აშშ საქართველოსთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობისთვის ემზადება აშშ საქართველოსთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობისთვის ემზადება />


  21:41:45     17-12-2011

აშშ საქართველოსთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობისთვის ემზადება

a13448.jpg

აშშ-ს კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ისახავს მიზნად, ბარაკ ობამას კი ამ ურთიერთობებთან დაკავშირებული შესაბამისი გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა. კანონპროეტში, რომელიც ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზდენტს უკვე გადაეგზავნა, საუბარია საქართველოსათვის იარაღის მიყიდვაზეც.

როგორც დოკუმენტის 1244-ე მუხლშია აღნიშნული, მასზე ხელმოწერიდან არაუგვიანეს 90 დღისა, პრეზიდენტმა უნდა შეიმუშაოს და კონგრესს წარუდგინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის ნორმალიზაციის გეგმა, - თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის ჩათვლით.

იმ ამოცანებს შორის, რომელთა გადაჭრასაც აღნიშნული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს, შედის: საქართველოს მთავრობისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა თავისი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფაში, საქართველოს მიერ აღებული ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებისა და გაეროს 51-ე მუხლის გათვალისიწინებით; საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის უზრუნველსაყოფად აშშ-ის მიერ სამხედრო ტექნიკისა და ქონების მიყიდვა, ასევე სამხედრო მომსახურების გაწევა.

გარდა ამისა, კონგრესმენების სურვილია, რომ ობამას ადმინისტრაციამ დაარწმუნოს ნატო-ს სხვა წევრები და წევრობის ქვეყანა-პრეტენდენტები, აღადგინონ  სამხედრო ტექნიკის მიყიდვა, გაზარდონ მისი მოცულობა და აღმოუჩინონ საქართველოს სამხედრო მომსახურება, ნატო-ს უფრო ფართო ძალისხმევისა და საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში.

მოთხოვნილი გეგმა უნდა შეიცავდეს: „საქართველოს თავდაცვითი მოთხოვნილებების შეფასებას“, რომელიც პენტაგონმა უნდა მოამზადოს; ასევე,  ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამხედრო ტექნიკისა და ქონების შეძენის, სამხედრო მომსახურების შესახებ საქართველოს მთავრობის ყველა განაცხადის  ჩამონათვალს.

აღნიშნული ინიციატივა რესპუბლიკელ ჯონ მაკკეინს ეკუთვნის, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს ამერიკული იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება. კონგრესის ქვედა პალატაში მაკკეინს აქტიურად უჭერდა მხარს მაიკლ ტერნერი, რომელიც აღნიშნავდა, - „როგორ არ უნდა მივყიდოთ თავდაცვითი იარაღი ქვეყანას, რომლის ჯარისკაცებიც მხარდამხარ იბრძვიან ამერიკელებთან ერთად ავღანეთში?“

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრ ვერშბოუმ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კონგრესში გამოსვლისას, განაცხადა, რომ ვაშინგტონი არაა დაკავებული საქართველოს „გადაიარაღებით“. მისი თქმით, პენტაგონი თბილისს თანამედროვე, დასავლეთზე ორიენტირებული, ნატო-სთან ურთიერთქმედების შემძლე შეიარაღებული ძალების შექმნაში ეხმარება.

რუსეთში უკვე შეშფოთებას იწყებენ. რუსული მედია წერს, რომ „აშშ ოფიციალურად აპირებს მიჰყიდოს საქართველოს იარაღი“. სავარაუდოდ, ეს თემა ოფიციალური მოსკოვის უახლოესი დღეების „აჟიოტაჟის“ საფუძველი გახდება.

0

ავტორი: