15:05:03     06-12-2011
ბათუმელი პოეტების პოეტური ტურნე საქართველოს ქალაქებში
პოეტებს, გენრი დოლიძეს და გიორგი გაბაიძეს უკვე იცნობს პრესა.გე-ს მკითხველი. ისინი, თავის მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს და ატარებენ პოეზიის საღამოებს.
ამჯერადაც დაიწყო ბათუმელი პოეტების:
გენრი დოლიძის, როინ აბუსელიძის, გიორგი გაბაიძის, აჩი ბერიძის და სულხან წულუკიძის
პოეტური ტურნე საქართველოს ქალაქებში....
ამ ტურნეს დროს პოეტებმა უკვე მოიარეს რამდენიმე ქალაქი...
6 დეკემბერს პოეტურ ტურნეს გორში მასპინძლობს READ CAFE/არტ კაფე.
დასაწყისი: 17:00 საათზე.
შემდეგში ამ პოეტების საღამოები ჩატარდება:
რუსთავში:
7 დეკემბერს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე
ლიტერატურული სალონი
თბილისში:
8 დეკემბერს, ხუთშაბათს, 18:30 საათზე
სამედიცინო უნივერსიტეტი
და ბოლო გაჩერება:
ერთი კვირის თავზე ბათუმში გაიმართება დასკვნითი ღონისძიება...
დასწრება ყველგან თავისუფალია!
დღეს, გავიხსენოთ ამ პოეტთაგან პრესა.გე-ს ფურცლებზე გამოქვეყნებული ზოგიერთი ლექსი.
გიორგი გაბაიძე
მდუმარე ლოცვა
ვხედავ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
კვირის მწუხრიდან ვემზადები - კვლავ საკვირაოდ,
ვდაგავარ მიწაზე და თან ვწევარ ჩრდილში საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო.
შევიმოსები და აღსდგება ჩემში მესია,
დავემგვანები ბნელ უღრანში ცოდვით დატორილს,
ღამე კორიდას წესებივით უმკაცრესია,
იღბალი ჩემი ემსგავსება ბედს მატადორის.
მინდება თავი დავაღწიო უქირურგიოდ,
როგორც იონამ, მესამე დღეს მუცელს ვეშაპის,
სჯობს საკუთარ თავს ფერი უფრო მუქი ვურჩიო,
და მოვიხადო სასჯელივით ცოდვის ეტაპი.
ცოდვა - კეთრივით დამემართა - წლის ოცდაორი,
ორასორმოცდახუთი დღის და წუთების უკან,
დაბადებიდან ბედი მიწვევს მასთან საომრად
და მატრიალებს მის კოლბაში - ვით ცენტრიფუგა.
ბავშვივით თვალებ ამღვრეული ვებღაუჭები
სევდას, ვერაფრით წარმოვიდგენ ჩემ თავს უმისოდ,
ბედუინივით დამსკდარი მაქვს მზისგან ტუჩები,
დედის რძესავით მასაზრდოებს სევდა კუმისით...
მინდება თავი დამაღწიოს მელანქოლიამ,
და სურვილების მოძალებამ შუაღამისას,
ოქტომბრით სველი მივაშურებ ზღაპრულ ოლიანდრს,
სადაც სურვილებს მძივებივით სულზე ავისხამ.
თვალის ბადურებს შეეფინოს ნისლი ნოტიო,
მწიფე სისველით ის ყოველთვის ახარებს რტოებს,
იტყვიან, გულს ვერ მოუფრთხილდა იდიოტიო,
და ვერც სიცოცხლეს - ისევ გულით ნახავერდოვნებს.
მდუღარე სუნთქვაც სიწმინდეზე ისე დავადნე,
რომ ჰაეროვნად სრიალებდა სისხლში სტიქია,
საპნის ბუშტივით გასკდა გული, ოხ, ეს - სადარდე,
ამ დასასრულის დასაწყისიც სწორედ იგია...
ვწევარ... ვიღვიძებ...დილა... ღმერთი... ლოცვა... ყავა და...
ცოდვა... შენდობა... პოეზია... მერე სხვა დილა...
წარსულს, რომელსაც უკანასკნელ ლოცვას გავატან,
ბედი, რომელიც უბედობას სჯობდა ნამდვილად.
ბოლოს კი ისევ მარტო ვრჩები - ჩრდილთან საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო...
ვუმზერ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
მეღიმება და ვემზადები - კვლავ საკვირაოდ!..
გენრი დოლიძე
ქა-რთული
ამოვიღე მკერდიდან და უკან არ ჩამეტია...
მოვატარე ზეცა, ანუ ქვეცის ზედა სართული....
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს:
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული.
შემოღამდა... ღრუბელივით გადავაფენ სატკივარს,
ღამეს ვარსკვლავმთვარიანს, თუ ღამეს ვარსკვლავმტვერიანს.
გული აბედ კვესია და მისი მეხის ზათქი ვარ.
გული ჩემი ძმა არის და გული ჩემი მტერია –
ჩემი თანამოტკივილე, ჩემი თანამოაზრე.
ჩემი თანა, ჩემისთანა, ჩემი დანა ---- ნარცხები...
არ დანებდე, იამბოხე გულო, სანამ მოასწრებ...
სანამ ფეთქვას შეიძლებ და სანამ სისხლით გაძღები...
უკანასკნელ დაკვნესებას შენვე ფონი დაადე,
ისევ ბაგა ბუგითა და არა ფოე-ფოეთი...
დაიწყება მალე ერთი ბედნიერი საათი,
დამთავრდება როცა ერთი უბედური პოეტი...
შევცოდე და მაინც უფალს, მაინც უფალს ვუგალობ
ახლა სადღაც დავმთავრდი და სადაც ვიწყებ თავიდან...
გევედრები მხოლოდ ეს “ქა” მომირჩინე უფალო
“რთული?” ამიტანია და ალბათ აწიც ავიტან!...
ამოვიღე საგულედან - უკან არ ჩამეტია -
უნებართვოდ მეამბოხე, ფეთქვა-ნებადართული
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ვაჟკაცური ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით საამაყო ბედი აქვს
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული...