ანა კალანდაძის დაბადების დღისადმი ანა კალანდაძის დაბადების დღისადმი />


  15:13:16     15-12-2011

ანა კალანდაძის დაბადების დღისადმი

a13369.jpg

1924 წლის 15 დეკემბერს გურიაში, სოფელ ხიდისთავში დაიბადა დიდი ქართველი პოეტი ანა კალანდაძე.  საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს . 1946 წელს დაასრულა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური ენების სპეციალობით.

ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1946 წელს გაზეთ “ლიტერატურასა და ხელოვნებაში” და ჟურნალ „მნათობში”.

ანა კალანდაძის ლექსების პირველი კრებული გამოვიდა 1953 წელს. კრებულმა პოპულარობა მოუტანა. შემდგომ წლებშიც ნაყოფიერად მუშაობდა და გამოსცემდა ლექსების კრებულებს, სხვადასხვა გამოცემებში ბეჭდავდა თავის ნაწარმოებებს. მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

თვითონ ანა კალანაძე თარგმნიდა უცხოელი პოეტების, ალექსანდრე პუშკინის, სტეფან მალარმესა და სხვათა ნაწარმოებებს. აქვეყნებდა ესეებს, წერილებს. წერდა მოგონებებს. 

მის ნაწარმოებებზე არა ერთმა კომპოზიტორმა დაწერა სიმღერა. კომპოზიტორმა ნოდარ მამისაშვილმა ანა კალანდაძის ლექსის ტექსტზე შექმნა თავისი მეოთხე სიმფონია, განკუთვნილი სოპრანოს, ტენორისა და ფორტეპიანოსათვის.

ანა კალანდაძე გახლდათ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და პუბლიცისტიკის დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, “საპატიო ნიშნის” ორი და ღირსების ორდენის კავალერი, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია "საბას" მფლობელი...

ანა კალანდაძის პოეზია ძალიან უშუალოა და გამოირჩევა სინატიფითა და სინაზით. განსაკუთრებულია მისი ლირიზმი, ფრაზის სიფაქიზე, სილამაზე და თუ შეიძლება ითქვას, ხშირად ბავშვურობაც კი, რითმის უჩვეულობა და უბრალოება, ძველი და თანამედროვე ლექსიკის შერწყმა.

ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს.
 
ანა კალანდაძის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი.

როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი,
რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!

უცხო ჩვენება თოვლიან მთების

თოვლიან მთების შორეულ კალთებს
ყოველდღიურად
მზის ჩასვლის შემდეგ ნათელი ადგას
მარადიული...
გოლიათები ჭექენ და ქუხან
წარსულის ფერფლით...
საქართველოზე მოდის მაჰმად-ხან,
ქუდზე კაცს კრეფენ...
ლაშქარს მიუძღვის ხმალჩაუგები
ერეკლე მეფე...
და იმ მთებიდან
მძიმედ ეშვება თორღვა მთიული...
თოვლიან მთებზე ნათელი დგება
მარადიული...

* * *

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაჰყვა... სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით.

ბოდბედან ნინოწმინდამდე
(საგარეჯოში გაგონილი)

ნინოობა დღეს
თითქმის უცვლელად
ამ გზებზე ქარნი
ქრიან ძლიერნი.
იფარებიან
გზები ბურუსით,
თითქოს... რაღაცას
მოელიანო...
ცას შეავედრებს
დათოვლილ სოფლებს, -
ნათელი რამე
გზაზე დგებაო:
ბოდბედან
თვისი
კაბის შრიალით,
ამბობენ, ნინო
მობრძანდებაო.

ბრძოლით ბრუნდება ლაშქარი

ვინ შეაცდინა ეშმაკმა?
ვინ გმო სახელი უფლისა?
ვინ გაბედაო მეფისთვის...
კარავთან
ტყორცნა შუბისა?
დაგვირჩა მეფე დავითი,
დიდია უფლის სახელი!
წყაროსთან პური გატეხეს,
თან... მოისინჯეს ნახმლევი...
ელღაზის ჯარი აოტეს,
„სალამ უბარეს შორითა“:
ყველამ წერილი წაიღო,
ვინც ჩვენთან მტრობით მოვიდა!
დიდია უფლის სახელი
სასწორ-სამართლის
მქონები...
ჩრდილში დამსხდარან ვაჟები,
ტანთ გაუხდიათ თორები.

0

ავტორი: