13:10:44     13-12-2011
„ქართლის ცხოვრება“ - ანდრია პირველწოდებულის საქართველოში წამოსვლა
ძველი სტილით 30 ნოემბერს (ახალი სტილით 13 დეკემბერს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. ანდრია პირველწოდებულის როლი უდიდესია საქართველოსათვის და მთელი კაცობრიობისათვის.
ის გახლდათ მაცხოვრის პირველი მოწაფე. ადრე იყო წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე.
ქრისტიანობის ქადაგებისას ანდრია პირველწოდებულმა მოიარა მრავალი ქვეყანა, რომელიც მას წილად ერგო. გარდა ამისა, ის რამდენჯერმე იყო საქართველოში საქადაგებლად და გავლით. დაწყებული მისი პირველი მისიონერული მოგზაურობიდან. საქართველოში ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით ჩამოვიდა. ამაზე შესანიშნავად გვიამბობს „ქართლის ცხოვრება“.
წავიკითხოთ კიდევ ერთხელ ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“ და გავიხსენოთ, რომ ანდრია პირველწოდებული საქართველოში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვერდ ქვეყანაში გამოემართა დედაღვთისას მაგიერ, უფლის ნებით.
ქართლის ცხოვრება
(ნაწყვეტი)
და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად-წმიდასა ღმრთის-მშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა. და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი, და რქუა:
„ჵ, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველ-წოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარი-ცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“.
მაშინ რქუა ყოვლად-წმიდამან მოციქულსა ანდრიას:
„შვილო ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქუეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხჳდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და არა-ვინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ“.
რქუა მას მოციქულმან:
„ყოვლად-წმიდაო, ნება სახიერისა ძისა შენისა და შენი იყავნ ყოველსა ჟამსა“.
მაშინ ყოვლად-წმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თჳსსა. და გამოისახა ხატი ესე-ვითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განჴორციელებული ჩჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღვთის-მშობელისა.
და მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და რქუა:
„მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანა-შემწე გეყავნ შენ, სადა-ცა ხჳდოდე, და მეცა თანა-შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებულსა“.
მაშინ დავარდა მოციქული ქუეყანად, და მადლი შესწირა ცრემლითა ყოვლად-წმიდასა, და გამოვიდა მიერ სიხარულით, და წარემართა ქადაგებად სახარებისა.
0