რუსეთი დასავლეთისგან ცალმხრივ დათმობებს მოითხოვს რუსეთი დასავლეთისგან ცალმხრივ დათმობებს მოითხოვს />


  22:10:04     31-10-2010

რუსეთი დასავლეთისგან ცალმხრივ დათმობებს მოითხოვს

a1888.jpg

ბევრი ბრიტანული გაზეთი ბრიუსელიდან, ნატო-ს წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ „რუსეთი დასავლური ქვეყნების მოთხოვნით ავღანეთის ომში დაბრუნებას დაეთანხმა“. რუსეთთან „გარდამტეხი შეთანხმების“ შესახებ შეიძლება მომავალ თვეს, ლისაბონში ნატო-ს იმ სამიტზე გამოცხადდეს, რომელზე დასწრების პირობაც პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დადო. მოსკოვი მზადაა უზრუნველყოს ავღანეთისთვის ვერტმფრენები და შეიძლება გაწვრთნას ავღანელი მფრინავები. მან შეიძლება ითანამშრომლოს ავღანეთის უშიშროების ნაციონალური ძალების გაწვრთნის პროცესში, ამავე დროს - განამტკიცოს კოოპერაცია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასა და საზღვრების დაცვის საქმეში, რათა ნატო-ს ჯარებისთვის გაუმჯობესდეს სატრანზიტო და მომარაგების მარშრუტები. 

ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის თქმით, „სამიტი შეიძლება ნატო-რუსეთის თანამშრომლობის ახალი ეტაპის აღმნიშვნელი გახდეს“. საპასუხოდ მოსკოვი ნატო-სგან ევროპაში და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში რუსული ჯარის განთავსებასთან დაკავშირებით დათმობას მოითხოვს.

რასმუსენი ნატო-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვას“ უწევს რეკლამირებას. მომავალ კვირას, 5 ნოემბერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სადღესასწაულო დღეა, რასმუსენი ავღანეთისა და ევროპული ბალისტიკური რაკეტების თავდაცვით სისტემებში რუსეთის მონაწილეობაზე შეთანხმებების მხარდასაჭერად და მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩადის. რასმუსენმა მედვედევი ლისაბონის სამიტზე მიიწვია, მაგრამ კრემლმა მოწვევა მხოლოდ საფრანგეთში, გასულ კვირას დოვილში ჩატარებული იმ სამიტის შემდეგ მიიღო, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მედვედევი მონაწილეობდნენ. რასმუსენი „ნატო-რუსეთის გადატვირთვას“ ისე უწევს რეკლამირებას, როგორც პირად პოლიტიკურ ამოცანას, რითაც შეიძლება აიხსნას მისი ბრიუსელის ოფისიდან წამოსული გადაჭარბებული ცნობები ავღანეთთან დაკავშირებით შესაძლო „გარდამტეხ შეთანხმებაზე“.

მაგრამ როგორც სჩანს, მოსკოვის ავღანურ პოლიტიკაში, მიუხედავად ნატო-ს შტაბ-ბინის გადაჭარბებული ხმაურისა, არსებითი ცვლილებები არ მოხდება. საბჭოთა ჯარებმა ავღანეთი ოფიციალურად 1989 წლის თებერვალში, ცხრაწლიანი წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ დატოვეს, თუმცა რაღაც თვალსაზრისით, რუსეთი აქედან ბოლომდე არასდროს წასულა. მოსკოვი (თეირანთან ერთად) ჩრდილოეთის ანტი-თალიბურ ძალებს 2001 წლის შემოდგომამდე, აშშ-სა და ნატო-ს აქ გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ამარაგებდა იარღით, მათ შორის – არტილერიით, ტანკებით და ვერტმფრენებით.

ავღანეთის სამთავრობო ჯარებს დღეს დაახლოებით 25 სატრანსპორტო Mi-17 აქვს – ყველა რუსეთმა მიაწოდა, რუსეთმა გაწვრთნა პილოტებიც. კოალიციურ ჯარებში რუსი სამხედროები არ იბრძვიან და თავდაცვის მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებების თანახმად, რუსეთს არც აქვს განზრახული ახლო მომავალში მათი გაგზავნა, თუმცა იქ არიან რუსი და უკრაინელი მფრინავი კონტრაქტორები, რომლებიც ავღანეთის რამდენიმე საომარ ზონაში ლოჯისტიკურ ფრენებს აწარმოვებენ და ხანდახან მტრის დარტყმებსაც იღებენ. 

მოლდავეთში რეგისტრირებული სატრანსპორო ვერტმფრენი Mi-26, რომელსაც უკრაინული გუნდი მართავდა, გასულ წელს ჰემლანდის პროვინციაში მისიის შესრულების დროს ჩამოაგდეს. ორი დღის შემდეგ რუსული ვერტმფრენი Mi-8, რომელზეც 17 დასავლელი მგზავრი იმყოფებოდა, ყანდაჰარის ახლოს ჩამოაგდეს. ვერტმფრენი და ჯგუფი კერძო რუსული კომპანიიდან, “ვერტიკალ–ტ”-დან იყვნენ, ხოლო ეს კომპანია ”გაზპრომს” უკავშირდება და ნატო-ს ჯარებს მოსკოვის ოფიციალური თანხმობით გადაეცა.

1980-იან წლებში ავღანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისთვის ავღანეთის მთებში რუსეთის თავდაცვითმა ინდუსტრიამ Mi-8-ის სპეციალური მოდიფიკაცია შექმნა (Mi-17-ის სახელით ცნობილი), რომლის ძრავასაც მტვრისადმი მეტი მდგრადობა ჰქონდა. რუსეთი, პენტაგონის დაფინანსებით Mi-17-ებს აწვდიდა ავღანეთსა და ერაყის სამთავრობო ძალებს. თუ მართლა რამე „გარდამტეხია“ ახალ შეთანხმებაში, რომლის თანახმადაც ავღანეთში ნატო-ს ჯარებს 20-ზე მეტი Mi-17 მიეწოდება, ისაა, რომ ფასი სამჯერ გაიზარდა. 2006-ში Mi-17 6 მილიონი დოლარი ღირდა, ახლა კი როგორც იტყობინებიან მოსკოვი, $18 მილიონს ითხოვს. რუსეთი იმედოვნებს, რომ ვერტმფრენების ამ გარიგებით სულ $300 მილიონზე მეტ შემოსავალს მიიღებს.

მოსკოვი ვერტმფრენების გაყიდვას აქტიურად ლობირებს. ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი ნატო-ს მოუწოდებს, ფეხს ნუ ითრევს და გადაიხადოს. საბოლოოდ სწორედ აშშ-ს კონგრესმა არ მოისურვა სახელმწიფო სახსრების გაღება ზედმეტად ძვირადღირებულ რუსულ ვერტმფრენებში, თორემ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია გარიგებას ლობირებდა.

მიმდინარე თვეს რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება საფრანგეთთან, რომელიც საფრანგეთს რუსული საჰაერო სივრცის გავლით შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის ტრანზიტის ნებას დართავს. რუსეთს ანალოგიური შეთანხმებები აქვს შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან, ესპანეთთან და ნატო-სთან, როგორც ალიანსთან.

თალიბები რუსეთის მეგობრები არასდროს ყოფილან. თალიბების მიერ კონტროლირებადმა ავღანეთმა შეიძლება ისლამისტური აგრესია გაავრცელოს, რამაც შეიძლება ყოფილი საბჭოთა ცენტრალური აზიის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, არადა აქ რუსეთს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სამხედრო ინტერესები აქვს. იმით, რომ ავღანეთში მოქმედ ჯარებს ვერტმფრენებს მიჰყიდის, სატრანზიტო შესაძლებლობებით უზრუნველყოფს, ავღანურ პერსონალს წვრთნის და ნარკო-ტრეფიკინგს ებრძვის, რუსეთი დასავლეთს კი არ უკეთებს შეღავათს, არამედ საკუთარ სტრატეგიულ და კომერციულ ინტერესებს ემსახურება, თუმცა ავღანეთში აშშ-ს თაოსნობით მოპოვებული გამარჯვება მოსკოვს არ სურს, რადგან ამან შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიეროს რეგიონში დასავლეთის გავლენა, რომელსაც რუსეთი დღემდე თავის სტრატეგიულ სამეზობლოდ მიიჩნევს. რუსეთი არასდროს გაიღებს საბრძოლო ძალას, რათა ხელი შეუწყოს ასეთ დასასრულს.

მაგრამ თუ ნატო მზადაა საჯაროდ გაუკეთოს რეკლამა შეზღუდული თანამშრომლობის გაგრძელებას და ის „გარდამტეხად“ წარმოაჩინოს, მაშინ მოსკოვიც აჰყვება მას ამაში იმის სანაცვლოდ, რომ თავისი ევროპული უსაფრთხოების გეგმებზე თანხმობა მიიღოს. გასულ დეკემბერს, რუსეთმა ნატო-ს „ნატო-რუსეთის თანამშრომლობის საფუძვლების“ პროექტი გადასცა. ახლა უკვე ცნობილია ამ პროექტის არსი. მოსკოვი მოითხოვდა, რომ დასავლეთმა, ცივი ომის შემდეგ გაწევრიანებული ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთად ოფიციალურად აარიდოს თავი ნებისმიერი ისეთი სამხედრო ძალის განთავსებას, რომელიც სიდიდით ბრიგადას აღემატება (3000 სამხედრო, 41 ტანკი, 188 ჯავშანმანქანა, 90 ავტომატი) ან 24 თვითმფრინავის განთავსებას დიდი ხნით, 42 დღეზე მეტ ხანს წელიწადში. 

საგანგებო ვითარებაში ცენტრალურ-ევროპაში, ბალკანეთზე და ბალტიისპირეთში დამატებითი ძალები შეიძლება მხოლოდ რუსეთთან შეთანხმებით განთავსდეს: ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში დასავლური ძალების ნებისმიერ განთავსებაზე რუსეთისთვის ასევე იყო შეთავაზებული ლეგალური ვეტო-ს შემოღება. საპასუხოდ, რუსეთი არ აიღებს არავითარ იურიდიულ ვალდებულებებს, რადგან „ექსპანსიას აწარმოებს და რუსეთს ემუქრება ნატო და არა პირიქით“ – ამბობენ რუსი დიმპლომატები.

დოვილში სამიტის მიმდინარეობისას, როგორც ჩანს სარკოზიმ და მერკელმა მედვედევი დაარწმუნეს, რომ რუსეთის განსაკუთრებულ პოზიციას თავაზიანად დაეთანხმებიან ევროპის უსაფრთხოების საკითხში.


0

ავტორი: