ფრანგული საბრძოლო მანქანა ფრანგული საბრძოლო მანქანა />


  14:02:11     07-12-2011

ფრანგული საბრძოლო მანქანა

a13098.jpg

ქვეითთა საბრძოლო მანქანა Vextra ფრანული კომპანიის GIAT Industries-ს (ახლანდელი Nexter-ის) მიერ საკუთარი ინიციატივით შეიქმნა. საბრძოლო მანქანაზე მუშაობა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მანქანა გამიზნული იყო, როგორც საფრანგეთის არმიისთვის, ასევე უცხოელი ექსპორტიორებისათვის. ქვეითთა საბრძოლო მანქანის მთავარ დანიშნულებას, ძირითად საბრძოლო ტანკებთან ერთად მოქმედება წარმოადგენდა. Vextra-ს პირველი საჯარო ჩვენება 1994 წელს მოხდა. მისმა პროტოტიპმა წარმატებით დაასრულა საგამოცდო პერიოდი, თუმცა მისი შესყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ მანქანას საუკეთესო მახასიათებლები აქვს. 2008 წელს საფრანგეთის არმიამ შეიარაღებაში ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქნა VBCI მიიღო, რომელიც ორი ცნობილი ფრანგული კომპანიის, ზემოაღნიშნული GIAT Industries-სა და Renault-ს ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

ქვეითთა საბრძოლო მანქანა Vextra-ს კორპუსი ალუმინის ჯავშნითაა დაცული, რომელზედაც დამატებითი დაცვის სახით, პასიური ჯავშნის ფენებია დაყენებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ალუმინის ჯავშანი გამოიყენებოდა მოძველებულ AMX-10P-ს ტიპის ფრანგულ ქვეითთა საბრძოლო მანქანაზეც, რომელიც შეიარაღებაში ჯერ კიდევ ადრეულ 1970-იან წლებში მიიღეს. ჯავშანმანქანის საბაზისო ჯავშანი 14.5 მმ-იანი მძიმე ტყვიამფრქვევის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. დამატებითი პანელების ან რეაქტიული ჯავშნის კონტეინერების დაყენების შემთხვევაში, ქვეითთა საბრძოლო მანქანის ჯავშანს შეუძლია გაუძლოს საშუალო კალიბრის ქვემეხთა ჭურვებსა და ხელის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების რეაქტიული ყუმბარების კუმულაციურ ჭავლსაც.

ქვეითთა საბრძოლო მანქანა Vextra-ზე Dragar-ის ტიპის ერთკაციანი კოშკურაა დამონტაჟებული, რომელიც 25 მმ-იანი ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული ქემეხითა და მასთან შეწყვილებული 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. ეს კოშკურაც, ისევე, როგორც მთლიანად ქვეითთა საბრძოლო მანქანა კომპანია GIAT Industries-ის მიერ შეიქმნა.

Vextra-ზე დამონტაჟებულია ბრძოლის ველის მართვის სისტემა, რომელიც ასევე GIAT-ის მიერ შეიქმნა. ეს სისტემა ფრანგულ Leclerc-ის ტიპის ძირითად საბრძოლო ტანკზე დამონტაჟებული ანალოგიური სისტემის მსგავსია. სისტემა შედგება ფერადი დისპლეისაგან, რომელიც აჩვენებს მოკავშირისა და მოწინააღმდეგის პოზიციებს. სისტემის ფუნქციაში, ასევე, შედის ციფრული რუკების შედგენა, ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ნავიგაცია და სხვა.

ქვეითთა საბრძოლო მანქანის ეკიპაჟი სამი კაცისაგან შედგება, ესენია: მეთაური, მსროლელი და მძღოლი. მანქანის დესანტის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა მათ მანქანაში შესვლა და მისი დატოვება კორპუსის უკან განთავსებული კარებითა და ლუკების მეშვეობით შეეძლებათ.

Vextra-ზე ძალური დანადგარის სახით „სააბ სკანიას“ ტიპის დიზელის ძრავაა დაყენებული. ძრავა მანქანის კორპუსი წინა ნაწილში, მარჯვნივაა განთავსებული. მისი ასეთი მდებარეობა დესანტს მანქანის დატოვებაში ხელს არ უშლის და ამასთანავე, დამატებითი დაცვის ფუნქციაც აქვს შეთავსებული.

ქვეითთა საბრძოლო მანქანის ბაზაზე შექმნილია Vextra-ს ანტიტანკის ვერსია, რომელიც შეიარარებულია 105 მმ-იანი ორსიბრტყეში სტაბილიზირებული ქვემეხით აღჭურვილი კოშკურით. ამ ვარიანტმა წარმატებით გაიარა საგამოცდო პერიოდი საფრანგეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თუმცა არც მისი შესყიდვის სურვილი გამოუთქვამს რომელიმე სახელმწიფოს.

army.ge

0

ავტორი: