სტეფანე ნოზაძის (ფონ-ტეფოს) „მქადაგებელი“ სტეფანე ნოზაძის (ფონ-ტეფოს) „მქადაგებელი“ />


  14:53:24     19-12-2011

სტეფანე ნოზაძის (ფონ-ტეფოს) „მქადაგებელი“

a13482.jpg

სტეფანე გიორგის ძე ნოზაძე დაიბადა 1862 წელს. იყო რკინიგზის ლიანდაგის მუშა, შემდეგ კონდუქტორი.

ლექსებს ბეჭდავდა „კვალში“, „თეატრსა და ცხოვრებაში“. 1912 წელს გამოსცა ლექსების პატარა კრებული „ლექსები“. ფონ-ტეფო მისი ფსევდონიმი იყო.

პოეზიის გარდა გატაცებული იყო თეატრით. იგი გახლდათ ხაშურის თეატრალური დასის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1897 წელს ხაშურში შეიქმნა პირველი ორგანიზებული თეატრალური დასი, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ სტეფანე ნოზაძე, დარისპან სარალიძე, დავით ახალკაცი, ლადო თურმანიძე და სხვები.

სტაფანე ნოზაძე გარდაიცვალა 1932 წელს.

დღეს გთავაზობთ ფონ-ტეფოს ლექსს „მქადაგებელი“. ამ ლექსის მეცხრამეტე და მეოცე სტრიქონები, გამოცემაში ამოღებულია ცენზურისაგან. იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკაში დაცულ სტეფანე ნოზაძის ლექსების კრებულში, იოსებ გრიშაშვილს ეს სტრიქონები აღუდგენია. იოსებ გრიშაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის მივიწყებული ავტორების ვინაობის დადგენაში და მათი შემოქმედების შემონახვის საქმეში.

კარგად ჩანს, როგორი მკაცრი ცენზურა ყოფილა იმ დროს, ასეთი სტრიქონებისაც კი შეეშინდათ: „და ბოროტების მთლად დასამხობად / აამხედრებდა ყველა ჩაგრულსა“.

მქადაგებელში პოეტი შესაძლოა  მაცხოვარს გულისხმობდა.

მქადაგებელი

ის დაიბადა ღარიბულ ქოხში,
შრომა-ტანჯვაში გამოიზარდა;
იმას დამხმარე არვინ ჰყოლია
თავის საკუთარ ჯან-ღონის გარდა.
თითო ან-ბანის სწავლის ძებნის დროს
მას ბევრგან თავი უწვალებია,
ბოლოს ის გახდა სხვის მასწავლებლათ
(თუმც მისთვის არვის უსწავლებია).
მან თავისავით დაჩაგრულ ხალხთან
სიყრმითვე იგრძნო მწველი იარა
და ხალხის ბედი თუ უბედობა
ყველა შუაზე გაიზიარა.
რაც ხალხს სჩაგრავდა, ის მას სტანჯავდა
(მასწავლებლათაც ხომ ეს გაუხდა)
დაბათ და სოფლად ყველა ტვირთმძიმეს
ის მოუხმობდა, სჭექდა და ქუხდა.
მისი სიტყვები სისწორით თქმული
ღრმათ ჩასწვდებოდა ხალხისა გულსა
და ბოროტების მთლად დასამხობად*
აამხედრებდა ყველა ჩაგრულსა.*
მაგრამ, რაკი აქ ბოროტმა ძალამ
თვის აღსასრული დღე დაინახა,
მსწრაფლად ეკვეთა წმინდა სიმართლეს
ფეხ-ქვეშ ჩაიგდო და გადალახა...
შეიპყრეს იგი მქადაგებელი,
ზურგზე აჰკიდეს წამების ჯვარი
და შეუყენეს გოლგოთის გზასა...
ის ჯვარზე აცვეს... დღესაც იქ არის...

0

ავტორი: