გამოვიდა კობა ჭუმბურიძის ლექსების კრებული - „მეფეთა წიგნი“ გამოვიდა კობა ჭუმბურიძის ლექსების კრებული - „მეფეთა წიგნი“ />


  15:32:12     09-12-2011

გამოვიდა კობა ჭუმბურიძის ლექსების კრებული - „მეფეთა წიგნი“

a13194.jpg

კობა ჭუმბურიძეს კარგად იცნობენ ქართული ხელოვნების მოყვარულები. ის პოეტია, მხატვარი, არქიტექტორი...

ამ მრავალმხრივი ნიჭის ადამიანის შესახებ ადრე ვესაუბრეთ ჩვენს მკითხველს. გამოვაქვეყნეთ მისი ინტერვიუ, ლექსები.

დღეს გვინდა, სიამოვნებით ვაუწყოთ ჩვენს მკითხველს, რომ გამოვიდა კობა ჭუმბურიძის ლექსების კრებული „მეფეთა წიგნი“. კრებულში შესულია ავტორის მიერ 2005-2011 წლებში დაწერილი ლექსები. წიგნი გამოსცა ნინი მესხიძემ. გარეკანის დიზაინი ეკუთვნის თინათინ ჭუმბურიძეს. გამოცემას ამშვენებს კობა ჭუმბურიძის მიერ შექმნილი თამარ მეფის პორტრეტი (ამ სურათის შესახებ სხვა დროს გევესაუბრებით მკითხველს).
აღნიშნული წიგნიდან პრესა.გე-ს მკითხველი უკვე იცნობს ლექსს ”ლუარსაბ მეფისა“ (ციკლიდან - მეფეთა წიგნი).  

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მალე გამოვა კობა ჭუმბურიძის წიგნი ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ, რასაც უმალ ვაუწყებთ მკითხველს.

ახლა გთავაზობთ კობა ჭუმბურიძის ერთ ლექსს „მეფეთა წიგნიდან“.

ასიოდე საუკუნე

ღრუბელს მიღმა, სად შემოქმედს ტინი ტინზე შეუხორგავს, სად ენგურის ზვირთებს მბორგავს აუძვრია ლოდ-არძანი და თეთნულდი გარინდულა, მომლოდინე პატარძალი, ხოლო გაღმით მისი ცალი, ხან კარკაცი, ხან გამწყრალი, უშბა აშვეტილა ცაში…

ვორგილ ვოისას გრგვინავს სვანი და ფოლადი რეკავს ხმაში, განფენილა მისი სული ფსკერუხილავ დროის ჭაში. როკავს სვანი, ხანძარს უნთებს დიდრონ ხელისგულთა ტაში…
ასიოდე საუკუნე ჩატკეპნილა ამ როკვაში.

აქ, მამბერის სიახლოვეს, თეთრი თოშის საუფლოში, აღუმართავს მურყვამი და გაუშლია ლემის დროშა.

დრო კი მიაგორებს დოლაბს, ყოველივეს ხრავს და ფიტავს, ქვიშის ნამცეცს მიატოლებს ბოლოს ყველა პირამიდას. ერთის მონდომებით მოსრავს უწინდელს და მერმისინდელს, დაღი აზის მისი მუსრის პართენონს და აბუსიმბელს.

დროის დენა ერთს ახუნებს და მეორეს ბზინვას მატებს, რასმე – მიწას ჩაუბრუნებს, რასმე – ცამდინ აამჩატებს.

ხოლო სვანი კვლავაც როკავს და მისი ხმა ისე რეკავს, იქით ნისლებს გადარეკავს, აქეთ ზვავებს ჩამოხოკავს.

ეს ფერხული, ლოცვას რო ჰგავს, ეს სიმღერა ძველისძველი, არვინ უწყის სითგან მოვალს, მუხტი მოაქვს როდინდელი, ან რამდენი მოინელა ტაძრეული უნჯის მცველი, ან სიკვდილის ნაწაფ ხელში მერამდენე ჩაცვდა ცელი.

როკავს სვანი, აღი მგელის, მაღლით დათქმულ ნიშანს ელის, მანამდე კი ძალა იცავს ფიცის, დროით განამტკიცის, ფერხულს უვლის, წრეზე ბრუნავს შუამავლად ცის და მიწის, ელის, იცდის, რადგან იცის, დღეს თუ არა, ხვალ თუ არა, ზეგ თუ არა, მასზეგ მოვა დრო იმისი, რაც მამულმა საგუშაგოდ დაუტოვა.

როკავს სვანი, მიწას ბუბნის, ვორგილ ვოისას აგუგუნებს და მხნედ გასცქერს აწ გასავლელ ასიოდე საუკუნეს.

0

ავტორი: