ევროპულმა სასამართლომ პუტინის ხელისუფლება სიცოცხლის უფლების დარღვევაში დაადანაშულა ევროპულმა სასამართლომ პუტინის ხელისუფლება სიცოცხლის უფლების დარღვევაში დაადანაშულა />


  20:30:20     20-12-2011

ევროპულმა სასამართლომ პუტინის ხელისუფლება სიცოცხლის უფლების დარღვევაში დაადანაშულა

a13546.jpg

2002 წლის 23 ოქტომბერს, მოსკოვში, დუბროვკის თეატრალური ცენტრის შენობაში, მიუზიკლ “ნორდ ოსტის” 912 მაყურებელი 40-მა ბოევიკმა მძევლად აიყვანა, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა - ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა - სერგეი ივანოვმა ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე უარი თქვეს, რადგან მათი განცხადებით, ეს საერთაშორისო არენაზე რუსეთის პრესტიჟს მიაყენებდა ზიანს. სამი დღის შემდეგ, ძალოვანებმა თეატრის შენობაზე შტურმი მიიტანეს, გამოიყენეს ბუნებრივი აირი, რის შედეგადაც განადგურებულ იქნა ყველა ტერორისტი და დაიღუპა 130 მძევალი. ამ ფაქტიდან 8 წლის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანების წინაშე, რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ყველაზე მნიშვნელოვანი - სიცოცხლის უფლება.

აღნიშნული გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ არასწორად დაიგეგმა და განხორციელდა სამაშველო სამუშაოები ტერაქტის დროს, რის გამოც, რუსეთის ფედერაციას დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი - “ფიროგენოვი და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”, ტერაქტის შედეგად დაზარალებულმა 60-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა. ისინი რუსეთის ხელისუფლებას მათი სიცოცხლისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ევროსასამართლომ, რუსეთის ხელისუფლებას, 64 მოქალაქისთვის 8.866 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.  66 000 ევროს კომპენსაციის გადახდა მოუწევს რუსეთს ყაზახეთის მოქალაქე სვეტლანა გუბარევასთვის, რომლის 13 წლის ქალიშვილი და საქმრო, აშშ-ის მოქალაქე - სენდი ბუკერი სპეცნაზის თანამშრომლებმა მოკლეს. თავად სვეტლანა გუბარევა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს, მან სმენა დაკარგა. გუბარევა ამბობს, რომ მისთვის ინფორმაციაც კი არ მიუწოდებიათ თუ რა მოხდა და საკუთარი ჯანმრთელობის გარდა, რატომ დაკარგა უახლოესი ადამიანები.

ევროსასამართლოს გასული წლის მონაცემებით, რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ 1019 გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელშიც ადამიანის უფლებათა კონვენციის მინიმუმ ერთი დარღვევა ფიქსირდება. აქედან, სიცოცხლის უფლების დარღვევას ეხება 149 გადაწყვეტილება, ეფექტური გამოძიების არარსებობის გამო, გამოტანილია 159, ხოლო არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის გამო,  295 გადაწყვეტილება.

0

ავტორი: