13:39:05     15-12-2011
“საქართველო, რამდენიმე წელიწადში, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნა”

თავისუფალ უნივერსიტეტში, დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე, ჰოლანდიელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველო დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან, რამდენიმე წელიწადში, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნა. თბილისი კი, დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქი გახდა. მან აუდიტორიის ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ კლება ყველა ტიპის დანაშაულზე გავრცელდა და გამოკითხულთა 72%-ის აზრით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ეს ტენდენცია შენარჩუნდება.
ვიქტიმიზაციის ხარისხის შესახებ მონაცემები და მათი შედარებითი ანალიზი, შეკრებილ აუდიტორიას, ტილბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაერთიანებული ერების (UN) ორგანიზაციის ვენის დანაშაულებათა და ნარკოტიკების ოფისის ყოფილმა დირექტორმა, ვიქტიმოლოგმა იან ვან დაიკმა გააცნო. პრეზენტაციაზე იან ვან დაიკიმა იმაზეც ისაუბრა, რომ დანაშაულის მსხვერპლთა საერთაშორისო კვლევის (ICVS) მონაწილე არცერთ სხვა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა დანაშაულის კლება იმ მასშტაბით, როგორც ეს საქართველოში მოხდა.
დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში 2010 და 2011 წლებში ჩატარდა. მისი ტექნიკური ნაწილი კომპანია „გორბიმ" განახორციელა. რესპოდენტები შეირჩა მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით, თითოეულ წელიწადს გამოიკითხა 16 წლის და უფროსი ასაკის 3000 რესპოდენტი. საბოლოო ანალიზი კი, იან ვან დაიკმა და კრიმინოლოგიის პროფესორმა გიორგი ღლონტმა მოამზადეს.
ამ მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ყველაზე მკვეთრად შემცირდა ავტომანქანის ქურდობის ფაქტები, მისი მაჩვენებელი 15,4-იდან 0,0-მდე დაეცა, დანაშაულის საფრთხის შეგრძნება აქვს საქართველოს მოქალაქეთა 7%-ს, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კანადის, დანიის, გერმანიის და შვედეთის ანალოგიური მონაცემები.
„პრესა.ჯი“-მ შს სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებს გადახედა. 2011 წლის 9 თვეში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2219 დანაშაულით ნაკლები ფიქსირდება. ქვეყანაში, ამ პერიოდში, აღრიცხულია 24 455 დანაშაული, აქედან განზრახ მკვლელობა გახლავთ 86, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 43-ით ნაკლებია. გახსნილია მკვლელობის 58 საქმე. მკვლელობის მცდელობის 185 შემთხვევიდან გახსნილია 160. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 71 ფაქტია დაფიქსირებული, აქედან გახსნილია - 58. გასულ წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 280-ით არის შემცირებული. 2010 წლის 9 თვეში რეგისტრირებულია 78 გაუპატიურების ფაქტი, მიმდინარე წელს - 58. გასული წლის 9 თვის მანძილზე, ქვეყანაში თავისუფლების უკანონო აღკვეთის 24 შემთხვევაა აღრიცხული, მიმდინარე წელს, ამ დანაშაულმა საგრძნობლად იკლო და მხოლოდ 2 ფაქტი ფიქსირდება, გახსნილია ორივე დანაშაული. რაც შეეხება ქურდობას, გასულ წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 132 ერთეულით მცირდება და მიმდინარე წლის 9 თვეში 2684 დანაშაულია აღრიცხული. მიმდინარე წლის 9 თვეში დაფიქსირებულია ძარცვის - 368, ყაჩაღობის - 190 შემთხვევა.
ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა გამოირჩევა. შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში 2772 ასეთი დანაშაულია აღრიცხული, აქედან გახსნილია 2331. რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 1298-ით ნაკლებია. შემდეგ მოდის ტრანსპორტის მოძაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა - 2206 ფაქტი. ასევე მაღალი მაჩვენებელი აქვს თაღლითობას. შს სამინისტრომ მიმდინარე წლის 9 თვეში, თაღლითობის 1114 შემთხვევა დაარეგისტრირა. საერთო ჯამში, ყველა დანაშაულზე კლება აღინიშნება. გამონაკლისებს წარმოადგენს მხოლოდ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარვევა, რომელმაც გასულ წელთან შედარებით, 170 ერთეულით მოიმატა, გამოძალვის 6 შემთხვევით მეტია დაფიქსირებული, საქართველოში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თაღლითობა მატულობს 34, მძევლად ხელში ჩაგდება - 6, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - 7, ხოლო ტერორიზმი - 4 ერთეულით.
0