სოხუმის რეჟიმი სამხედრო დოქტრინის მიღებას გეგმავს. სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აუცილებელია სამხედრო დოქტრინის მიღება, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო ნაწილისგან უნდა შედგებოდეს.
დოქტრინის პოლიტიკური ნაწილის შემუშავება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, რომელმაც წინადადებები სამუშაო ჯგუფს უნდა წარუდგინოს. სამუშაო ჯგუფი კი ახლა ყალიბდება და მის საქმიანობას კოორდინირებას ე.წ. უშიშროების საბჭო გაუწევს.
ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის და სხვა დე ფაქტო უწყებების წარმომადგენლები.
ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ის აფხაზეთის “სამხედრო დოქტრინას” არ გაასაიდუმლოებს. როგორც ბაღაფში ამბობს, აფხაზეთისთვის, როგორც “დამოუკიდებელი” სახელმწიფოსთვის, აუცილებელია სამხედრო დოქტრინის მიღება.
“ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის სამხედრო დოქტრინის გასაიდუმლოებას. ამ პროექტს პარლამენტი განიხილავს. აფხაზეთის სამხედრო დოქტრინა, ჩვენი სახელმწიფოს სპეციფიკის და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაიწეროს”, - განაცხადა ბაღაფშმა და აქვე დასძინა, რომ არ დაუშვებს სხვა ქვეყნების სამხედრო დოქტრინების მექანიკურ გადაწერას.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია “პრესა.გე–“სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთი “დამოუკიდებელი” სახელმწიფოა და მას თავისი სამხედრო დოქტრინა უნდა ჰქონდეს. “ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და როგორც ყველა სახელმწიფოს, ჩვენ უნდა გვქონდეს სამხედრო დოქტრინა. მთავარი ყურადღება აფხაზურ სამხედრო დროქტრინაში გამახვილებული იქნება იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს საქართველოსგან ემუქრება,” - ამბობს მერაბ ქიშმარია.
აღსანიშნავია, რომ ბაღაფშმა ე.წ. აფხაზეთის სამხედრო დოქტრინაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს თავდაცვის სამინისტროს შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროდან უკვე გაათავისუფლეს ყველა ის პირი, რომლებსაც საომარი გამოცდილება ჰქონდათ. ეს, ქართველი ექსპერტების განცხადებით, იმაზე მეტყველებს, რომ დღეს რუსეთს საომარი გამოცდილების არმია არ სჭირდება. თბილისში ამბობენ, რომ აფხაზეთის არმია ძალიან მალე შეწყვეტს დამოუკიდებელ არსებობას. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, კრემლის ამოცანაა, შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც აფხაზებს ფორმალურად შეუნარჩუნებს დამოუკიდებელ სახელმწიფო სტრუქტურას, ხოლო არაფორმალურად ის პირდაპირ დაექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზურ არმიაში მასშტაბური შემცირება დაიწყო. აქვე შეგახსენებთ, რომ სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ანატოლი ზაიცევი, ზაკან ნანბა, გარი კუპალბა, სლავა ანქვაბი და ალექსანდრე მელნიკი. გარდა ამისა, თანამდებობიდან გაათავისუფლა 6 პოლკოვნიკი, ხოლო ოჩამჩირის სამხედრო შენაერთის 20-მდე ოფიცერი თადარიგში გაუშვა. თადარიგში მათი დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად მათი ასაკი სახელდება.
აფხაზეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ ცვლილების უკან რუსეთის ინტერესები დგას. კერძოდ ის, რომ რუსეთს დღეს არ სჭირდება აფხაზეთში ძლიერი არმია. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ბესიკ სილაგაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ მოხდება მკვეთრი ცვლილებები აფხაზეთის არმიაში. მისი თქმით, ეს მოხდება ეტაპობრივად იმის მიხედვით, რა რეაქცია ექნება აფხაზურ საზოგადოებას და რა პოზიციებს დაიჭერს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება.
“რუსეთმა მაქსიმალურად გამოიყენა აფხაზეთი და უნდა, რომ ბოლომდე აკონტროლებდეს. ამიტომ, მას უკვე არ სჭირდება აფხაზეთში ძლიერი არმია. ყველაფერი ამისკენ მიდის. დღეს რუსეთის ინტერესებში არაა ის, რომ აფხაზეთს ძლიერი არმია ჰყავდეს. ახლა რუსებისთვის მთავარია, აფხაზეთში არ იყოს შეიარაღებული ადამიანი, რომელიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს კრემლის რეჟიმისთვის. შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილებაა და სიმართლე გითხრათ, მიკვირს, ცოტა უფრო ადრე რატომ არ გააკეთეს.
როცა ბაღაფშმა რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლა რამდენიმე გენერალი, ეს იყო რუსული დირექტივა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ე.წ. არმიის შემცირებასთან. ამით კრემლმა ბაღაფშის ხელით მოიშორა მეტ-ნაკლებად პოტენციური საფრთხე, რომელსაც შეიძლებოდა რაღაც სერიოზული გამოეწვია. ახლა უკვე ისინი დაიწყებენ ე.წ. შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ შემცირებას.
ასევე, დაიწყება იმ შეიარაღების ამოღება, რომელიც თვითონვე დაურიგეს. მინიმალურ დონეზე დაიყვანენ აფხაზეთში შეიარაღებულ აფხაზს. ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი აფხაზების მხრიდან გამოიწვევს “ადეკვატურ” მოქმედებას და შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ ესკალაციაში”, - აღნიშნა “პრესა.გე”–სთან საუბრისას ბესიკ სილაგაძემ.
სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე დარწმუნებულია, რომ ე.წ. დოქტრინაში ჩაწერილი იქნა ის, რომ საშიშროება მოდის საქართველოსგან. “ასეთივე დოქტრინა შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა არაღიარებულმა სუბიექტმა. მაგრამ, ამ შემთხვევაში სამხედრო დოქტრინა იურიდიულად არაფრით არ განსხვავდება იმისგან, მაგალითად, აფხაზებმა რომ მიიღონ რაღაც კანონი საკუთრების შესახებ. იურიდიული თვალსაზრისით ამ დოქტრინის მიღებით აფხაზებისთვის არაფერი არ იცვლება. ეს იქნება უფრო შიდა პიარმოხმარებისთვის გაკეთებული საქმე”, - აცხადებს კახა კაციტაძე.
“საერთოდ, ბაღაფშის და ნებისმიერი ამგვარი რეჟიმის ლიდერის განცხადება აფხაზეთის შეიარაღებული ძალებთან დაკავშირებით, სასაცილოა. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც არიან საოკუპაციო ძალები, ე.წ. ნებისმიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოც საოკუპაციო ძალების დანამატს წარმოადგენს. სერიოზულად ნუ აღვიქვამთ ცხინვალის ან აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის განცხადებებს”, - ამბობს სამხედრო-პოლიტიკური მიმომხილველი გიორგი თავდგირიძე.
“ეს არის აფხაზეთში მცხოვრები აფხაზებისათვის განკუთვნილი თემა, თითქოს აფხაზეთი ინარჩუნებს რეალური სახელმწიფოს სტატუსს და, შესაბამისად, მას გააჩნია დოქტრინა. მაგრამ, არსებითად ეს არის უკვე ისეთი უკანონო დოკუმენტის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში მოარგებს აფხაზეთში არსებულ უკანონო ბანდფორმირებებს რუსულ გეგმასთან. აფხაზი სამხედროები გახდებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან გენშტაბის რიგითი ჯარისკაცები. სწორედ ამისკენ არის ეს მიმართული”, - განმარტავს ბესიკ სილაგაძე.