკუმენტის თანახმად, წარმოადგენს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცება, ევროპული და ეროვნული ინტეგრაცია, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის უზრუნველყოფა, ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფა,  დემოგრაფიული უსაფრთხოება და სხვ.

ამასთან, დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარების, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროკავშირში ინტეგრაციის, სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობისა და საგარეო კავშირების განმტკიცების, ასევე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა საფუძველზეც, სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგია და გეგმა იქმნება.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით კეთდება და აღნიშნულია, რომ არსებობს ახალი რუსული აგრესიის პოტენციური რისკი, რადგან 2008  წლის აგვისტოში,  რუსეთის ფედერაციის აგრესიის საბოლოო მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მარიონეტული რეჟიმების საერთაშორისოდ აღიარება, არამედ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ან/და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩანაცვლება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეა, მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შესაძლო გადმოდინებაც. 

უნდა ითქვას, რომ დოკუმენტში, საფრთხეების პარალელურად, ხაზგასმულია, რომ საქართველოს მიზანია ევროკავშირში ინტერგრაცია. ასევე, დასახელებულია ის ქვეყნები,  რომელთანაც კავშირების განმტკიცება საქართველოსთვის პრიორიტეტულია, კერძოდ, ეს ქვეყნებია ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა და თურქეთი.

გარდა ამ საკითხებისა, უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, სახელმწიფოს მიზანია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე ზრუნვა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დაბრუნების უზრუნველყოფა, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების  გაძლიერება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, კანონის უზენაესობის, სიტყვის, აზრის,  სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლებისთვის ზრუნვა.

ამასთან, საქართველო აღიარებს, ასევე, რომ კეთილდღეობისაკენ სწრაფვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ხოლო თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყანა თავისუფალ ეკონომიკურ გარემოს ქმნის, რაც მცირე მთავრობის პრინციპში, დაბალ გადასახადებში და მიზანმიმართულ სოციალური პოლიტიკის გატარებაში გამოიხატება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობა, ეროვნული უშიშროების საბჭომ, 2011 წლის დასაწყისში დაიწყო და იგი ქვეყნის ისტორიაში მეორე უსაფრთხოების კონცეფციაა. ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოკუმენტში ასახულია, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციები. 

0

ავტორი: