12:49:29     03-12-2011
ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღისადმი
1817 წლის 4 დეკემბერს დაიბადა დიდი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი.
ამჯერად გვინდა მისი ცხოვრებიდან ერთი ეპიზიდი გავიხსენოთ, რომელიც კარგად გვიჩვენებს როგორი მამულიშვილი იყო ჩვენი საყვარელი პოეტი და როგორ აქტიურად იღვწოდა ადრეული სიჭაბუკიდანვე, თავისი ლექსებით თუ საქმიანობით.
ზაქარია ჭიჭინაძეს გადმოცემული აქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის თანაკლასელის, მამია გურიელის ნაამბობი. რომლითაც ირკვევა, რომ ყმაწვილმა პოეტმა პოლიციის მიერ გაჩხრეკის შიშით დაწვა თავისი არა ერთი ლექსი.
მამია გურიელს უთქვამს:
„ნიკოლოზ ბარათაშვილი და მე ერთ სკოლის მერხზე ვიჯექით, ნიკ. ბარათაშვილმა წინეთ შეიტყო, რომ შენ გაგჩხრეკენო. მას ბევრი ლექსები აქვნდა რუსის მთავრობის წინააღმდეგ ნაწერი. იგი მალე წავიდა სახლში. მეც თან წამიყვანა, ყველა ეს ნაწერები ბუხარში შეყარა და ცეცხლს მისცა. ის იყო დაიწო და გამჩხრეკნიც მოვიდნენ. სასტიკად გაჩხრიკეს ყველაფერი. მერე ნიკ. ბარათაშვილს სხვადასხვა ლექსებს უჩვენებდნენ და ჰკითხვდნენ, რომ ეს შენი დაწერილიაო? ნიკ. ბარათაშვილი ყველაფერზე უარს ეუბნებოდა“.
ამგვარად დაიკარგა არა ერთი ლექსი, რომელნიც სიჭაბუკის ასაკში შემდგარმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა შექმნა.
მამია გურიელის მოგონებაში კარგად ჩანს, იმპერიის პოლიციამაც კარგად იცოდა, რომ ის ლექსებს წერდა. რუსეთის იმპერიას არა მარტო ქართველი შეთქმულების აჯანყების, არამედ ქართველი პოეტების პატრიოტული ლექსებისაც ეშინოდა.
1833 თუ 1834 წელს ტფილისის გიმნაზიის მოსწავლეებმა გამოსცეს ხელნაწერი ანთოლოგია. ანთოლოგიაში შეტანილი იყო ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“. ასევე ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ორბელიანის, გიორგი ერისთავის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, დავით მაჩაბლისა და დავით ყორღანაშვილის თხზულებები, მათ შორის, ორიგინალურები და თარგმნილები. ანთოლოგია გადაუწერია მიხეილ თუმანიშვილს.
გიმნაზიის მოსწავლეთა მიერ ამგვარი ანთოლოგიის შედგენა მათ გამბედაობას ამტკიცებს. ავტორთა უმრავლესობა ხომ „სახელმწიფო დამნაშავეებად“ იყვნენ გამოცხადებული და პატიმრობაში იმყოფებოდნენ 1932 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო.
ეს ანთოლოგია მნიშვნელოვანი მოვლენაა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მისი შექმნის, შეკრებისა და გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ ნიკოლოზ ბარათაშვილი. გიმნაზიის მოსწავლეთა მიერ შედგენილ ანთოლოგიაში შევიდა ახალგაზრდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხუთი ლექსი“ „ვარდი და ია“, „ნარგიზი და ყაყაჩო“, „ვარდი და ბულბული“, „კავკასიური მოთხრობა“, „შემოღამება მთაწმინდაზე“.
ანთოლოგიაში ზოგიერთი ნაწარმოები ნიკოლოზ ბარათაშვილისა ძველი რედაქციითაა წარმოდგენილი. ზუსტი დათარიღება საკმაოდ ძნელია.
დღეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ორი ლექსი.
ჩემს ვარსკვლავს
რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?
მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო:
შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,
შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!
ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,
რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;
შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ,
როს მიბჟუტვით ნისლით-გამო მონათებ.
რა სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,
მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო:
ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,
მალხინებელ დაბინდულის გულისა!
მოციმციმდი, მოდი, გამომედარე,
შენგან ბნელი გული გამომიდარე;
კვლავ ციური ცეცხლი გარმოისარე,
ნაბერწკალნი ეშხისა მომაყარე.
შემოღამება მთაწმინდაზე
ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ ჰშვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!
ვითარი მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!
მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!
ოჰ, ვით ყოველი, ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!
მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება...
მაგრამ ვერ სცნობენ გლახ მოკვდავნი განგებას ციურს!
დაფიქრებული ვიდეგ სერზედა, და, ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდენ!
მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვოს და არ დაჰხსნას გულსა ვაება;
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!
სდუმდა ყოველი მუნ არე-მარე, ბინდი გადეკრა ცისა კამარას.
მოსდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისი ამარა!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!
ამგვარი იყო მთაწმიდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი;
მხოლოდ გული ჰგრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება!
ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!