22:20:15     03-12-2011
კრემლი, საკუთარი მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე, ახალ სამხედრო ობიექტებს აშენებს...
დასავლელი ექსპერტები უკვე დიდი ხანია წერენ, რომ რუსული ეკონომიკა გაპარტახებულია, მოსახლეობა გაღატაკებული, ამის პარალელურად კი, კრემლი, „შავი ფულის“ მეშვეობით, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და შიშების დასაძლევად, სამხედრო ობიექტების მშენებლობას იწყებს. ამერიკელი ექსპერტები წერენ, რომ ჯერ კიდევ სსრკ, „გამალებულმა შეიარაღებამ“ დაანგრია და ზუსტად იგივეს უწინასწარმეტყველებენ რუსეთსაც, რომელიც ეკონომიკური განვითარების დონით, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია.
1996 წელს „ნიუ იორკ თაიმსი“ რუსეთში, გიგანტური მიწისქვეშა სამხედრო კომპლექსის მშენებლობის შესახებ წერდა. თემა სხვა უცხოურმა გაზეთებმაც აიტაცეს, მაგრამ რუსი ჟურნალისტებისათვის, ერთი-ორი სტატიის შემდეგ, საკითხი არააქტუალური გახდა. სავარაუდოდ, არა იმიტომ, რომ ინტერესი განელდა, არამედ იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა საიდუმლო პროექტს, რომელსაც სამხრეთ ურალის მთებში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. თუმცა, ამ ობიექტის გასაიდუმლოება და დასავლური დაზვერვისთვის დამალვა, რომ რუსებმა საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხეს, ამაზე ამერიკულ პრესაში გამოჩენილი წერილებიც მეტყველებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა, სამხრეთ ურალის მთებში, სათხილამურო კურორტ „აბზაკოვოში“ სტუმრობას საგრძნობლად უმატა. იმდენად, რომ დაეჭვდნენ - ეს მხოლოდ თხილამურებით სრიალის სიყვარულის გამო არ ხდებოდა. მალე კი გავრცელდა ხმები, რომ რომ სწორედ ამ კურორტის სიახლოვეს, მიწისქვეშა ბაზაა განთავსებული.
1996 წლის აპრილში, „ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იტყობინებოდა იდუმალებით მოცულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც რუსეთში შენდებოდა: „საიდუმლო პროექტის მსვლელობისას, რომელიც „ცივი ომის“ შემზარავ პერიოდს გვახსენებს, რუსეთი, ურალის მთებში, მიწისქვეშ, დაკავებულია გიგანტური სამხედრო კომპლექსის მშენებლობით. იამანტაუს მთის სიღრმეში დამალულ კომპლექსთან მიდის რკინიგზა და ავტომაგისტრალი. სამუშაოებს ათასი მუშა ასრულებს“ - იტყობინებოდა გაზეთი.
1997 წელს კი, სტატია „ვაშინგტონ თაიმსშიც“ გამოქვეყნდა - „მოსკოვი აშენებს ბუნკერს ბირთვული შეტევის შემთხვევისათვის“, რომელშიც საუბარი იყო, რომ მაშინ, როცა აშშ-მა დახურა მსგავსი ობოექტების უმრავლესობა, რუსეთი სწრაფი ტემპებით ამთავრებს მიწისქვეშა თავშესაფრების აღჭურვის ძვირადღირებულ პროგრამას...
ეჭვებს ტურისტთა მონათხრობიც ამძაფრებდა. ბევრი მათგანი ჰყვებოდა, რომ სწორედ 2000-იანი წლების დასაწყისში, იამანტაუს მთის შემოგარენში, დაცვა საგრძნობლად გაძლიერდა და თანაც, მთას არა მხოლოდ უბრალო დაცვა, არამედ სამხედროები იცავდნენ. მათი თქმით, სპეცობიექტის რაიონში აუცილებელია სიფრთხილის შენარჩუნება, არ უნდა იხმაურო, იკრძალება ცეცხლის დანთება და საერთოდ, არ უნდა შეიმჩნიო, რომ იქ ხარ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ, აჩუქოთ მათ გადაღებული ფოტოფირი და უმტკიცოთ, რომ თქვენ არ ხართ ჯაშუში…
ის, ვინც იამანტაუმდე მანქანით მისულა, ამბობს, რომ ეს არის უდიდესი კლდოვანი პლატო. მის წვერზე, 90-იანი წლების დასაწყისში, სამხედრო ნაწილი იდგა, რომელიც აეროდრომსა და სამხედრო სპეცაღჭურვილობას ემსახურებოდა... ტურისტებს ნანახი აქვთ შახტებიც, რომლებიც მთის სიღრმეში ჩადის. ადამიანების მცირე ნაწილი, რომელიც იამანტაუზე ყოფილა, იმასაც ამტკიცებს, რომ იქ ურანის საბადოებია…
როგორც აღვნიშნეთ, რუსულ მედიაში ამ თემის აქტუალიზება არ მოხდარა. თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი თავად მონაწილეობდნენ მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობაში და საიდუმლოს გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დაწერილი. ამიტომ მშენებლები გვარების დასახელების გარეშე ყვებიან დეტალებს.
„მიწისქვეშა კომპლექსი, რომელიც სახლებადაა დაყოფილი, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას მოიცავს. გაყვანლია კომუნიკაციები და სასიცოცხლოდ აუცილებელი სისტემები. შექმნილია ყველა პირობა, რომ მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში იცხოვრო ისე, რომ მიწის ზევით არ ახვიდე“ - ყვებიან მშენებლები იმ ზესაიდუმლო ობიექტისა, რომელიც მიწისქვეშა გრანდიოზულ ქალაქს წარმოადგენს და რუსეთზე ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, სამთავრობო თავშესაფარი უნდა გახდეს... 0