12:22:40     21-12-2011
ჯიოევას მომხრეები მოსკოვს ემუქრებიან

ალა ჯიოევას მომხრეები მიტინგების ეპიცენტრის ცხინვალიდან მოსკოვში გადატანას აპირებენ. ძნელი სათქმელია, რა გათვლებს ემყარებიან საპროტესტო გამოსვლებით ისედაც „განებივრებულ“ მოსკოვში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები, მაგრამ მათი თქმით, ჯიოევას მომხრეები რუსეთის დედაქალაქში ჩაატარებენ სანქცირებული აქციას, რომელშიც 500-დან 700 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
მართალია, კოკოითის დროებით შემცვლელთან - ვადიმ ბროვცევთან შეხვედრებიდან გამოსული ჯიოევა, ჯერჯერობით, ხმამაღალ უკმაყოფილებას არ გამოთქვამს, მაგრამ მისი მომხრეები იუწყებიან, რომ თუკი ჯიოევასა და კოკოითს შორის ხელმოწერილი შეთანხმება სრულად არ შესრულდება, ოპოზიცია ჯიოევას ინაუგურაციას ჩაატარებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული შეთანხმებით, ჯოევამ მოითხოვა და კოკოითმაც ხელი მოაწერა, რომ თანამდებობებს დატოვებდნენ ჯაბაევიჩის გუნდის ყველაზე აქტიური წევრები გენერალური პროკურორი და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. თუმცა ეს ადამიანები ამ დრომდე თავის პოსტებზე რჩებიან.
ჯიოევას კი უკვე წარმომადგენელი ჰყავს მოსკოვში. როდიონ სიუკაევმა თავისი პოზიციები გააჟღერა, რომელიც, სავარაუდოდ, ოპოზიციისათვის მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ვარიანტია. ამ გეგმის მიხედვით, თუ ჯიოევას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მას პრეზიდენტად აკურთხებენ და ქალაქში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად უიარაღო მაკონტროლებელ ჯგუფებსაც შექმნიან.
როგორც ცნობილია, ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ გადამდგარი კოკოითი ისევ ინარჩუნებს გავლენას და ძალაუფლების ხელიდან გაშვებას არ აპირებს. სიუკაევის ინფორმაციით, მათ მოითხოვეს ბროვცევისგან, გამოსცეს დოკუმენტი, რა ეკუთვნის გადამდგარ „პრეზიდენტს“, მაგალითად, როგორი დაცვა… რადგან კოკოითი ქალაქში დაბურულმინებიანი ორი „ნივით“ დასეირნობს და ხშირად სტუმრობს მთავრობის სახლს.
სიუკაევმა ისიც გაამხილა, თუ როგორ აიძულეს ჯიოევა, ხელი მოეწერა კოკოითთან შეთანხმების ფურცელს და შეეწყვიტა აქციები. ზეწოლაში გადამწყვეტ როლს მედვედევის წარმოგზავნილი სერგეი ვინოკუროვი ასრულებდა.
„ჯიოევას ხელის მოწერა აიძულეს იმის შიშით, რომ სამხრეთ ოსეთში სისხლი დაიღვრებოდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც მომრიგებელი იყო, გაცილებით მეტს დაპირდა ოპოზიციას, ვიდრე ეს შეთანხმებაშია ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ვინოკუროვის დაპირებები არ ასახულა დოკუმენტში, ჩვენ არ შეგვეძლო არ დაგვეჯერებინა მედვედევის წარმომადგენლისათვის, მაგრამ ვინოკუროვმა ჩვენ დაგვაშანტაჟა “ - განაცხადა სიუკაევმა.
მედვედევის სპეცწარმომადგენელი ცხინვალში რამდენჯერმე იყო ჩასული. ის, ოპოზიციასთან შეხვედრებს შორის ისევ მოსკოვში ბრუნდებოდა და მომავალი მოლაპარაკებებისთვის ინსტრუქციებს იღებდა. სიუკაევი ყვება, რომ ვინოკუროვი მათ აშინებდა: თუ ჯიოევა შეთანხმებას არ მოაწერს ხელს, ჩვენ წავალთ და თქვენ ერთი-ერთზე დარჩებით პრეზიდენტთან, სახელმწიფო დაცვასთან, ომონთან და შეიძლება დაიწყოს შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება…
სიუკაევი იმასაც აღნიშნავს, რომ ცხინვალში მიმდინარე პროცესები არ აისახებოდა რუსულ ცენტრალურ არხებზე და პირველი და მეორე არხი ბლოკავდა ინფორმაციას.
ახლა ოპოზიცია სიუკაევის სახელზე ღია მიმართვას ამზადებს, სადაც მის დაპირებებს გამოამზეურებს. „მათ გვაიძულეს შეთანხმებაზე ხელის მოწერა და ჯვარი დაუსვეს ადამიანების აზრს. და რუსეთის იმიჯი, როგორც დიდი დერჟავისა, ამ ჩინოვნიკების გამო, ძალიან დაზარალდა“ - განაცხადა ჯიოევას წარმომადგენელმა.
ამიტომ, ჯიოევას მომხრეები, მათ შორის მოსკოვის ოსური თემის წარმომადგენლები აპირებენ მიტინგების ეპიცენტრი ცხინვალიდან მოსკოვში გადაიტანონ. მათი სიტყვიერი მუქარა, ჯერჯერობით, იმაზე მეტყველებს, რომ ჯიოევა კონფრონტაციის გაღრმავებისთვის მზად არის.
0