19:08:57     14-12-2011
ნაფიცმა მსაჯულებმა, შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილე პირებს, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

27 წლის ნოდარ მარტიაშვილი, 2004 წლის 7 სექტემბერს, ორთაჭალის ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. თუმცა, როგორც წლების შემდეგ გაირკვა, ეს თვითმკვლელობა კი არა, კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო, რომლის დამკვეთიც, საქმის მასალების მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტი დავით ქურასბედიანი, მეტსახელად „წრიპა“ გახლავთ. სწორედ ამ საქმეს განიხილავდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
საქმის მასალების მიხედვით, ნოდარ მარტიაშვილი ციხეში, ციხის მაშინდელი “მაყურებლის”, ალექსანდრე ქურასბედიანის - “წრიპას” ახლობლების, ძმებ სომხიშვილების განზრახ მკვლელობის გამო მოხვდა. ამიტომ ‘’წრიპამ’’ მარტიაშვილის მკვლელობა განიზრახა და იგი ლევან ბეჟანიშვილს, რომეო სარქისოვს, ბექა მაისურაძეს, ზურა ოქრუაშვილს და ლევან კიკაბიძეს დაავალა. ქურასბედიანის დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა მძინარე ნოდარ მარტიაშვილს ხელ-ფეხი შეუკრეს და ბალიშით გაგუდეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის იმიტაციის მიზნით, მისი ცხედარი ტუალეტში, თასმით ჩამოკიდეს.
მარტიაშვილის მკვლელობა სამართალდამცველებმა თვითმკვლელობად დააკვალიფიცირეს. დანაშაული ახლახანს, ყოფილი პატიმრის ჩვენების საფუძველზე გაიხსნა, რომელიც აღნიშნულ მკვლელობას ესწრებოდა.
მარტიაშვილის მკვლელობაში მონაწილე ბექა მაისურაძე გარდაცვლილია. რაც შეეხება მკვლელობის დამკვეთ დავით ქურასბედიანს, იგივე "წრიპას", იგი მიმალვაშია და დაუსწრებლად აქვს მისჯილი სამუდამო პატიმრობა. დღეს, თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა, მკვლელობაში მონაწილე დანარჩენი პირების მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა და ბრალდებულები: რომეო სარქისოვი, ლევან კიკაბიძე და ვახტანგ ბეჟანიშვილი დამნაშავედ ცნო, 2004 წლის 7 სექტემბერს, სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ნოდარ მატიაშვილის განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ - ჯგუფურად, შეკვეთით და წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. ვერდიქტი ბრალდებულების, სარქისოვისა და ბეჟანიშვილის მიმართ მიღებული იქნა ერთხმად, ხოლო ბრალდებულ კიკაბიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი, მიღებული იქნა 10 ხმით, 2-ის წინაღმდეგ.
მოცემულ საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, ჩატარდა 6 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ორი ბრალდებული და 23 მოწმე, ასევე, მხარეთა მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.
მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას მიიღებენ სასაჯელის დანიშვნის სხდომაზეც, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2011 წლის 15 დეკემბერს, 10 საათზე გაიმართება.
0