14:07:47     15-12-2011
ყოველწლიური ეროვნული პროგრამა
2008 წლის დეკემბერს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოსთვის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) მინიჭების შესახებ. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. ხსენებული პროგრამა ფაქტიურად წარმოადგენს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) ფორმატით გათვალისწინებული ყოველწლიური ეროვნული გეგმის იდენტურ ფორმატს. ამრიგად, ნატო-ს დეკემბრის მინისტერიალის გადაწყვეტილებით, საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა და ფაქტიურად MAP-ის ქვეყნების მსგავსად დაიწყო ეროვნული ყოველწლიური პროგრამის განხორციელება.
ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დეტალურად განსაზღვრავს საქართველოს კონკრეტულ ვალდებულებებსა და ამოცანებს. ის მოიცავს როგორც ზოგად მიმართულებებს, ასევე კონკრეტულ ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს მიმდინარე წლის განმავლობაში.
აღნიშნული დოკუმენტი ერთწლიანია და შედგება შემდეგი თავებისაგან:
• პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები (I თავი)
• თავდაცვისა და სამხედრო საკითხები (II თავი)
• რესურსების საკითხები (III თავი)
• უსაფრთხოების საკითხები (IV თავი)
• სამართლებრივი საკითხები (V თავი)
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებასა და აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში. ყოველწლიური ეროვნული პროგრამის თავდაცვის ნაწილი ასახავს თავდაცვის რეფორმების ძირითად მიმართულებებს მინისტრის ხედვის შესაბამისად.
mod.gov.ge
0