15:33:27     09-12-2011
მერაბ კოსტავას „ტანჯვათა ტიტანი“
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს გვინდა გავახსენოთ საქართველოს ეროვნული გმირის, შესანიშნავი პოეტისა და ნამდვილი ქრისტიანის, მერაბ კოსტავას წინასწარმეტყველური ლექსი „ტანჯვათა ტიტანი“.
არ გვინდა ვინმეს მოეჩვენოს, რომ რაიმე ფანატიზმთან გვაქვს საქმე, ან ადამიანის გადაჭარბებულ შეფასებასთან. წინასწარმეტყველური შეიძლება იყოს ნებისმიერი პოეტის ლექსი. არა ერთ პოეტს დაუწერია სტრიქონები, რომლებიც მერე, დროთა განმავლობაში მართლაც ამხდარა.
მერაბ კოსტავა საქართველოს ბედისადმი პროფეტული ოპტიმიზმით იყო სავსე. ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი სამშობლო განწირული არ ჰყავს უფალს და უსათუოდ მიიღებს თავისუფლებას.
მერაბ კოსტავა, ვითარცა მორწმუნე მართლმადიდებელი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქრისტიანული მორალით ცხოვრებას. მან შესანიშნავად იცოდა, რუსული სახელმწიფო არ ცხოვრობდა მართლმადიდებლურად, „ჩინოვნიკები უსულგულობენ“, ამიტომ, როგორც მორწმუნეს სჯეროდა, რომ ასეთი სახელმწიფო „ფორტუნას ჰყავს ატანილი“...
თუმცა იცის, რომ რუსული სახელმწიფოს სიმკაცრის გამო საქართველო არ დაიღუპება: ”არა, არა სურს ჭეშმარიტებას / გაწირვა დედა საქართველოსი“; „დღევანდელობის ავიტანთ პროზას, / რადგან განზრახვა შემოქმედისა / გვპირდება ახალ მეტამორფოზას, /თანამდგომელად ქართლის ბედისა“.
ეს ლექსი ავტორმა მიუძღვნა დოსტოევსკის. „სჭვრეტს მეოხებას, მონადენს მაღლით, / სად ლოთობაა, სიძვა, როზგები / და განგვაცვიფრებს თავისი ხალხის / აღუწერელი პარადოქსებით“.
დიდმა მამულიშვილმა კარგად უწყოდა, რომ ღვთისგან „განდგომილთ რისხვა ატყდება“, თუმცა თუ მოინანიებენ ეპატიებათ... ისრაელიტებს, ანუ ქრისტიანებს, ნამდვილ, კეთილშობილ ქრისტიანებს.
რათა ღვთის რისხვა აიცილოს, რუსეთმა უნდა მოინანიოს, უარი უნდა თქვას თავის ბნელ ზრახვებზე, იმპერიალიზმზე, ხალხთა საპყრობილეობაზე: „ზიზღით გასტყორცნის ალესილ ნაჯახს, / ვინც სინანულის ბილიკს იპოვის, / საკუთარ სულში გარდაჰქმნის ყაჩაღს / რუსეთი - ბნელი რასკოლნიკოვი“.
მერაბ კოსტავა რუსეთის ხსნას ხედავ ქრისტიანობაში, იმპერიის უარყოფაში, ჰუმანიზმში, სხვათა სამსახურში. ეს იქნება მაშინ, როდესაც რუსეთი „ფეხებს დაბანს“ სხვებს... როგორი მაგალითიც უჩვენა იესომ თავის მოწაფეებს...
მერაბ კოსტავა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს დიდი ხნის წინ გამოეხმაურა, როგორც ზემოთ ვთქვი, წინასწარმეტყველურად. შესაძლოა ჯერ რუსული ელიტა მზად არ არის უარი თქვას ხელისუფლებისადმი მაზოხისტურ და მეზობლებისადმი სადისტურ დამოკიდებულებაზე, შესაძლოა რუსეთი ჯერ მზად არ არის დემოკრატიის გამარჯვებისათვის, ადამიანის უფლებების პატივისცემისათვის, შეიძლება ის ჯერ მზად არ არის კარგი მეზობლობისათვის, მაგრამ, მერაბ კოსტავას სიტყვები აუცილებლად ახდება.
საკუთარ ტკივილებში, საკუთარ ცოდვებში ჩამხრჩვალი რუსეთი დამარცხებებით დაიღლება და გონს მოვა. რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ ის ხალხთა საპყრობილეა, ახალი ეგვიპტეა, ბიბლიური სიმბოლიკით რომ ავხსნათ, საქართველო კი ახალი ისრაელია, ღვთის რჩეული ხალხი, რომლის ჩაგვრისათვის, რუსეთს, ახალ ეგვიპტეს, უსათუოდ დაატყდება ღვთის ათი რისხვა (დაწვრილებით იხილეთ ჩემი „საქართველო ახალი ისრაელია, რუსეთი კი ახალი ეგვიპტე“).
ღვთის რისხვა უნდა გავიგოთ, როგორც სამართლიანობისა და ჰუნანიზმის გამარჯვება, ხალხთა გაგულისება, ხალხთა, მათ შორის რუსი ხალხის, ამბოხი იმპერიული მმართველობის წინააღმდეგ, რაც იმპერიას მოუღებს ბოლოს მოუღებს...
როდის იქნება ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ახალი ეგვიპტე აუცილებლად დაეცემა. ამ დროს დაიწყება ბედნიერი ცხოვრება რუსი და სხვა ხალხებისა, რომლებიც რუსულ იმპერიაში ან მის მეზობლად იტანჯებიან...
ამაზეა ლაპარაკი მერაბ კოსტავას წინამდებარე ლექსშიც.
ტანჯვათა ტიტანი
(ვუძღვნი დოსტოევსკის)
ლურჯად ლივლივებს ზეცა უზადო,
ირკალებიან სტეპნი დონისა,
გაშიშვლებულა დიდი რუსეთი,
როგორც მეძავი ბაბილონისა.
ნუთუ ფორტუნას ჰყავს ატანილი
და თავს საკუთარს ვეღარ იპოვის...
როდემდე გასტანს აუტანელი
უსულგულობა ჩინოვნიკობის.
ვაჰ, თუ მეუფემ ისევ ინება
მახვილად დაგვცეს ფრთა ანგელოზის,
არა, არა სურს ჭეშმარიტებას
გაწირვა დედა საქართველოსი.
როცა აჰყარა დედაბუდიდან,
მამის ბეჭედი ეპყრა სარჩულად,
რადგან გასწირა მან იუდეა
კაცობრიობის გადასარჩენად.
მისგან განდგომილთ დაატყდა წყევლად,
სახეტიალო დრო მერმინდელი,
მაგრამ სიკეთით ატარა ყველა
მან ჭეშმარიტი ისრაიტელი.
წოდებულთაგან რჩეულ თავკაცთა
ახალი დროის გვამცნეს დადგომა,
ხალხებს აგლოვეს მესიის ჯვარცმა,
ახარეს ღმერთის მკვდრეთით აღდგომა.
საქმეა იქცე მსოფლიო კაცად
და არ უმუხთლო ერსა და თვისტომთ.
ცის მაღალ ყელზე ვარსკვლავთა აცმას
ჰმატო ზურმუხტი და ამეთვისტო.
ცხოვრება მუდამ სვამდა საკითხებს
უკომპრომისოდ, ულმობლად, მწვავედ,
საკუთარ სინდისს მკაცრად მოჰკითხე,
თორემ პირისა მისისა განვედ.
დღევანდელობის ავიტანთ პროზას,
რადგან განზრახვა შემოქმედისა
გვპირდება ახალ მეტამორფოზას,
თანამდგომელად ქართლის ბედისა.
ზიზღით გასტყორცნის ალესილ ნაჯახს,
ვინც სინანულის ბილიკს იპოვის,
საკუთარ სულში გარდაჰქმნის ყაჩაღს
რუსეთი - ბნელი რასკოლნიკოვი.
აკრთობდა ჯალათს მაღალი შუბლის
გადაღარული ელვით რკალები,
კოპებთან შეყრა საწვიმარ ღრუბლის
და ხანჯალივით ბასრი თვალები.
მაგრამ დაღუპვა მისი არ სურდა,
გამოცდა სწადდა მფარველს უჩინარს,
და სამერმისოდ იგი აღსრულდა
ბედის ვარსკვლავმა რაც განუჩინა.
ჰა, კატორღელი სასწაულს ელის,
თანანადებთა მოსჩხრეკს იარას,
გზები კაენის, განცდები მკვლელის
ცოდვის ზიარად შემოიარა.
არ აიცდინა იღბალი კრული
შხამად რომ ასვა წუთისოფელმა,
სინდისის ცეცხლში გავლებულ სულის
მენელსაცხებლე მახარობელმა.
გადაეძაბა ლოდინის ძაფი,
იმედის ელდამ გული გალია,
სად თანაგრძნობას კამარით მძაფრით
ქვესკნელით ზეცა განუმსჭვალია.
ვერ ანარცხებდა ცხოვრება მრუში,
არ უდრკებოდა შემზარავ ფერებს
და განაგონი ნახევრად რულში
ახსენდებოდა დიდი ხნის მერე.
ააგიზგიზებს შორეულ ესკიზს,
უხამს სიფათებს ვერ მოინელებს,
აწამებს ხსოვნა და დოსტოევსკის
დაალტობს ცრემლი მაგდალინელის.
საშოს სულისას არ დაიბერწებს
ქვით დამკრეფელთა მკაცრი მქირდავი,
მეძავის დარდში მარგალიტს ეძებს
შვიდი დემონის ტანით მტვირთავი.
ვის წიაღიდან დიდმა უფალმა
ლოცვით განასხა ეშმათა დასტა,
ახლა თვით არის ჭირისუფალი
ცოდვის საწერლით დაღალულ კაცთა.
სჭვრეტს მეოხებას, მონადენს მაღლით,
სად ლოთობაა, სიძვა, როზგები
და განგვაცვიფრებს თავისი ხალხის
აღუწერელი პარადოქსებით.
და როგორც მოგვი, ორგზის ნაშობი,
ჭეშმარიტების ხდება მხლებელი,
ეოცნებება სულს სხვა სამშობლო,
ქვეყანა ღმერთის მაძიებელი.
კაბადონივით გადაიავდრებს,
გულს გააშიშვლებს უზომოდ ალალს
და უჩვეულოს შესძენს სიმძაფრეს
მოყვასის ხვედრში ჩაწობილ კალამს.
სისხლად ნანთხევი თითო ბწკარები
უძირო ტანჯვის აჩენს ტიტანად,
სიზმართა წყების გენესარეთი,
ვინც პეტერბურგში გადმოიტანა.
ბნედიანივით შეაზანზარებს
აპოკალიფსი მეხის და სიტყვის,
მკვდრეთით აღმდგარა მისი ლაზარე,
სისხლის და ხორცი დიდი მესიტყვის.
ის მოგონება არ არის მითი,
და მონაგონი ბოგანო რუსის,
მასში იმძლავრებს ხმა პირველ სკვითის,
ვარდისჯვრიანი სკვითიანუსის.
მყოფადის ბედი არ წყდება უცებ,
არ გადიხსნება ზეცა იოლად,
უფალი ბევრჯერ გამოცდის რუსეთს,
ვეშაპის მუცლით გასულ იონას
და აიაზმას გადაასხურებს,
როცა განწმენდის ჟამი იელვებს,
როცა იქცევა ყველას მსახურად,
როცა ფეხს დაჰბანს გადამთიელებს.