შალვა რამიშვილის მიერ, ფულის გამოძალვის საქმის მასალები შალვა რამიშვილის მიერ, ფულის გამოძალვის საქმის მასალები />


  23:01:52     13-12-2011

შალვა რამიშვილის მიერ, ფულის გამოძალვის საქმის მასალები

a13321.jpg

ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით, ‘’დარდუბალას’’ ახალი ვარიანტი, რომელსაც „ბანანის რესპუბლიკა’’ ერქმევა, ტელეკომპანია ‘’მაესტროს’’ ეთერში, ახალი წლიდან გავა. „დარდუბალასგან’’ განსხვავებით, იგი თურმე ვიზუალურად გაცილებით მაღალი ხარისხისა და ‘’მძაფრი ხუმრობების’’ იქნება. როგორც ჩანს, ივანიშვილს ამ პროექტისთვის ფული არ ენანება. ახალ „დარდუბალაზე’’ ივანიშვილ-რამიშვილი ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ.

ივანიშვილს თურმე ‘’დარდუბალა’’ ძალიან ჰყვარებია. თუმცა, მისი ხილვის სიამოვნება 2005 წლიდან აღარ ჰქონია, რადგან სწორედ ამ წელს, პროექტის ავტორი შალვა რამიშვილი ფულის გამოძალვის ბრალდებით ციხეში მოხვდა. შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე სამართალდამცავებმა 27 აგვისტოს დააკავეს.  შს სამინისტროს მიერ 2005 წლის აგვისტოში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: ‘’2005 წლის 25 აპრილს, კავშირ ‘’სტუდია რეპორტიორსა’’ (დამკვეთსა) და შპს ‘’ტელეკომპანია 202’’-ს (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება დამკვეთის მიერ შემოთავაზებული ტელეპროექტის წინასწარი განხილვის შემდეგ, თვეში ორჯერ უზრუნველეყო მისი განთავსება ‘’ტელეკომპანია 202’’-ის შაბათის საღამოს სატელევიზიო ეთერში. ხელშეკრულებას ერთის მხრივ, ხელს აწერს ‘’სტუდია რეპორტიორის’’ დირექტორი ვახტანგ კომახიძე და მეორეს მხრივ, შპს ‘’ტელეკომპანია 202’’-ის დირექტორი და იმავდროულად საწარმოს საწესდებო კაპიტალში 20% წილის მფლობელი, დავით კოხრეიძე.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, კობა ბექაურმა შეიტყო, რომ კავშირი „სტუდია რეპორტიორის’’ჟურნალისტები, ვახტანგ კომახიძე და ბელა ზაქაიძე, მისი ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის დასადგენად აწარმოებდნენ ჟურნალისტურ გამოძიებას და ამზადებდნენ ფილმს, რომლის გაშვება ნავარაუდევი იყო შპს „ტელეკომპანია 202’’-ის სატელევიზიო ეთერში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გარემოებების გასარკვევად, იგი რამდენჯერმე ესაუბრა თავის ძველ ნაცნობს, შალვა რამიშვილს, რომლის წილი, საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეადგენს 40 %-ს. ბექაური არაერთგზის ცდილობდა დაემტკიცებინა მისთვის, რომ მისი და მის ოჯახის წევრთა კუთვნილი ფულადი სახსრები, წილი და სხვა ქონება, მართლზომიერი საშუალებებით იყო მოპოვებული და შესაბამისად, არ არსებობდა ამ თვალსაზრისით მისთვის რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების დაბრალების მოტივირებული საფუძველი. ბექაურმა, ასევე, თხოვნით მიმართა „ტელეკომპანია 202’’-ის დირექტორს, დავით კოხრეიძეს, თავის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფინანსური რესურსების წარმომავლობის ობიექტურად შეფასების შესახებ.

შალვა რამიშვილმა და დავით კოხრეიძემ, რომლებსაც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჰქონდათ უფლებამოსილება განეხილათ და გადაეწყვიტათ ”სტუდია რეპორტიორის” მიერ მომზადებული ფილმის შპს „ტელეკომპანია 202”-ის ეთერში გაშვების მიზანშეწონილობს საკითხი, განიზრახეს ერთობლივად, კობა ბექაურისადმი სახელგამტეხი ცნობების გავრცელების მუქარით, დიდი ოდენობის თანხის გამოძალვა. ამ მიზნით, შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე, 2005 წლის ივლისში, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ კობა ბექაურს და მუქარით წაუყენეს მოთხოვნა, რომ თუ ეს უკანასკნელი არ გადასცემდა მათ 50000 აშშ დოლარს, შპს „ტელეკომპანია 202”-ის ეთერში გავიდოდა ”სტუდია რეპორტიორის” მიერ მომზადებული ფილმი.

2005 წლის 25 აგვისტოს, კობა ბექაური, თავისი მეგობრის, ირმა სტეფნაძის დახმარებით, ქ. თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა 35-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შეხვდა რამიშვილს. ამ უკანასკნელმა, პირისპირ საუბრისას, მუქარით მოსთხოვა კობა ბექაურს უკვე 100000 აშშ დოლარის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმის გაშვებით დაემუქრა. ბექაურმა სთხოვა რამიშვილს დასაფიქრებლად 3 დღის ვადა მიეცა მისთვის. მეორე დღეს რამიშვილი კვლავ შეხვდა ბექაურს და კიდევ ერთხელ მოსთხოვა 100000 აშშ დოლარი და თან აუხსნა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო დავით კოხრეიძესთან და თანხა არ შემცირდებოდა.

2005 წლის 25 აგვისტოს, კობა ბექაურმა წერილობით მიმართა შსს მინისტრს და გამოთქვა სურვილი, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის თაობაზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ოპერატიული-სამძებრო ღონისძიება. შეიქმნა ჯგუფები. საჭირო გახდა საქმეში შემავალი ყველა პირის შესწავლა, მათი საუბრების ჩაწერა, ვიდეო და აუდიო გადაღების წარმოება. იმავე დღეს, საღამოს საათებში, კობა ბექაური შეხვდა შალვა რამიშვილს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” და უთხრა რომ თანახმა იყო გადაეხადა 100000 აშშ დოლარი, ამასთან, წინასწარ მიუტანდა 30000 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენ 70000 აშშ დოლარს გადასცემდა რამდენიმე დღეში.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, წინასწარ დამუშავდა 30000 აშშ დოლარი. უკვე ცნობილი იყო რამიშვილისა და ბექაურის შეხვედრის ადგილი. ღონისძიებაში დაახლოებით 50 ოპერატიულმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა, თითოეულ მათგანს განესაზღვრა საკუთარი ფუნქცია. თანხის გადაცემა უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, ირაკლი აბაშიძის 35-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, კუდ-ის თანამშრომელთა მიერ მთლიანად იქნა შესწავლილი მიმდებარე ტერიტორია, ისინი ბოლომდე აკონტროლებდნენ ვითარებას.

27 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე, კობა ბექაური მივიდა ზემოთ აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში, სადაც შეთანხმებისამებრ შეხვდა შალვა რამიშვილს. შეხვედრას ესწრებოდნენ ირმა სტეფნაძე და დავით კოხრეიძე. ბექაურმა რამიშვილს გადასცა შსს-ში სპეციალურად დამუშავებული 30000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც რამიშვილმა და კოხრეიძემ დაუდასტურეს მას, რომ ”სტუდია რეპორტიორის” მიერ მომზადებული ფილმის შპს ”ტელეკომპანია 202”-ის ეთერში აღარ გავიდოდა.

იმავე დღეს, დაახლოებით 12 საათსა და 15 წუთზე, შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე დაკავებულ იქნენ კუდ-ის მიერ, ეჭვმიტანილების სტატუსით. კოხრეიძის კუთვნილ ავტომანქანა ”ჩიტროენ”-ის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა 30000 აშშ დოლარი.’’

შალვა რამიშვილი პატიმრობიდან 2009 წლის 26 აგვისტოს, ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა და ჟურნალისტური საქმიანობა გააგრძელა.

0

ავტორი: