08:41:36     22-12-2011
მედვედევი ხოდორკოვსკის შეწყალებას აპირებს?

ბოლო პერიოდში, რუსეთში ხშირად ახსენებენ ნავთობკომპანია იუკოს-ის ყოფილი ხელმძღვანელის სახელს. ხოდორკოვსკის პატიმრობიდან გათავისუფლების პირობა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პირველად, ერთ-ერთმა კანდიდატმა - მიხეილ პროხოროვმა გააჟღერა.
ძალიან მალე, თითქმის ანალოგიური პირობა დადო ვლადიმერ პუტინმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ის შეიწყალებს ხოდორკოვსკის, თუკი ეს უკანასკნელი, დანაშაულს აღიარებს და მას (როცა პრეზიდენტი გახდება) შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ხოდორკოვსკი დანაშაულის აღიარებას არ აპირებს. მოიგებს თუ არა რამეს ამ დაპირებით პუტინი, ძნელი სათქმელია, - თუ რა თქმა უნდა, ყველას ერთად, ამ „კოზირის“ გამოყენება, მედვედევმა არ დაასწრო.
ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საპრეზიდენტო საბჭო აცხადებს, რომ მედვედევს აქვს სრული საფუძველი, შეიწყალოს იუკოს-ის ყოფილი ხელმძღვანელები, მიხეილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი. მართალია, საბჭოს რეკომენდაციების შესრულება ვალდებულება არ არის, მაგრამ არც უკვე გახმაურებეული კომპეტენტური საექსპერტო დასკვნის იგნორირება იქნება იოლი. თანაც, საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტი, არა საზოგადოების ან თავად საპრეზიდენტო საბჭოს, არამედ სწორედ პრეზიდენტის დავალებით მომზადდა, რომელმაც დავალების მიცემისთანავე დასაშვებად მიიჩნია საქმის გადახედვა ან შეწყალება. უფრო ადრე კი განაცხადა, რომ „თავისუფლებაზე მყოფი ხოდორკოვსკი არაფრითაა საშიში, აბსოლუტურად არაფრით“.
თავის დროზე, ხოდორკოვსკიმაც განაცხადა, რომ ის, ციხიდან ახალ რუსეთში გამოვა. იქნება თუ არა ეს ასე, ძნელი სათქმელია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მანამდე ამგვარი ინიციატივის პუტინისაგან მოსმენაც წარმოუდგენელი იყო, მით უფრო, რომ მიხეილ ხოდორკოვსკი, მის პირად პატიმრად მოიხსენიება.
რაც შეეხება საპრეზიდენტო საბჭოს რეკომენდაციებსა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგებს, 400-გვერდიანი მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ იუკოს-ის საქმის განხილვისას, სასამართლოში „ფუნდამენტალურ დარღვევებს“ ჰქონდა ადგილი, მედვედევს დეტალურად 26 დეკემბერს გააცნობენ. ჯერ კიდევ საბჭოს სხდომამდე, მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ ფედოტოვმა განაცხადა, რომ ექსპერტების ახალმა დასკვნამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ხოდორკოვსკისა და ლებედევის ბედზე. აღმოჩნდა, რომ ასეც არის. საპრეზიდენტო საბჭომ უკვე განაცხადა, რომ იუკოს-ის მეორე საქმე უნდა გადაიხედოს.
გარდა ამისა, საბჭო იძლევა რეკომენდაციას, შეტანილ იქნას ცვლილებები პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და შეწყალების შესახებ კანონმდებლობაში. ამ დასკვნამდე სწორედ ხოდორკოვსკისა და ლებედევის საქმის შესწავლის შემდეგ მივიდნენ. ექსპერტებმა საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკაში აღმოაჩინეს პრობლემები, რომლებიც არა მხოლოდ იუკოს-ს შეეხება. ამიტომ, საბჭო, ეკონომიკური დანაშაულებების ამნისტირებასაც ითხოვს. საგამოძიებო კომიტეტს კი იუკოს-ის საქმის ხელახლა გამოძიებას სთავაზობენ. სხვადასხვა დარღვევებს შორის სახელდება ხოდორკოვსკისა და ლებედევის ერთსა და იმავე ქმედებისთვის დასჯის დაუშვებლობა. კერძოდ, პირველად, ისინი იმ ქონებაზე გადასახადის გადაუხდელობის გამო გაასამართლეს, რომელიც მეორე საქმეში მიტაცებულად ჩაითვალა. სამუშაო ჯგუფი თვლის, რომ საქმის განხილვისას დარღვეული იყო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპი, მხარეთა შეჯიბრებითობა და თანაბარუფლებიანობა, ასევე, უდანაშაულობის პრეზუმფცია.
მოგვიანებით, საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ექსპერტები არ აყენებენ იუკოს-ის ექს-ხელმძღვანელების პირდაპირ შეწყალების საკითხს, უბრალოდ, ხდება ინიცირება, რომ შეიცვალოს შეწყალების პროცედურა. „პრეზიდენტს აქვს უფლება, ნებისმიერი ადამიანი შეიწყალოს. გულმოწყალება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს რაღაც ფორმალურ მოთხოვნებზე. ჩვენ ვთვლით, რომ ცვლილება უნდა შევიდეს შუამდგომლობებისა და შეწყალების წესებში, რომლებიც 2001 წელს დადგინდა. ჩვენ, რეკომენდაციებში, ვწერთ პრეზიდენტს, რომ მას შეუძლია შეიწყალოს ხოდორკოვსკი და ლებედევი, ამისთვის მას აქვს კონსტიტუციური უფლებამოსილება“ - განაცხადა ფედოტოვმა.
ხოდორკოვსკის დამცველები თვლიან, რომ საპრეზიდენტო საბჭოს გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაასაჩივროს და გააუქმოს მათი დაცვის ქვეშ მყოფის განაჩენი.
ადვოკატი ვადიმ კლუვგანტი აცხადებს, რომ ამის შემდეგ „არცერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, მათ შორის ყველაზე უმაღლესსაც კი, არ რჩება შესაძლებლობა იცრუოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“, რადგან პრეზიდენტის საბჭოში საკმაოდ პატივცემული და ავტორიტეტული ადამიანები შედიან და მნიშვნელოვანია, რომ მათ არ შეეშინდათ, თავისი სახელები დაერქმიათ საგნებისათვის.
„ჩვენ ჩვენს საქმეს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, მაგრამ ახლა უკვე ველოდებით შესაბამის ქმედებებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან. ამ მოქმედებებს მთელი მსოფლიო ელის“ - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, იუკოს-ის ყოფილი ხელმძღვანელები მიხეილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი 2003 წელს დააპატიმრეს. ისინი თაღლითობისა და გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით გაასამართლეს და 2005 წელს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როცა პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა, ცნობილი გახდა, იუკოს-ის მეორე საქმის შესახებ და გასული წლის დეკემბერში, ორივე პატიმარს 14 წელი მიუსაჯეს. საბოლოოდ, ეს ვადა 13 წლამდე დავიდა. თავის დროზე, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია კი გაკოტრდა და მისი აქტივები სახელმწიფო „როსნეფტს“ გადაეცა.
მიხეილ ხოდორკოვსკი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებით, სინდისის პატიმარია, რომელმაც მიმდინარე წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში შესაძლებელია განვითარდეს ანალოგიური მოვლენები, როგორიც არაბულ ქვეყნებში მიმდინარეობს. „დღეს ჩვენ დემოკრატიის გამოღვიძების მოწმე ვართ იმ ქვეყნებში, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე, ავტორიტარული და დიქტატურული რეჟიმების მმართველობის ქვეშ იყვნენ. ეს გამოღვიძება ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არარსებობის კონტექსტში, - იმ ქვეყნებში, სადაც ოპოზიციას პირს უკრავენ ან ციხეში აგდებენ. ეს თქვენ არაფერს გაგონებთ?“
0