12:14:42     12-12-2011
წმიდა აბიბოს ნეკრესელი - მაზდეანთა "ღმერთის" მკვლელი (უცნობი ავტორის მიხედვით)
29 ნოემბერს, ძველის სტილით 12 დეკემბერს, ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს.
გთავაზობთ უცნობი ავტორის თხზულების “მოქალაქეობაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოს ნეკრესელ ებისკოპოსისაჲ“-ს და სხვა ლიტერატურის მიხედვით მისი ცხოვრებისა და წამების, იმდროინდელი საქართველოს, სპარსეთისა და ბიზანტიის ამბებს.
მეექვსე საუკუნეში სპარსელებს ძალიან უნდოდათ ქართლში მეფობის გაუქმება. მათ კარგად ესმოდათ, რომ ქართველი მეფე ყოველთვის სახიფათო იქნებოდა მათთვის. მეფის გარშემო დარაზმული, თუნდაც მცირერიცხოვანი იბერები ყოველთვის საშიში იყვნენ, რადგან ყველანაირად ხელს უშლიდნენ რეგიონში სპარსთა გაბატონებას. სპარსეთს კი სურდა სამხრეთ კავკასიის მთლიანად ხელში ჩაგდება, შავი ზღვის სავაჭრო გზების დასაკუთრება...
შავ ზღვაზე გასასვლელად სპარსეთისათვის აუცილებელი იყო ქართლის და ლაზეთის (დასავლეთ საქართველოს) დამორჩილება. ამ რეგიონში გაბატონებისათვის იბრძოდა ბიზანტიაც, სპარსეთის უდიდესი მტერი და მეტოქე. ბიზანტიელები, ისევე როგორც ქართველები (იბერიისა და ლაზეთის, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მცხოვრებნი), ქრისტიანები იყვნენ.
ამიტომ სპარსეთის ხელისუფლება აქტიურ ქმედებაზე გადავიდა. ქართლს შემოუტია არა მარტო ხმლით, არამედ სარწმუნოებითაც, - მაზდეანობით.
523 წელს ქართლი გურგენ მეფის მეთაურობით აუჯანყდა სპარსეთის შაჰს, კავადს.
სპარსელებმა გაიმარჯვეს. მეფე გურგენი იძულებული იყო გადასულიყო დასავლეთ საქართველოში, ლაზეთში. მერე კი კონსტანტინოპოლში მოუწია წასვლა ლაზეთის მეფე წათე I-თან ერთად.
გურგენის მერე ტახტზე ავიდა მეფე ძამანარსე. მოკავშირის გარეშე უზარმაზარ სპარსეთთან გამკლავება ურთულესი იყო. სპარსელებმა ძალიან შეავიწროვეს ქართველი გვირგვინოსანი. იგი კონსტანტინეპოლს ჩავიდა და ბიზანტიის კეისარს, იუსტინიანეს სპარსთა წინააღმდეგ კავშირი შესთავაზა. იმპერატორს ძალიან გაუხარდა, საჩუქრებით და დაპირებებით გამოისტუმრა იბერიის მეფე სამშობლოში... მაგრამ დახმარება და თავისი ინტერესების გატარება იბერიაში ვეღარ შეძლო.
იუსტინიანე კეისარი დიდად მორწმუნე იყო. მან კონსტანტინოპოლში ააშენა ბრწყინვალე აია-სოფიას ტაძარი, სადაც 1453 წლის მაისის ბოლომდე ქრისტიანული გალობა ისმოდა. მომდევნო საუკუნეებში კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა ეკლესიამ იუსტინიანე წმიდანად შერაცხა. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ თურქებმა აია-სოფია მეჩეთად გადააკეთეს. ახლა მუზეუმია.
იუსტინიანეს პრობლემები ჰქონდა ლაზეთში. ლაზეთი იმ დროს მისი გავლენის ქვეში იყო.
523 წელს გურგენ ქართლის მეფეს დადევნებულმა სპარსთა ჯარმა ლაზებს შორაპანი და სკანდა წაართვა. 528 წელს ლაზებს ბიზანტიელთა მაშველი ჯარი მოუვიდათ. მათ შეძლეს სკანდასა და შორაპნის ციხეთა დაბრუნება. მეტი ბიზანტიას არ შეეძლო.
მალე ქრისტიანებისათვის კიდევ უფრო გართულდა ვითარება. 531 წელს სპარსეთის ტახტზე ავიდა ძლიერი შაჰი ხოსროვ ანუშირვანი.
532 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის "საუკუნო ზავი" დაიდო, რომლის მიხედვით სპარსეთმა უარი განაცხადა ლაზეთ-ეგრისზე, ქართლი კი სათარეშოდ მას დარჩა.
ბიზანტიის წარმომადგენლები ძალიან ცუდად იქცეოდნენ ეგრისში, რის გამოც ლაზები მრავალგზის აუჯანყდნენ მათ.
ბიზანტიასთან დადებული ზავით ისარგებლა ხოსრევ შაჰმა და 535 წელს ქართლში მეფობა გააუქმა.
იუსტინიანე კეისარმა ვერ შეძლო მოკავშირის ტახტის გადარჩენა იბერიაში, მას ლაზეთშიც ძალიან უჭირდა, მესოპოტამიაშიც და სხვაგანაც.
სპარსეთის შაჰმა ქართლის გამგებლად საკუთარი მოხელე - მარზპანი გამოაგზავნა.
მარზპანი სპარსულად ოლქის მმართველს ნიშნავს. ქართლის მარზპანს ძალიან დიდი უფლებები ჰქონდა. მას შეეძლო ნებისმიერი მცხოვრების გასამართლება და სიკვდილით დასჯაც, იქნებოდა ის გლეხი, დიდაზნაური თუ მღვდელმთავარი.
ტფილისში, მცხეთაში და სხვა ქალაქებსა თუ ციხეებში სპარსელთა ჯარი იდგა. სპარსელებმა ქართველებს ხარკი და სამხედრო ბეგარა დააკისრეს.
ქართველი ხალხი არ ურიგდებოდა უცხოელთა ბატონობას. მეექვსე საუკუნის შუა ხანებში რომაელები (ბიზანტიელები) ამბობდნენ: "იბერები ნებაყოფლობით არ ემორჩილებიან სპარსელებს... ცხადია, რომ იბერებს ილაჯი გაწყვეტილი აქვთ და ისინი აპირებენ აჯანყებას უახლოეს მომავალში, თუ მოხერხებულ დროს შეურჩევენ"...
სპარსელები ცდილობდნენ ქართველთა რწმენის შერყევას და ქართლში მაზდიანობის გავრცელებას. მაზდეანობა, ცეცხლთაყვანისმცემლობა, ზოროასტრიზმი - ამ სახელებითაა ეს რელიგია ცნობილი. იგი უძველესი რელიგიაა, ქადაგებს ბოროტზე კეთილის გამარჯვებას, ბოროტი აჰრიმანის ცეცხლით განწმენდას, ღმერთ აჰურამაზდას გამარჯვებას და ა. შ.
ქართველებისათვის, რასაკვირველია, ცეცხლის თაყვანისცემით განწმენდა სისულელედ ჩანს, რამეთუ მართლმადიდებლობა გვასწავლის, რომ ცოდვათაგან განწმედა სინანულს შეუძლია და არა ცეცხლს. ამიტომ, იბერები გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ წარმართ, ცეცხლისთაყვანისმცემელ სპარსელებს.
დამპყრობლებმა ქართლში მრავალ ადგილას აღმართეს ცეცხლის სათაყვანო ადგილები. სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ ადგილობრივთა ცდუნებას.
ღმერთმა ამ განსაცდელში არ მიატოვა ქართველები. მრავალი ქართველი საერო და სასულიერო მოღვაწე იღწვოდა სარწმუნოებისა და ეროვნების შენარჩუნებისათვის.
ამას დაემატა ღვთის უდიდესი საჩუქარი. იბერიაში სამოღვაწეოდ ჩამოვიდნენ წმიდა ასურელი მამები. ისინი აღმოსავლეთ საქართთელოს სხვადასხვა პუნქტებში დამკვიდრდნენ, შეუდგნენ მსახურებას და ქრისტიანობის განმტკიცებას. მათი მოძღვარი იყო იოანე ზედაზნელი.
იოანე ზედაზნელის მოწაფეები და ძმები: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მესვეტე მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმპოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი წარმოშობით ქართველები არ იყვნენ, მაგრამ ღმერთმა მათ საქართველოს გადარჩენაში და განმტკიცებაში დიდი მისია შეასრულებინა. ამბობენ, რომ ამ ცამეტ მამას სხვა მამებიც ახლდნენ, მაგალითად, ღირსი ილია დიაკონი და სხვები.
ზოგი ფიქრობს, რომ წმიდა ასურელი მამები შესაძლოა ძველი ქართველური მოდგმის, შთამომავლები იყვნენ. ცნობილია, რომ უძველეს ხანაში მცირე და წინა აზიაში მრავლად ცხოვრობდნენ იბერიული რასის ხალხები. მათი ნაწილი საქართველოში მოვიდა, ნაწილი კი ადგილზე დარჩა და მისულ ხალხებს შეერწყა. ასევე ქართველური წარმოშობის შეიძლება ყოფილიყვნენე მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი.
ასურელ მამებს სულიწმიდის მადლით ან ქართველური წარმოშობის გამო ქართული სცოდნიათ. ასეა თუ ისე, იბერიას ღვთის დიდი ძალა შეეწია...
კახეთში, უძველეს ქალაქ ნეკრესში საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა ასურელი წმიდა მამა, აბიბოს ნეკრესელი.
წმიდა მამა აბიბოს აღიძრა საღმრთო შურით, მივიდა ცეცხლთაყვანისმცემლთა ერთ-ერთ სატფურებასთან, - სადაც ცეცხლი ენთო და წარმართნი თაყვანს სცემდნენ, როგორც ღმერთს, - დაასხა წყალი ცეცხლს და ჩააქრო.
უსჯულო სპარსელებმა შეიპყრეს ნეტარი და ისე სცემეს, მკვდარი ეგონებოდა კაცს. შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს და მარზპანს შეუთვალეს მომხდარი.
მარზპანმა ბრძანა ეპისკოპოსის მასთან მიყვანა.
ნეტარ მეუფეს ჰყავდა მეგობარი სვიმეონ მესვეტე, ანტიოქიელი. წმიდა სვიმიონს და წმიდა აბიბოს ერთმანეთი თვალით არ ჰყავდათ ნანახი. მათ მიმოწერა ჰქონდათ და სულიერი მხედველობით იცნობდნენ ერთურთს.
როდესაც წმიდა აბიბო შეპყრობილი მოჰყავდათ, სოფელ იალდოში მიეახლა მას სვიმიონ საკვირველთმოქმედის მიერ გამოგზავნილი მოციქული და გადასცა წმიდა სვიმიონის კვერთხი, წმიდა საჩუქარი, ევლოგია და წერილი. ნეტერი დიდად გაახარა და განამტკიცა საჩუქრებმა.
ქართველებს მისი იარაღის ძალით გამოხსნა უნდოდათ, მაგრამ მეუფემ არ ინება, რამეთუ სურდა მარტვილობა ქრისტესთვის.
გზაში ნეტარმა სპარსელებს სთხოვა, ცოტა ხნით გაეშვათ ნეტარი შიო მღვიმელის სანახავად. სპარსელები დათანხმდნენ.
ეპისკოპოსმა და ბერმა ილოცეს ერთად, შემდეგ ნეტარმა აბიბოს ნეკრესელმა სთხოვა ნეტარ შიო მღვიმელს, მისთვის ელოცა. წმიდა შიომ განამტკიცა იგი თავისი სიტყვებით. აბიბოს ნეკრესელი სიხარულით გაუდგა გზას.
სოფელ რეხში მარზპანმა სასამართლო მოაწყო. სპარსელებთან ერთად, მას დაესწრნენ ქართველი ეპისკოპოსები, მღვდლები და ერისთავები.
მარზპანმა ჰკითხა ნეტარს: - რად უარყავი ჩვენი მეფეთა მეფის ძალაუფლება და რად მოკალი ჩვენი ღმერთი?
წმიდანმა მიუგო: - ღმერთი მხოლოდ უფალი იესო ქრისტეა. ხოლო ცეცხლი, რომელიც დავშრიტე, ეშმაკის საცდურია. გლოცავთ, რათა განუდგეთ ეშმაკს და მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს მსახურებდეთ.
მარზპანმა ჰკითხა: - რისთვის მოკალი ღმერთი ჩვენი, რომ შენს ღმერთს ვემსახუროთ?
ნეტარმა უპასუხა: - იცოდე, რომ ღმერთი არ მომიკლავს, ცეცხლი ჩავაქრე. ცეცხლი ღმერთი არ არის, ის ერთი მოვლენაა ბუნებათაგანი. ღმერთმა სამყარო შექმნა წყლით, ჰაერით, მიწით და ცეცხლით. ცეცხლი მხოლოდ ერთი ელემენტთაგანია. ეს ელემენტები თანასწორია, თანაბარია. თუ ერთ-ერთი აღმატებულ იქნა, სხვა სუსტდება. თქვენი ცეცხლი შეშის მეშვეობით იწვის. წყალი დავასხი და ჩაქრა. მიკვირს თქვენი გაბრაზება, როგორ არ გცხვენიათ მისი ღმერთად მიჩნევა. თქვენი ცეცხლი ხომ თქვენი დანთებულია. როგორ არის ის ღმერთი?
ამ სიტყვებმა ძალიან გააცოფა სპარსთა შაჰის მარზპანი. მისი ბრძანებით აწამეს ნეტარი, მერე ქვებით ჩაქოლეს.
წმიდანის ცხედარი ქალაქგარეთ გაიტანეს, დაუწესეს მცველები, რათა მხეცებს და ფრინველებს შეეჭამათ. სპარსელებს ეშინოდათ, ქრისტიანებმა დიდებითა და პატივით არ დაკრძალონო.
ნეტარის წმიდა სხეულს ვერც ერთი მხეცი და ფრინველი ვერ შეეხო. სპარსელები მიხვდნენ, რომ ტყუილად ელოდნენ წმიდანის შეურაცხყოფას მხეცთა მიერ და წავიდნენ.
მაშინ მოვიდნენ ქრისტიანები, წააბრძანეს ნეტარის წმიდა ნაწილები და დაკრძალეს მათ მიერ აშენებულ ტაძარში, სამთავისში, შემდეგ მისი ნაწილებისამთავროს მონასტერში, მცხეთაში იქნა გადმოსვენებული.
ასე შეიწირა ჭეშმარიტმა ღმერთმა წმიდა აბიბოს ნეკრესელი.
წმიდა აბიბოს წამებამ შედეგი გამოიღო. ქართველნი განმტკიცდნენ სარწმუნოებაში. მალე ახდა ნეტარის წინასწარმეტყველებაც. მეექვსე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ბიზანტიასა და სპარსეთს შორის ომი განახლდა. კავკასიელი ხალხები აუჯანყდნენ მაზდეანებს. ამასობაში სპარსეთში შინაომი ატყდა. 591 წელს სპარსელები განდევნეს ქართლის უდიდესი ნაწილიდან. ისინი მხოლოდ ტფილისის ციხეში და ახლო-მახლოღა იყვნენ გამაგრებულნი.
იბერიაში აღდგა სახელმწიფოებრიობა. მართალია, დიდ-აზნაურთა ამბიციებისა და ფეოდალური ინტერესების, ასევე საგარეო პოლიტიკური ვითარების გამო მეფედ არავინ უკურთხებიათ, მაგრამ ქვეყნის მეთაური გახდა ერისმთავარი.
0