ივანიშვილის მხარდამჭერ დიმა ჯაიანს, მძიმე დანაშაულებში ამხელენ ივანიშვილის მხარდამჭერ დიმა ჯაიანს, მძიმე დანაშაულებში ამხელენ />


  08:23:56     16-12-2011

ივანიშვილის მხარდამჭერ დიმა ჯაიანს, მძიმე დანაშაულებში ამხელენ

a13381.jpg

ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა რიგები საინტერესო სახეებით ივსება. მათ შორის მოიკალათა დიმა ჯაიანმაც, რომელიც ივანიშვილის გამოჩენამდე, მიმდინარე წლის მაისში, ბურჯანაძის აქციებზე იდგა, რუსული დროშის ქვეშ. მანამდე კი, იგი არაერთ სკანდალში გაეხვა, მათ შორის იყო სოხუმის თეატრის მსახიობ, მიხეილ ქვაჭრელიშვილის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობა, რომლის მეგობრებიც სწორედ ჯაიანისკენ იშვერდნენ ხელს.

მიხეილ ქვაჭრელიშვილის ცხედარი 12 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში იპოვეს. ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, ქვაჭრელიშვილს, სოხუმის თეატრიდან, კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილი ფინანსური დარღვევების საფუძველზე გათავისუფლებული დიმა ჯაიანი დაუპირისპირდა, იმის გამო, რომ ქვაჭრელიშვილმა ჯაიანის სოლიდარობის მიზნით თეატრი არ დატოვა და მის მიმართ ღია მუქარასაც არ ერიდებოდა. კონტროლის პალატის მასალებში, რომელიც ჯაიანის გათავისუფლების მიზეზი გახდა, აღნიშნული იყო, რომ ფინანსთა სამინისტროში სათანადოდ არ იყო წარდგენილი ხარჯთა ნუსხა, ასევე, სათანადოდ არ იყო გამართული სალარო მეურნეობა. საანგარიშო პერიოდში გაცემული 23 245 ლარიდან დოკუმენტალურად დადასტურებული იყო მხოლოდ 7 760 ლარის ხარჯვა, ხოლო დაახლოებით 14 00 ლარის თანხაზე არასრული დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი. გარდა ფინანსური დარღვევებისა, ივანიშვილის მხარდამჭერ დიმა ჯაიანს ნარკოტიკულ დანაშაულშიც ამხელენ.    

‘’პრესა.ჯი’’ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველს, რაულ ქირიას ესაუბრა.    

- ბატონო რაულ, სოხუმის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი - დიმა ჯაიანი, დღეს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა რიგებშია. თქვენ საკმაოდ დიდხანს გიწევდათ მასთან მუშაობა, როგორ შეაფასებთ დიმა ჯაიანს?

- დიმა ჯაიანს ყველა კარგად იცნობს. ეს ადამიანი სპეკულირებს ყოველ ნაბიჯზე და გარბის იქ, სადაც ფულს ხედავს. საერთოდ ივანიშვილმა გარშემო უმრავლესობა ჯაიანისნაირი ადამიანები შემოიკრიბა, რომელთა არათუ დაჯერება, მოსმენაც კი შეუძლებელია.

დიმა ჯაიანი ძალიან კარგი მსახიობია, მაგრამ ის არის ძალიან ბინძური პიროვნება, ადამიანი, რომელსაც მხოლოდ სიბინძურის კეთება შეუძლია და ვერასდროს იტყვის, რომ რამე გაუკეთებია აფხაზეთისთვის. ბევრი შესანიშნავი პიროვნება დგას სცენაზე, მაგრამ ჯაიანის მსგავსად არავინ იქცევა. ყოვლად მიუღებელია ისეთი პოლიტიკური თამაშები, როგორშიც ის არის ჩართული. შემიძლია ციტატა მოგიყვანოთ, თუ როგორ ახასიათებენ მას აფხაზეთიდან დევნილები. ისინი ამბობენ, რომ ‘’ჯაიანი ერთი ქუჩაში მდგომი „პრისტუპნიკი“ იყო აფხაზეთში’’. ვურჩევდი მას, ჩუმად იყოს, რადგან მისი გამოჩენა, ძალიან აღიზიანებს საზოგადოებას.

- როგორც ცნობილია, ჯაიანი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან კონტროლის პალატის შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო გაათავისუფლეს, რა დარღვევები გამოვლინდა მისი ხელმძღვანელობის დროს სოხუმის თეატრში?

- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამაში კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ იყო სერიოზული დარღვევები, რომლის საფუძველზეც გათავისუფლდა. რაც შეეხება მის შემდგომ ქმედებებს, რომ თითქოს თეატრი იღუპება, ვერ იარსებებს ჯაიანის გარეშე და ა.შ. ეს გამოსვლები იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. მან პოლიტიზირებული გახადა ეს პროცესი, იმის ნაცვლად, რომ გაჩუმებულიყო, რადგან თავის გასასამართლებელი არაფერი ჰქონდა. ასევე საზოგადოებამ იცის სოხუმის თეატრის მსახიობის საეჭვო ვითარებში დაღუპვის შესახებ, რის შემდეგაც იგი პრესაში ბრალდებებს გვიყენებდა: ქირიამ ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენა ეს ფაქტიო. გამოძიება დღესაც მიმდინარეობს და აუცილებლად დაადგენს კვალს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენს დიმა ჯაიანი. თქვენგან შევიტყვე, რომ ის ივანიშვილს უცხადებს მხარდაჭერას. ივანიშვილს მხარდაჭერას ბევრი სასაცილო ე.წ. პოლიტიკოსი უცხადებს. ივანიშვილის პარტია - ‘’ქართული ოცნება’’ მასკარადს ჰგავს, ეს ადამიანები ივანიშვილს ბერკეტებს გამოაცლიან. ვერ დავიჯერებ, ვინმე გულწრფელად უჭერდეს მხარს, ყველა ფულის გამოა მასთან მისული და  ყველა ვაჭრობს ძალიან დიდ ბაზარზე. ვაჭრობის შედეგებს, იმედია, ძალიან მალე ვნახავთ.

- მიხეილ ქვაჭრელიშვილის მკვლელობას რომ დავუბრუნდეთ, ცნობილია, რომ მას დიმა ჯაიანი დაუპირისპირდა და იყო მუქარებიც მისგან...

- თეატრის მსახიობები ამბობენ და გამოძიებასაც აქვს ინფორმაცია, რომ დიმა ჯაიანი მას მუდმივად ემუქრებოდა ტელეფონზე. თქვენ ალბათ ნახეთ მისი სატელევიზიო კომენტარიც, დიმა ჯაიანმა ‘’რუსთავი 2’’-ის ჟურნალისტს, რომელმაც ამ საკითხზე კომენტარისთვის მიმართა, უთხრა: ნეტა მკვდარი იყოსო. აქ ყველაფერი ნათელია. თუმცა, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე თავს ვერავინ დადებს. შეიძლება იგი ფსიქკიურად შეშლილიც არის, ამას გამოკვლევა სჭირდება, იმიტომ, რომ ძალიან არამყარი პიროვნებაა. მე შემიძლია გითხრათ, რომ კოდორის ხეობაში, სადაც თეატრალური ფესტივალი უნდა გამართულიყო და  დიმა ჯაიანს ეთამაშა სპექტაკლში: ‘’ზღვა რომელიც შორია’’, რომლის გადასაღებადაც წაყვანილი გვყავდა უცხოური პრესის წარმომადგენლები, მითხრეს: ჯაიანი ‘’ლომკაშია’’, ცუდად არის და სპექტაკლში ვერ ითამაშებსო.

- იქიდან გამომდინარე, რომ ის სოხუმის თეატრის ხელმძღვანელი იყო, თქვენ გიწევდათ მასთან თანამშრომლობა, ურთიერთობებში როგორია დიმა ჯაიანი?

- მასთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია. ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ საზოგადოებას მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონოდა სოხუმის თეატრის შესახებ. ერთ პრეცედენტს გავიხსენებ: როდესაც ჩვენ ვიყავით განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე აპლაკოვის ქორწილში, მან მე მაგინა, შემდეგ კი თვითონვე შეყარა პრესა - რაულ ქირიამ პროვოკაცია მომიწყოო. სიტყვაც კი არ შემიბრუნებია. 

- როგორც ცნობილია, როდესაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დალი ხომერიკი დაინიშნა, მან აღმოაჩინა, რომ ჯაიანს სამსახურში წარდგენილი არ ჰქონდა ნარკოლოგიური ცნობა და ცნობის წარმოდგენა მოსთხოვა. ივანიშვილის რიგებში მას ამ ცნობას ალბათ არ მოსთხოვდნენ...

- ეს ალბათ მოხდა ჩემი კომენტარის შემდეგ, როცა მას ნარკოტიკების მოხმარებაში დავდე ბრალი. ეს დეტალი ზუსტად არ მახსოვს. თუმცა ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებისას, აუცილებელია.

ადამიანი, რომელიც ცდილობს ნებისმიერ საკითხზე მოაღოს პირი და ილაპარაკოს, რომ მოხდეს მისი პოპულარიზაცია, თუ ბიძინასთან მივიდა, მას ისევე წარმატებით ჩაეხუტება, როგორც ეხუტებოდა შევარდნაძეს, მაგრამ საზოგადოებამ ჩემზე კარგად იცის თუ ვინ არის ბიძინას პოლიტიკური ელიტა, შესაბამისად, სპექტაკლი, რომელიც იგეგმება, ალბათ, ანშლაგით ჩაივლის და შემდგომ ყველას დაავიწყდება.

0

ავტორი: