ღონღაძის ქვრივი კუჩმას მიმართ საქმის შეწყვეტით უკმაყოფილოა ღონღაძის ქვრივი კუჩმას მიმართ საქმის შეწყვეტით უკმაყოფილოა />


  20:11:09     21-12-2011

ღონღაძის ქვრივი კუჩმას მიმართ საქმის შეწყვეტით უკმაყოფილოა

a13628.jpg

ლეონიდ კუჩმამ მოახერხა და პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა, თუმცა ჯერჯერობით. უკრაინაში მოკლული ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის ქვრივი მიროსლავა ღონღაძე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას აპროტესტებს. მისმა ადვოკატმა კიევის სააპელაციო სასამართლოში უკვე შეიტანა სარჩელი პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა უკრაინის  გენერალური პროკურატურის დადგენილება ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ. როგორც ცნობილია, კუჩმა, გიორგი ღონღაძის საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და მკვლელობის შემკვეთად სახელდებოდა.

წინააღმდეგობა უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის წარმოიქმნა. აუდიოფირები, რომლებიც თითქოსდა, ადასტურებდა, რომ ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის შეკვეთა კუჩმამ გასცა, საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებად ჩათვალა, რომლის გათვალისწინებაც სასამართლოს აღარ შეუძლია.

გენერალურ პროკურატურაში კი ეს მასალები კუჩმას მიმართ მნიშვნელოვანი მასალა გახდა და აღძრეს კიდეც სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარე წლის მარტში. კუჩმას ბრალს უყენებდნენ ძალაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, მის მიმართ გათვალისწინებული იყო აღკვეთის ფორმა, შინიდან გაუსვლელობის შესახებ.

თუმცა, 16 ნოემბერს, კუჩმას ადვოკატებმა სერგეი ულიანოვმა და ვიქტორ პეტრუნენკომ საჩივარი შეიტანეს კიევის პეჩორის სასამართლოში, პროკურატურის დადგენილების გაუქმებისა და საერთოდ, კუჩმას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით.
14 დეკემბერს კი, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უსაფუძვლოდ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, ლეონიდ კუჩმას მიმართ.

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ კუჩმას მიმართ ეჭვების გარდა, აქვთ ინფორმაცია, რომ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ძალიან ცნობილი ადამიანები არიან გარეულები. ამის შესახებ თვით პროკურორის მოადგილემ, რენატ კუზმინმა განაცხადა, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში. თუმცა, ამ ადამიანების ვინაობის დასახელებისგან მან თავი შეიკავა. კუზმინმა ასევე კომენტარი გააკეთა კუჩმას საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურა საქმის შეწყვეტით აშკარად უკმაყოფილოა.

„როდესაც მე გავხსენი სისხლის სამართლის საქმე კუჩმას მიმართ, ვხელმძღვანელობდი რიგი მტკიცებულებებით, კერძოდ, მაიორ მელნიჩენკოს აუდიოფირებით, ექსპერტიზის დასკვნებით, თავად მელნიჩენკოსა და იმ ადამიანების ჩვენებებით, რომლებიც ესწრებოდნენ პრეზიდენტ კუჩმას კაბინეტში სხვა საუბრებსაც“ - განაცხადა მან.

კუზმინმა, ამ საქმის აჟიტირების გამო, ჟურნალისტებსაც უსაყვედურა და განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა გამოითქმის ათასნაირი პოზიცია, როცა ხან გამომძიბელი არ მოსწონთ, ხან კი მოწმე, დადგა შედეგი, როცა „აღარ არის კუჩმას მიმართ საქმე აღძრული. ყველა კმაყოფილი ხართ?“ - ასეთი რეაქცია ჰქონდა კუზმინს, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

0

ავტორი: