ფერეიდუნ თონქაბონის „საჩუქარი“ ფერეიდუნ თონქაბონის „საჩუქარი“ />


  12:47:44     03-12-2011

ფერეიდუნ თონქაბონის „საჩუქარი“

a12978.jpg

ირანული ლიტერატურა ყოველთვის საინტერესო იყო ქართველებისათვის. ირანული ლიტერატურა ძალიან მდიდარი იყო წარსულშიც და ახლაც მდიდარია. დღესაც ქართველები დიდი ინტერესით ეცნობიან ირანელი მწერლებისა და პოეტების, ძველებისა თუ ჩვენი თანამედროვეების შემოქმედებას.

რამდენიმე ხნის წინ ჩვენ პრესა.გე-ს მკითხველს შევთავაზეთ აბულყასემ ჰალათის მოთხრობა "სიყვარული სახურავზე", ირანელი მწერლების იუმორისტული და სატირული მოთხრობების კრებულიდან „სიყვარული სახურავზე“ (ერთ-ერთი მოთხრობის სახელწოდების მიხედვით). ეს მოთხრობები თარგმნილია მზია ივანიშვილის მიერ. დაიბეჭდა გამომცემლობა „მერანში“. "მოთხრობებში გაშუქებულია შაჰის დროინდელი ირანის სოციალურ-პოლიტიკური, მორალური და კულტურული პრობლემები"... "ავტორებს ახასიათებთ ცხოველი ინტერესი "პატარა ადამიანის" ბედისადმი, რომელთა ქომაგად და დამცველად გვევლინებიან" - წერია წინასიტყვაობაში.

მოთხრობები ძალიან საინტერესოა და კარგადაა თარგმნილი. ამიტომ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი მოთხრობის გაცნობა ჩვენი მკითხველისათვის და ჩვენს ინტერნეტ-ბიბლიოთეკაში შეტანა. დღეს გთავაზობთ ფერეიდუნ თონქაბონის მოთხრობას „საჩუქარი“.

საჩუქარი

(თარგმნა მზია ივანიშვილმა)

ჩემი ჭაპანწყვეტა იმ დღიდან დაიწყო, მოდაში რომ შემოვიდა საჩუქრების ფერადი ქაღალდი და სკოტჩი. საჩუქარს ფასი ეკარგება, თუ ასეთ ქაღალდში არ გაახვევ და სკოტჩით არ დააწებებ კაცი.

ასე მაგალითად:

- რა უნდა ვუყიდოთ ნეტა? - შემეკითხა ცოლი, და რომ გაუთხოვდა, - ჭაღი რით არის ცუდი ვითომ?

"ჰმ, ძვირზე ძვირია" - გული დამამიქანდა მე.

- არ, არა! ისა სჯობს, ვუყიდოთ უფრო გამოსაყენებელი რაიმე, - განაგრძო ქალმა. - აი თუნდაც წვენსაწურიანი საოჯახო კომბაინი!

კვლავ გადამიქანდა გული.

- ჰო, არა! - ენად გადაიქცა ცოლი, ყინვიან ზამთარში ნეტა რაში სჭირდებათ წვენსაწური? ყველაფერს ისა სჯობს, ელექტრობუხარი ვუყიდოთ!

ასეც მოვიქეცით, რაც ძალზე იოლი გასაკეთებელი აღმოჩნდა. მაგრამ გასაჭირი კი მაშინ დამადგა, ცოლმა ელქტრობუხრიანი მუყაოს კოლოფის საჩუქრების ქაღალდით შეფუთვა რომ გადაწყვიტა.

სულ ტყუილად ვცდილობდი, დამერწმუნებინა ქალი, რომ ვეება კოლოფი თავისთავად გამოიყურება საკმაოდ შთამბეჭდავად და არავითარი შეფუთვა არ არის საჭირო.

მეტი რა გზა მქონდა, იძულებული გავხდი, წავსულიყავი და მომეტანა ორმოცი ფურცელი საჩუქრების სახვევი, წებოიანი ბაფთის სამი გრაგნილი, ოციოდ მეტრი ჭრელი ზონარი და ხუთი მოდიდო სკოტჩის ყვავილი.

თითქმის ნახევარი დღე გაილია, სანამ კოლოფს გავახვევდით ქაღალდში, შევკრავდით წებოიანი ბაფთით, შემოვუჭერდით ზონარს და ზემოდან დავაწებებდით ყვავილს. მაგრამ ქალს მოეჩვენა რომ მისალოცი კოლოფი არც თუ ძალიან მიმზიდველი გამოვიდა და ცოტა არ იყოს გულნაკლული დარჩა.

- საჩუქარში არ იგრძნობა სითბო, - გააბა წუწუნი, - გეგონება, თავიდან ვიცილებთ!
სახლის გვერდით უნივერმაღი დგას და თქვენს მონა-მორჩილს ხშირად მქონია შემთხვევა, მენახა გამყიდველთან მისული გოგო-ბიჭები მჯიღში ფული რომ ჩაუბღუჯავთ, თან გულდასმით არჩევენ სათამაშოს ან კანფეტის კოლოფს.

- აღა, შემიხვიე რა, საჩუქრის ქაღალდში, - იხვეწება ბალღი.

- დაბადების დღეა ხომ? - სათნო ღიმილით კითხულობს ხანში შესული გამყიდველი.

- დიახ! - თავს უქნევს ოდნავ შეცბუნებული პატარა მუშტარი.

- სანამ დაბადების დღეები გვექნება, ხეირი არ მოაკლდება ვაჭრობას! - ეშმაკურად თვალს მიკრავს გამყიდველი.

მერე მიითვლის რა ორ თუმანს საჩუქარში, ხოლო თუმანს სახვევ ქაღალდში ზონარსა და სკოტჩის ყვავილში, დაუმატებს:

- ნეტა გაჩვენა დედის დღეს რა ხდება!

მშვენივრად ვიცი, რას წარმოადგენს ეგ დედის დღე! შარშან ცოლი, ჩვეულებისამებრ ერთი კვირით ადრე შეუდგა სამზადისს. "სიდედრსღა მიართმევს საჩუქარს და საქმე მხოლოდ გასახვევი ქაღალდისა და სკოტჩის ყვავილის ყიდვით დამთავრდება-მეთქი,“ - ვიფიქრე.

მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! ოთახის კარი გავაღე თუ არა, ნივთების ისეთ ხვავს მოვკარი თვალი, არც მეტი არც ნაკლები, სირიის ბაზარი გეგონებოდათ. ცოლს შუაგულ ოთახში მოერთხა ფეხი, შორიახლოს ეყარა საჩუქრების სახვევი ქაღალდები, წებოიანი ბაფთები, ჭრელ-ჭრელი ზონრები და დასაწებებელი ყვავილები. ქალი ზღვის შმაგი ზვირთების ალყაში მოქცეულ მოცურავეს ჰგავდა.

დიდი და მცირე მუყაოს კოლოფები მოგაგონებდათ ჩაძირული ხომალდის ნამტვრევებს, ხოლო ფერად-ფერადი საჩუქრები ტალღებზე მოტივტივე ტვირთს.

ცოლმა ჯერ საგანგებოდ შეფუთა კოლოფი, მერე ზონარი შემოუჭირა, წებოიანი ბაფთითაც შეკრა და ზემოდან ყვავილიც დააწება.

- ეს დადაჩემს ვაჩუქოთ! - თქვა მან.

მერე მომდევნო საჩუქრები შეახვია სულ სხვა ფერის ქაღალდში და ზემოდან დააწება ყვავილი.

- ეს კი დედაშენს! - ჩაილაპარაკა ქალმა.

- ესეც დიდედას, - მიმითითა მესამე კოლოფზე (მივხდი რომ გულისხმობდა თავის დედის დედას).

- ეგ ხანნუმ-ჯანს (ცხადია იგულისხმებოდა ცოლის მამის დედა).

- ეს დიდედაშენს (ესე იგი, დედაჩემის დედას).

- აი ეს კი შენ ხანუმ ჯანს (გულისხმობდა მამაჩემის დედას).

- ეგ ორი საჩუქარი ვიღას? - ვკითხე გაოცებით.

- ჰმ, ჩემ და შენს დაიკოებს.

- როგორ ისინი ხომ დედები არ არიან?

- შენ რა დაგავიწყდა-მეცა პირში, - უკვე წელიწადია რაც დედები გახდნებ და ცხადია, ელოდებიან საჩუქრებს.

- მერე ჩვენი დედები ხომ არ არიან, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ენა ჩავიგდე.

ამასობაში ცოლმა სამი კოლოფი მომაჩეჩა.

- არაფერი მესმის! - წავიბურტყუნე.

- ესენი კი-მე! - ამიხსნა ქალმა.

- შენ?

- ჰო რასაკვირველია!

ხვალე თავად გადმომცემ ერთ კოლოფს, მეორეს მომართმევს ქალიშვილი, ხოლო მესამეს - ვაჟი. დაიხსომეთ ამ საჩუქრებს მე მომიძღვნით.

რაღას ვიზამდი? "ასეა, ასე" - ვუთხარი თავს.

- „ვინ იცის, ეგებ ცოლი მართალია, - ვფიქრობდი გუნებაში, - ეტყობა ადამიანები ამგვარად ცხოვრობენ. ჰო, რასაკვირველია! ერთ ბედქვეშაა ყველა. ჩანს მე ერთიღა გამოვხატავ გულისწყრომას და ვერ შევრიგებივარ საერთო წესს."

ერთხელ პარასკევი რომ გათენდა, ასე მოშუადღევებულზე, ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. სულ მალე გაირკვა, რომ ჩვენი მრავალშვილიანი ნათესავები ერთ-ერთი ბალღის დაბადების დღეს იხდიდნენ და მათთან მისვლას გვთხოვდნენ.

რა დაგიმალოთ და ელდა მეცა. მივხვდი რომ კვლავ მომიწევდდა წვერის სახელდახელოდ გაპარსვა და ტანთ ჩაცმა, ხოლო ცოლს მოსვენებას დაუკარგავდა საჩუქრებზე ფიქრი.

- ნუ გედარდება, - ვთქვი მე, - გზად ვიყიდოთ ყვავილების თაიგული!

- რა? თაიგულიო? - გაცხარდა ცოლი, - ეგების გინდა ქვაწვიები შეგვარქვან!

- მაშ კარგი, ვიყიდოთ ტორტი!

- ტორტი არა? ალბათ გინდა რომ გაუთლელები დაგვიძახონ!

- ჰმ. აბა რა ვიღონოთ? დღეს პარასკევია და მაღაზიები ყველგან დაკეტილია, - მხრები ავიჩეჩე.

- აბა, რა ვიცი?... ეგ მე არ მეკითხება! - მივიღე პასუხად.

მართალი გითხრათ, სულ მუდამ, ჩიხში მაქცევდა ქალის სიტყვები: "აბა რა ვიცი?... ეგ მე არ მეხება..." ცოლი ჩვეულებისამებრ ასე მპასუხობდა გამოუვალი მდგომარეობის დროს. „ჰმ, რა გაეწყობა! - ვფიქრობდი გუნებაში, - ესეც, ალბათ, თავის არიდების ერთგვარი ცდაა".

- რას გეტყვი, იცი? - ავპილპილდი, -მოდი, ნუ წავალთ წვეულებაზე!

- ჭკუაზე ხარ?! ხალხს გინდა ათქმევინო, რომ საჩუქრებში ფულის გადახდა დაგვენანა!-თავისას ადგა ქალი.

ბევრი აღარ მიფიქრია, სამზარეულოში გაცოფებული შევვარდი. ხელი დავავლე ცარიელ კოლოფსა და აქანდაზს, მერე კარი გავიჯახუნე და ეზოში გავჩნდი. ამასობაში ვნახე, რომ ბაღჩაში კატას კაი „საჩუქარი" გაეკეთებინა.

უწმინდურება მოვხვეტე, კოლოფში ჩავუძახე და კვლავ გავქანდი ოთახისკენ, სადაც სასაჩუქრო ქაღალდების მთელი მთა აღმართულიყო. კოლოფი საგულდაგულოდ შევახვიე, შემოვაკარი ზონარი და დავაწებე ყვავილი. მერე კარში გამოვედი, ერთხანს ქუჩაში გავიარ-გამოვიარე და ბოლოს კვლავ შევბრუნდი ოთახში.

- უკეთესი ვერაფერი ვიშოვე, - ვუთხარი მეუღლეს.

-რა არის ეგ? - გაცეცხლდა ქალი.

-ცოტა მოგვიანებით ნახავ. ნუ გახსნი ახლა, ხომ ხედავ, გვაგვიანდება!

ის საღამო შესანიშნავად გავატარე. დიახ, დიახ, ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი ვიმხიარულე!

საჩუქრებისთვის საგანგებოდ გამოყოფილ მაგიდაზე სანამ კოლოფს დავდებდი, ფრთხილად ავაძვრე სადარბაზო ბარათი, ცოლს რომ საკუთარი ხელით მიეწერა სიტყვები: "გულწრფელი მილოცვით და საუკეთესო სურვილებით"- და მეყსეულად შევჩარე სხვა კოლოფში.

მერე მოუთმენლად და ცოტა არ იყოს, სიამაყის გრძნობით, ველოდი წამს, ძვირფასი მასპინძლები კოლოფის გახსნას რომ დაიწყებდნენ. ურყევად მწამდა, სულ მალე საინტერესო სურათის მოწმე გავხდებოდი.

"მაშ არა და, კოლოფის გახსნას სახვალიოდ გადადებენ!- ვფიქრობდი მე. - აკი მასპინძლები საშინელი ცნობისმოყვარენი და ფულის ხარბები არიან! ეტყობა, ჩაღლეული სტუმრები რომ წავლენ-წამოვლენ და ოთახში ღვიძლი ნათესავებიღა დავრჩებით, ცოლი და ქმარი მეწვრილმანისებრ მოჰყვებიან ლაპარაკს, ვინ რა მოიტანა და სასწრაფოდ დაიანგარიშებენ ხარჯსა და შემოსავალს”.

კაცმა რომ თქვას, ყველაზე მეტად მებრალებოდა ბალღი, რომლის ბავშვურ უშუალობასაც მშობლები ულმობლად თრგუნავდნენ და გოგონას აჩვევდნენ სიხარბეს და გაუმაძღრობას.

- ახლა შინაურებიღა დავრჩით, მოდით, ვნახოთ, რა მოგვიტანეს სტუმრებმა, - ერთხმად განაცხადეს მასპინძლებმა და მალე ერთიმეორეს მიყოლებით შეუდგნენ კოლოფების გახსნას. ბავშვი ხეირიანად ვერც კი ასწრებდა საჩუქრისათვის თვალის მოკვრას, რომ მას ხელიდან სტაცებდნენ უფროსები. სტუმრებს მოეტანათ: დედოფალა, პერანგი, წინდები, სხვადასხვა სათამაშოები...- ვაი დედა! - მოულოდნელად შეჰკივლა გოგონამ და კოლოფი ისევ მაგიდაზე ისროლა.

თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავხარხარდი.

გარდა ჩემი ცოლისა, ცხადია, ვერავინ მიხვდა, თუ ვინ ჩაიდინა ეს. უეცრად ქალმა ისეთი გააფთრებული მზერა მესროლა, რომ ღიმილი პირზე შემაშრა.

"აი მესმის, მახვილგონებიანი კაცი!" - ენის წვერზე მადგა სიტყვები, მაგრამ ცოლის მრისხანე გამომეტყველებას ვეღა გავუძელ და „უჰ, რა კადნიერებაა-მეთქი" - წავიბლუკუნე.

ასე რომ ექვსი თვის განმავლობაში ცოლს ჩემთვის ხმა არ გაუცია და ვაჟის დაბადების დღესღა მლულბა გული. მალე ჩვენს შიროს ჩვეულებრივი მასლაათი გაიბა.

- ყური მიგდე, ძვირფასო, - დავუყვავე მე, -კარგად იცი ორი ოთახი გაგვაჩნია. ხოლო ხალხი, დაპატიჟებას რომ უპირებ, ოთხ ჯგუფად იყოფა: ბიჭები და გოგონები, ჭაბუკები და ქალიშვილები, მამები და დედილოები, დიდედები და პაპები. მწამს, ბავშვები ერთ ალიაქოთს მოახდენენ, ანცობა-თამაშით აიკლებენ აქაურობას. ჭაბუკებსა და ქალიშვილებს ყველაზე ძალიან ცეკვა-ტრიალი ეამებათ ბინდ-ბუნდში, მამილოები უსათუოდ თავიანთ სამუშაოზე ჩამოაგდებენ სიტყვას, დედები იმასლაათებენ საოჯახო საქმეებზე, საჭმლის დამზადების წვრილმანებზე, ტანსაცმელზე და მაღაზიებზე. ხოლო ბერიკაცები მოიგონებენ შორეულ წარსულს, დიდედები კი დასხდებიან და ნაღვლიან მზერას მიაპყრობენ ახალგაზრდებს. აბა იფიქრე, ამდენ სტუმარს რანაირად დაატევ ბინაში?

- აბა რა ვიცი?... ეს მე არ მეკითხება! - თავისაზე იდგა ქალი.

"კვლავ ნაცად ხერხს მიმართე არა?-გავივლე გუნებაში,-ძალიან კარგი, მე ვიცი რასაც ვიზამ!"

- ბატონი ბრძანდები, შენი ნებაა!-ვთქვი ქალის გასაგონად.

ერთი სიტყვით, ცოლმა ორმოცამდე კაცი მოიპატიჟა ნადიმზე, ვიფიქრე ქალს არც მე ჩამოვრჩები-მეთქი და სასწრაფოდ გავვარდი ქუჩაში. ყველას ვისაც კი გზაში გადავეყარე, დაწესებულების უფროსით დაწყებული და თანაკლასელით დამთავრებული, - ჩვენსა მოვიწვიე. ასევე ვურეკავდი და საზეიმო სუფრაზე ვეპატიჟებოდი ნაცნობებს, ვისი ტელეფონის ნომრებიც უბის წიგნაკში მქონდა ჩაწერილი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნადიმზე თითქმის ორასამდე კაცი დავპატიჟე.

საზეიმო დღეს ცოლი დილიდანვე ჭერზე ფერადი ყვავილწნულების ჩამოკიდებას შეუდგა. მე დრო ვიხელთე და შეუმჩნევლად გავეცალე იქაურობას.

მაგრამ სანამ სახიფათო ზონას გავცდებოდი, ქაღალდზე ორიოდ სტრიქონი დავწერე, ჩავდე კონვერტში და დავაწებე. მერე ფეხსაცმლის მწმენდელ პატარა ბიჭთან მივედი, ჩვენი სახლის წინ რომ იჯდა და წერილი გავუწოდე.

- აჰა დაიჭი თუმნიანი, - ვუთხარი მე, - ზუსტად ცხრა საათზე მიიტან წერილს კონვერტზე აღნიშნული მისამართით!

მერე გადავწყვიტე, ერთხანს ქუჩაში მეხეტიალა და ცოტა გადავკარი კიდეც. კარგად რომ გავმხიარულდი, კინოსკენ გავქროლდი. სწორედ იმ დროს, ეკრანზე რომ საინტერესო ამბავი ხდებოდა, უეცრად რაღაც მომაგონდა და საათს დავხედე: ისრები ზუსტად ცხრას უჩვენებდნენ. ფიქრით შინ ვიყავი, თვალწინ დამიდგა სახლი, მოფუსფუსე ცოლი... ორ ოთახში ორასამდე კაცი შექუჩებულა, ისეთი ჭედვაა, რომ ნემსი არსად ჩავარდება. შეცბუნებულმა ქალმა არ იცის, სად დასხას ან რა მიართვას სტუმრებს. ყველას მოუტანია საჩუქარი. უამრავი ხალხის დანახვაზე ზოგი გაგულისებული სტუმარი ფარ-ხმალს ყრის და უკანვე გარბის, ხოლო უფრო კადნიერი არსებანი არც ფიქრობენ ფეხის მოცვლას. "ნეტა სად გაუჩინარდა კაცი?" - თავგზააბნეულივითაა ცოლი. "შინ რად არ არის მასპინძელი?" - გაიოცებს ყველა.

ქალი აღელვებულია და აღარ იცის როგორ მოიქცეს, სწორედ ამ დროს ზარის ხმა გაისმა. დიასახლისი დარწმუნებულია, რომ ქმარი დაბრუნდა და მიდის კარის გასაღებად.
მოულოდნელად ვიღაც ბალღი დაასწრებს ქალს, ბიჭს წერილს გამოსტაცებს და მიუტანს თავის მამას. კაცი გაოცებით ათვალიერებს კონვერტს, მასზე წარწერაა: "ინებეთ კეთილი და წაუკითხეთ ძვირფას სტუმრებს!". მერე იგი დარბაისლური და ოფიციალურუ იერით, აქაოდა, ძალზე მნიშვნელოვან სახელმწიფო დავალებას ვასრულებო, ხსნის კონვერტს. ყველანი თითქოს რაღაცას ელოდნენ. ცოლი მღელვარებას ვერ იოკებს, გული ცუდს უგრძნობს. მამაკაცი იღებს კონვერტიდან წერილს და კითხულობს: "ჰე-ჰე, ჰე-ჰე-ჰე! ჰო-ჰო, ჰო-ჰო-ჰო! ჰა-ჰა, ჰა-ჰა-ჰა! ჰი-ჰი, ჰი-ჰი-ჰი!"

უნებურად დაუოკებელი სიცილის ჟინი მიპყრობს. უცებ წარმოვიდგინ ცოლისა და სტუმრების გამომეტყველებას, მავიწყდება დარბაზში რომ ვზივარ და ვიწყებ ხმამაღალ ხარხარს.

- ჩუმად, ჩუმად! - მიმხედრდება მეზობლად მჯდომი კაცი.

- ვიცოდეთ მაინც, რა არის აქ სასაცილო? - მიღრიალეს უკნიდან.

მხიარულება და სიცილის ჟინი მემატება.

-შენ ეი, ხმა ჩაიწყვიტე მანდ! გვაცალე ყურება!-კვლავ შემომესმა.

-ჩანს, გამომთვრალია! ავდგეთ და გავიყვანოთ კარში!-ბრაზობს ვიღაც.

-ჰეი, პოლიცია! პოლიცია! - იძახის სხვა.

მალე პოლიციელიც გამოჩნდა და უკანასკნელ მაწანწალასებრ ჯიკავ-ჯიკავით გამომიყვანა დარბაზიდან. თუმცა ეს კია, თქვენ მონა-მორჩილს ფიქრადაც არ მოსდიოდა დადუმება, კინოთეატრის საფეხურებზე მჯომს მუცელზე ხელები მეკიდა და სიცილისგან ვიკრუნჩხებოდი.

მერე ავდექი და კვლავ გადასაყლურწად გავქანდი.

შუაღამისას დავბრუნდი შინ, კარი უჩუმრად გავხსენი და თითისწვერებზე ძლივძლივობით შევაღწიე საძინებელში. მოულოდნელად ღრიჭოდ დარჩენილ კარში გავიჭვრიტე და დავინახე: ჭერზე მიკრულ ნაირფერი ყვავილწნულის ქვეშ და სასაჩუქრო ქაღალდების, ზონრების, მისაწებებელი ყვავილებისა და ჭრალა-ჭრულა კოლოფების ზვინის შუაგულში ფეხი მოურთხავს აფთარივით გაცოფებულ ცოლს და მუშტრის თვალით სინჯავს საჩუქრებს.

0

ავტორი: