ახალ „საარჩევნო კოდექსში“, დიპლომატების მოსაზრებებიც აისახება ახალ „საარჩევნო კოდექსში“, დიპლომატების მოსაზრებებიც აისახება />


  15:17:04     22-12-2011

ახალ „საარჩევნო კოდექსში“, დიპლომატების მოსაზრებებიც აისახება

a13655.jpg

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო ნორმების ევროპულ სტანდარტებთან მისადაგების მიზნით,  საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატების მოსაზრებები და რეკომენდაციები კანონმდებლობაში, მათი მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისას აისახება.

საკანონმდებლო ორგანოში, ახალი “საარჩევნო კოდექსის” განხილვა აქტიურად მიმდინარეობს და კანონპროექტის დახვეწის მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობამ, პროექტი დღეს, დიპლომატებს დახურულ რეჟიმში გააცნო. 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პროცესი აბსოლუტურად, გამჭვირვალეა და ხელისუფლების ამოცანაა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუსმინოს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი, ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ყველა რეკომენდაციას მაქსიმალურად გაითვალისწინებს.

„საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესი მაქსიმალურად ღიაა.    ჩვენი ამოცანაა ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუსმინოთ და მათი რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რათა ახალი კოდექსი, რომლითაც მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, დემოკრატიულ სტანდარტებთან და ევროპულ ნორმებთან სრულ შესაბამისობაში იყოს. ამ კოდექსის მიხედვით, საქართველოში შესაძლებელი უნდა იყოს თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტის არჩევნების ჩატარება. ამიტომ, დიპლომატებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, მათგან მივიღებთ ინფორმაციას, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, ესა თუ ის საკითხი როგორ რეგულირდება, რაც ჩვენთვის ღირებულია“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა, ყურადღება პარტიების დაფინანსებაზე გაამახვილა.

კუბლაშვილის თქმით, როგორც ახალი “საარჩევნო კოდექსი” ასევე, “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” პროექტი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“დიპლომატებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება აღარ გახდება საჭირო, რადგან, ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან, კანონპროექტი შეფასებულია, როგორც ევროპული სტანდარტი”, - დასძინა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “საარჩევნო კოდექსი” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ პროექტი პარლამენტმა მიმდინარე კვირის  რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით მიიღო. რაც შეეხება პროექტებს, პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების მიმართულებით, შეზღუდვები წესდება, რომლის გათვალისწინებაც, პოლიტიკურ ძალებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოუწევთ. 

კანონპროექტის თანახმად, იმ პირთა ჩამონათვალი ფართოვდება, ვისგანაც პარტიებს ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება ეკრძალებათ. ამ ჩამონათვალს იურიდიული პირები, მათი გაერთიანებები ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნები ემატება.

ხოლო, რაც შეეხება ახალ „საარჩენო კოდექსს“, პარლამენტში მისი განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომლის გათვალისწინებაც პროექტში მოხდა. კერძოდ,  პროექტის თანახმად, 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს, მაჟორიტარულ ოლქებში, პარლამენტის წევრობის კანდიდატების, თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების და თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება ენიჭება. ამასთან, რეზიდენტობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც გადაიხედა და კანონით დადგენილი ცენზი შემცირდა. კერძოდ, პარლამენტის წევრად შეიძლება იქნას არჩეული პირი, რომელსაც საქართველოში ხუთი წელი მაინც უცხოვრია, ხოლო არჩევნების დანიშვნის დღემდე, ქვეყანაში ბოლო სამი წელი ცხოვრობდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ხმის მიცემის უფლება პატიმრებსაც, კერძოდ კი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებსაც ეძლევათ და ა.შ.

0

ავტორი: