„აფხაზური არმია“ რუსების „წყალობით“ სულს ღაფავს „აფხაზური არმია“ რუსების „წყალობით“ სულს ღაფავს />


  13:22:37     24-12-2011

„აფხაზური არმია“ რუსების „წყალობით“ სულს ღაფავს

a13711.jpg

აფხაზეთის მოსახლეობაში 40-დან 80 ათასამდე ერთეული იარაღი ინახება, - წერს აფხაზი ჟურნალისტი ახრა სმირი. მისი თქმით, „სახელმწიფომ“ არ ჩათვალა საჭიროდ გადაეჭრა ამ იარაღის ბედი და ადამიანები ერთგვარ, მძევლად დატოვა - ანუ  ბრძოლისუნარიანი უმრავლესობისგან დამნაშავეები გამოიყვანა.

აფხაზეთში იარაღის რეგისტრაციის პროცედურა ბიუროკრატიულია და ის მილიციას უკავშირდება და არა არმიას, სმირის თქმით კი დღესდღეობით, აფხაზები არმიას უფრო ენდობიან. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ იარაღის ლეგალიზაცია საჭიროა, რადგან დღეს, როცა „აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსს ისევ ეჭვქვეშ აყენებს თითქმის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ხოლო აფხაზეთის საზღვრებს უცხო ქვეყნის ჯარისკაცები იცავენ, ქვეყნის რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ“ - წერს სმირი.

რასაკვირველია, უცხო ქვეყნის ჯარისკაცების იმედად ყოფნა არ შეიძლება, მაგრამ რატომ უნდა დაიცვან აფხაზეთის უსაფრთხოება პირველ რიგში მოქალაქეებმა და არა აფხაზეთის არმიამ, რომლის მშენებლობაზეც, რამდენადაც ეს ოფიციალური განცხადებებითაა ცნობილი, რუსეთი „ძალისხმევას არ იშურებს“?

ოფიციალური მონაცემებით აფხაზეთის არმიაში 2 500-მდე პირი მსახურობს. თუმცა ირკვევა, რომ საკუთარ არმიაშიც კი აფხაზები რუსებს ეპატიჟებიან. გამოცემა Life News-ის ინფორმაციის თანახმად აფხაზეთში ყველაზე დიდი პოპულარობით რუსი სამხედროები სარგებლობენ და მაგალითად, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ადგილობრივ არმიაში უკვე 500-მდე რუსი კონტრაქტორი ირიცხებოდა.

არაერთხელ ითქვა, რომ რუსეთი აფხაზეთში ყველაფერში ჩადებს ფულს, ადგილობრივი არმიის გარდა. ამიტომაც, ეს ის სფეროა, რომელიც დღეს ყველაზე სუსტი რგოლია. ისევე როგორც საზღვრის დაცვა. აფხაზებს კარგად ახსოვთ, როგორ გააძევეს ე.წ. აფხაზეთის საზღვრებიდან რუსებმა ადგილობრივი კადრები და თავად ჩადგნენ - იმ პირობით, რომ აფხაზ მესაზღვრეებს, მალე, თანამედროვედ „დაატრენინგებდნენ“… თუმცა საკუთარი „საზღვრის“ დაცვას, მათ აღარ ანდობენ, რას სხვათა შორის, თავის დროზე, აფხაზეთში უკმაყოფილების მიზეზი იყო.

დავუბრუნდეთ არმიას.  როგორც Life News წერს, აფხაზეთს, დღეს არ აქვს იმდენი ფული, რომ ხელფასით უზრუნველყოს სამხედროები. ამიტომ, აქაც უცნაური სიტუაცია იქმნება, - უშუალოდ აფხაზეთის არმიაში მოსამსახურე რუს სამხედროებს ხელფასს რუსეთის ბიუჯეტი უხდის.

მართალია, აფხაზებს მოსწონთ იარაღი, მაგრამ ირკვევა, რომ საკუთარ თავდაცვის სამინისტროს თავად აფხაზები არ მოსწონს - იმ გაგებით, რომ რუსები უფრო დისციპლინირებულნი და მორჩილნი არიან. აფხაზეთის „თავდაცვის მინისტრის“ ერთ-ერთი მოადგილის თქმით, „მთელი აფხაზეთის  მოსახლეობა ერთმანეთის ნათესავია. და როცა ბრძანება გაიცემა, თითოეული მათგანი ცდილობს იპოვოს რაიმე გამოსავალი, რათა ის ბრძანება არ შეასრულოს. რუსი ჯარისკაცი კი ყველაფერს უსიტყვოდ ასრულებს“.

სამაგიეროდ, აფხაზებმა მიწები დათმეს იმისთვის, რომ რუსეთმა აქ თავისი ბაზები განავითაროს. სამხედრო ქალაქებისა და „ფსბ“-ს სასაზღვრო დანაყოფების ინსპექტირება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ამ რამდენიმე დღის წინ პირადად ჩაატარა.

ბოლო მონაცემებით, ასე გამოიყურება რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა გუდაუთაში: მრავალრიცხოვანი სამხედრო ტექნიკისთვის განსკუთვნილი მოედნები, რომელზეც განთავსებული და საჩვენებლად განკუთვნილია БТР-80-ები, ბრონირებული ავტომობილი „Тигр“-ები, ტანკები Т-90, სამსართულიანი ყაზარმები…

მიუხედავად ამისა, აფხაზები, გულში, მაინც ფიქრობენ, რომ მუდმივად „მეგობარი რუსეთის“ იმედად ყოფნა არ შეიძლება.

აფხაზეთის თავდაცვის „ექს-მინისტრი“ ვლადიმერ არშბა ასეთ კითხვას სვამს, - „სად არის გარანტია, რომ რუსეთის ხელისუფლება ურყევია?“. ის აფხაზური არმიის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.  მისი თქმით, რეალური საბრძოლო გამოცდილების მქონე სარეზერვო ბატალიონები 1992-1993 წლებში აფხაზური არმიის მთავარი „დამრტყმელი ძალა“ იყო, თუმცა დღეს მათი ძალები ამოწურულია. ან, უფრო სწორედ, აფხაზური არმია, დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

0

ავტორი: