13:20:57     17-12-2011
ჯალალ ედ-დინ რუმი („განვედი ძილო“... და სხვა)
ჯალალ (ჯელალ) ედ-დინ იბნ ბაჰა ედ-დინ რუმი დაიბადა 1207 წელს ქალაქ ბალხში, ხორასანში. მამამისი ბაჰა ედ-დინ მოჰამედ იბნ ჰუსეინ ხათიბ ბალხელი, ან, როგორც თანამედროვეები უწოდებდნენ ბაჰა ვალადი, სუფიზმის ცნობილი თეორეტიკოსი და მქადაგებელი გახლდათ. 1213 წელს, ორთოდოქსული ისლამის ფანატიკოსების მიერ დევნილი ბაჰა ვალადი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და კონიაში, რუმის სასულთნოში გადასახლებულიყო.
არსებობს გადმოცემა, რომ ნიშაბურში გავლისას ბაჰა ვალადიმ მოინახულა მოხუცი სუფი პოეტი ფერიდ ედ-დინ ათთარი, რომელსაც ექვსი წლის ჯალალისათვის უჩუქებია თავისი პოემა „ასრარნამე“ (საიდუმლოებათა წიგნი).
რუმში ბაჰა ვალადიმ დაარსა მედრესე და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. მამის გარდაცვალების მერე ჯალალ ედ-დინ რუმი გახდა სასწავლებლის ხელმძღვანელი. 1244 წელს პოეტმა გაიცნო მოხეტიალე დერვიში, შამს ედ-დინ მოჰამედ თაბრიზი (შემოკლებით შამსე თაბრიზი - თავრიზის მზე), რომელმაც მის ცხოვრებაში გარდატეხა გამოიწვია. ბრძენმა დაივიწყა მედრესე, პედაგოგიური მოვალეობები და დღესა და ღამეს მეგობართან საუბარში ატარებდა.
მალე შამსე თაბრიზი გადაიკარგა. ამის მერე, პოეტის უამრავი ლექსი შამსე თაბრიზისადმია მიძღვნილი, რომელიც ხშირად უზენაეს ჭეშმარიტებასთან ჰყავდა გაიგივებული. პოეტის ნაწარმოებებში, აღმოსავლური ტრადიციისამებრ, სადაც ავტორის ვინაობა უნდა მოიხსენიებოდეს, ჯალალ ედ-დინ რუმი შამსე თაბრიზის სახელს წერდა. ამიტომ, მისი ლექსების კრებულს „შამსე თაბრიზის დივანი“ ჰქვია.
რამდენიმე თვის წინ, ჯალალ ედ-დინ რუმის შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღვნიშნეთ, რომ ის მეგობრობდა თამარ მეფის შვილიშვილთან, თამართან, რომელიც რუმის სულთანს მიათხოვეს.
სპარსული მისტიკური პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი ჯალალ ედ-დინ რუმი გარდაიცვალა 1273 წელს, იკონიაში.
ამბობენ, გურჯი ხათუნის ბრძანებით აშენდა დიდი პოეტის მწვანე აკლდამა (თურბე). თამარისავე ბრძანებით დაუხატავთ ჯალალ ედ-დინ რუმის პირველი პორტრეტიც...
* * *
(თარგმნა მაგალი თოდუამ)
განვედი, ძილო, და გულისწორთ,
ჩემთ, უშვი ხელი,
თორემ სულ მარტოდმარტო დავრჩი
აშიყი ძველი.
ასე ქვებივით რომ დამკიდე
ნაჭაზე იჭვის,
ქვეშ კიდევ ცეცხლი რომ შემინთე
ასეთი მწველი,
ეს მაინც მითხარ, ამ ჩემს სულში
რას წალავ ასეთს,
რა იხარშება ასე ნელი
და ასე ძნელი?
რა გახდა მართლა, ერთხელ კეფაც რომ მოვიფხანო,
ისე დამიბღვერ,
კაცის ვიყო თითქოსდა მკვლელი.
შენ კვნესა ჩემი არც კი გესმის,
შენ არც მომხედავ,
თუმც სახვეწნელად გამოწვდილი
შენსკენ მაქვს ყელი.
ამაღე ხელი, სიცოცხლეო,
ამაღე ხელი,
ამაოდ მელი შინ მშვიდობით,
თუ მართლა მელი.
მე სხვა გზა მიდევს,
სხვა მეძახის,
სხვა მელოდება, -
ვიშ რა წარმტაცად გადაშლილა
არყოფნის ველი!.
* * *
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
ჩვენ აივანზე ჟამი გვედგა მწველი, მე და შენ.
ორი სხეული, სულით ერთი მთელი, მე და შენ.
ბაღმა გვაპკურა უკვდავების წყაროს ცვარ-ნამი,
როცა ბაღნარში მოვიღერეთ ყელი, მე და შენ.
ჩვენს სათვალთვალოდ აციმციმდნენ ცაზე ვარსკვლავნი,
ჩვენ, როგორც მთვარე თეთრ ღრუბლებში მვლელი, მე და შენ.
ორნი აღარ ვართ, შეგვანივთა სიამის ჟამმა
და დავუტევეთ მჭმუნვარება ძველი მე და შენ.
ტრფობის სურვილით დაიშრიტნენ ფრინველნი ცათა,
როს წამოვანთეთ ვნებით ღამე, ბნელი, მე და შენ.
ჰე, საოცრებავ, იმ წამს, როცა ერთად ვიყავით
და როცა გვწადდა სიახლოვე, მწველი, მე და შენ.
შენ ხორასანის ცა გფარავდა, მე კი ერაყის
და გვაშორებდა ჩვენ მანძილი ვრცელი, მე და შენ..
* * *
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)
ამ უსალბუნო სევდის ზღვარი რომელი არის?
ამ უზღუდო გზის მეგობარი რომელი არის?
ეს გონია თუ გაოგნება?! - რა არის, ღმერთო?
ეს სულია თუ სატრფო არის? - რომელი არის?
ეს მარადმნათი ჩირაღდანი სამყაროისა
თუ არც უღვთოა, არც ღვთის გვარის... რომელი არის?
ეს უნაპირო ზღვა სავსეა მარგალიტებით
და ადამის ძის ლალ-გოვარი რომელი არის?
გონებას ვიმღვრევ მე ფიქრებით, მაგრამ არ ვიცი,
ეს გზა სწორია თუა მცდარი.... რომელი არის?
ჩემს სიტყვებს ყიბლა თუ არა აქვს, ის მაინც მითხარ -
დადუმებული საუბარი რომელი არის?