კირილე გიორგაძის (ცალხელის) „მოწოდება“ (და კიდევ ერთი ლექსი) კირილე გიორგაძის (ცალხელის) „მოწოდება“ (და კიდევ ერთი ლექსი) />


  13:42:06     16-12-2011

კირილე გიორგაძის (ცალხელის) „მოწოდება“ (და კიდევ ერთი ლექსი)

a13401.jpg

კირილე ალექსანდრეს ძე გიორგაძე (ცალხელი - მ. გიორგაძე) მეოცე საუკუნის დასაწყისში ლექსებს ბეჭდავდა „ივერიაში“, „ახალ დროებაში“.

შალვა გოზალიშვილი, წიგნში „ქართული მხატვრული ლიტერატურის ისტორია“, წერს:

„პოეტ-აკადემიკოსის იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ფსევდონიმი „ცალხელი“ ეკუთვნის გიორგაძეს. თუკი ვინ არის ეს გიორგაძე, მის შესახებ ცნობები არ მოგვიპოვებია. ვიცით მხოლოდ, რომ ეს გიორგაძე სინამდვილეში ცალხელა კაცი ყოფილა, რის მიხედვითაც აუღია მას თავისი ფსევდონიმი“ (გვ. 145).

ჩვენი ვალია, არც ერთი პოეტი არ იქნეს დავიწყებული საქართველოში. ამ მიზნით, ვამდიდრებთ პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკას, არა მარტო დიდი შემოქმედების ქმნილებებით, ასევე, უცნობი, ნაკლებად ნაცნობი თუ მივიწყებული მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებით, ესეებით...

ხშირად, მივიწყებული პოეტების თუ პოეზიის სიყვარულით ანთებული, უჩინო ავტორების ნაწარმოებები საკმაოდ კარგია, სავსეა გრძნობებით, ხშირად შესანიშნავი პოეტიკით, თავისი დროისათვის ახალი იდეებით, სიახლეების დამკვიდრებისა მცდელობით თუ ტრადიციული ფორმების ერთგულების გრძნობით.
 
მკითხველს უკვე მივაწოდეთ თუ გავახსენეთ არა ერთი ასეთი მივიწყებული ავტორის ლექსი. ასევე გამოვაქვეყნეთ არაპოეტი მოღვაწეების პოეტური ქმნილებებიც. ამ საქმეს ისევ გავაგრძელებთ, შთამომავლობა უნდა იცნობდეს ყველაფერს, რაც ხდებოდა ერთი თუ მეტი საუკუნის წინ ქართილი ლიტერატურულ სივრცეში.

მკითხველი დარწმუნდება, ღირს წავიკითხოთ კირილე გიორგაძის ლექსები.

პირველი ლექსი („დილის ლაჟვარდნო“) უნდა იყოს 1903-1905 წლების რევოლუციური მოძრაობით აღფრთოვანებული და იმედმოცემული ადამიანის გზნებით შექმნილი, რომელსაც იმედი ჰქონდა სამართლიანობის გამარჯვებისა, ბოროტ, ხალხის მჩაგვრელ ძალებზე, რუსეთის მეფის ხელისუფლებაზე. მეორე ლექსიც, „მოწოდება“, ამავე სულისკვეთებითაა დაწერილი.

* * *

დილის ლაჟვარდო, დიდებულო გაზაფხულისა,
ჩაგრულთ სასოო, მძლეთა მძლეო, ამაღლებულო,
მადლი შენს ცისკარს, წინამორბედს შენი გულისა...
მადლი შენს ძალას, შარავანდედს, გაბრწყინვებულო!

თქვენ კი ეშმაკნო, ტარტაროზნო, უგრძნობდეთ წყვდიადს...
ეჰა, დაგიდგათ საშინელი დღე განკითხვისა...
დაემორჩილეთ! სად წაუხვალთ, ბრიყვნო, განთიადს!
შესდექით მტერნო სინათლისა, ღირსნო რისხვისა!

ჰხედავთ თქვენ, გველნო, იქ ბულბული ვარდს რომ უმღერდა,
მან მიანება სატრფოს თავი... ლაჟვარდს შეჰხარის...
და თუ ვის კერძოთ გული-სული უცემ-უძგერდა,
დღეს გასაყოფი იმათ შორის არარა არის...

სთქვით, რას ეტრფოდით, რას ელოდით, დაბნელებულნო!
ისევ ღამესა? ხა, ხა, ხა, ხა! მართალი არის...
თქვენ გულს გისერავთ, სიბნელეში გალაღებულნო,
ბრწყინვა-ციმციმი მოკაშკაშე დიად ცისკარის!..

ნუ ძრწუნავთ, ურცხვნო! მიაპყარით ბილწი თვალები,
ლაჟვარდოვანსა, სიმართლითა ლამპარ-აგზნებულს...
დაუმორჩილეთ, საზიზღრებო, სუსტი ძალები
დილის ლაჟვარდსა აწ ბნელეთზე გამოლაშქრებულს!

1904 წელი, „ივერია“, # 147

მოწოდება

მო, ტალღა ვკრათ წარმავალსა,
შავს უფსკრულსა ჩავასვენოთ,
და გზა მივცეთ მომავალსა,
ბრიყვთა თავი არ ვაჩვენოთ.

დროა მოკვდეს რაცა კვდება,
რაც იზრდება - გზა მიეცეს,
ძმებო! გვმართებს თავდადება,
რომ სიცრუე ძირს დაეცეს...

წარსულმა ხომ მისცა აწმყოს,
აწმყოც მისცემს მომავალსა,
ვაგლახ იმ კაცს, ვინც უარჰყოფს,
აღუდგეს წინ „ძალთა-ძალსა“...

1904 წელი, „ივერია“, # 215

0

ავტორი: