13:34:13     08-12-2011
სოსო ნადირაძის რამდენიმე ახალი ლექსი
სოსო (სევარიონ) ნადირაძეს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. ის არის 5 პოეტური კრებულისა და 2 რომანის ავტორი. მისი რომანი "ფქვილდაფქვილ სიარული" თარგმნილია და გამოცემულია ინგლისურ ენაზე... სოსო ნადირაძის რელიგიური ლექსები იბეჭდებოდა ნიუ-იორკში გამომავალ ქართველ ებრაელთა ჟურნალ "დავითის ფარში".
პრესა.გე-ს მკითხველსაც რამდენჯერმე ვესაუბრეთ მის შესახებ. ჩვენ გამოვაქვეყნეთ მისი შესანიშნავი პოემა: „ვარსკვლავი და მოგვები“. მინდა შეგახსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ გამოვიდა სოსო ნადირაძის კრებული „ქარგაუხდელი ციხეები“.
ერთხელ სოსომ presa.ge-სთან იტერვიუში განაცხადა: „პოეზია ჩემთვის არც გატაცებაა და არც ცხოვრების წესი, ის ბედისწერაა!“
დღეს, გვინდა ჩვენს მკითხველს სოსო ნადირაძის რამდენიმე ახალი ლექსი გავაცნოთ.
* * *
შენიღბულია ისევ
დარბაზი,
ისევ ღიმილი
მტკივა ბაგეზე,
და შიშით ხელში,
როგორც ჯამბაზი,
ისე გავდივარ
სიტყვის ბაგირზე...
იმერეთს
მე ის მიყვარს
ამ მთებში
იმერეთს ვინც
აღმერთებს,
დილა კისერს
იღერებს
ჩიქორთული
აივნით,
თიხა ისე
შერწყმია
ბილიკებს და
აღმართებს,
რომ სულ მალე
ამ გზებით
მამა ღმერთი
აივლის...
მესხეთს
მთის წვერზე ვხედავ ტაძარს მეასეს,
ჩემსკენ იღვრება შუქი ულევი
და დღე ქადაგებს შემკრთალ მწვერვალზე
ანდრია პირველწოდებულივით.
რწმენაა ვაზი და არჩევანი
და მესხეთიდან ჯვრებად, ტაძრებად,
ნორჩი ლერწი და მწიფე მტევანი,
ბოდბის ქედისკენ მიემართება...
მთებზე რომ რწმენის შუქი კიაფობს,
ცას რომ ეკუთვნის ახლა სრულებით,
ვერ გამიგია ტაძრებია, თუ
გრიგოლ ხანძთელის ნაფეხურები?!...
ჩემი ბილიკი რატომღაც ღელავს,
ერთი წიგნი კი მოჰგავს სალოცავს
და როცა მთა და მწვერვალი ყველა
თრთოლვით კითხულობს "ვეფხისტყაოსანს,"
დილა თენდება, როგორც ლაზარე...
და დგას პოეტი მთავარ მეისრედ,
ხოლო ციხე და ყველა ტაძარი
თვალებს აპარებს თამარ მეფისკენ...
* * *
ჩანს წვიმაში
ქალაქი,
ისე
გადათენთილი,
უნდა დავსვა
წერტილი.
ანდა
მრავალწერტილი...
* * *
ჟამი
წიკწიკებს
როგორც მაცილი,
წამოეპარა
ტატნობს უმი მზე,
გოგოვ იცოდე
არ აგაცილებს,
მაგ გულს ამური
ისარს უმიზნებს...
ფერიცვალება
ფერს იცვლის სახლი,
ფერს იცვლის ღელე,
ფერი იცვალა
ჩემმა ბავშვობამ,
ფერი იცვალა
წყალმა და ღვინოდ
ჩამოარიგეს
სუფრის გარშემო...
ფერს იცვლის დრო
და ყოველი წამი,
ადევნებული
შენს ხმას უფალო,
ნაბიჯების ხმა
გამოსცემს---ამინ!
და ანგელოსთა ქორო
უგალობს...
ბაბუა მოდის
ბაბუა მოდის,
რაც უფრო მოდის,
უფრო გშორდება
ეგ მოღალატე,
რადგან მწიფდება
პატარა ბორცვი,
რომელზეც ხსოვნის
ცეცხლს თუ დაანთებ...
წამოდგება და
უჩუმრად მოვა,
გადაქცეული
შენზე ლოცვებად
შეიკრავს სუნთქვას,
იხელთებს დროს და
წიგნის თაროებს
შეაცოცდება.
ოთარ ჩხეიძეს
საწუთრო
ისევ ვერანია,
ტირანი
ისევ ტირანია,
თქვენი წიგნი კი
სენაკია,
სადაც ჩემს ცოდვებს
ვინანიებ...
* * *
წიგნებში ვცხოვრობ,
ბგერების მთაზე,
აზრის და გრძნობის
ქარბორბალაში,
სახლს კედლები აქვს
ეკლებით სავსე
და დღე და ღამე
ვუსმევ შალაშინს...
სხეული სავსე
დამაქვს ხიწვებით,
ფურცელ და ფურცელ
ვფანტავ ნაფოტებს,
და ფარულ ცეცხლზე
ერთად ვიწვებით,
მე და სამყაროს
ალიაქოთი...