15:08:57     02-12-2011
გიიომ აპოლინერი - „სანგარში“
გიიომ აპილინერის შესახებ მის გარდაცვალების დღეს, 9 ნოემბერს, ვესაუბრეთ მკითხველს,
მაშინ აღვნიშნეთ, რომ 1914 წელს, პოეტი საფრანგეთის არმიის მოხალისედ წავიდა, პირველ მსოფლიო ომში, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საფრანგეთის მოქალაქე. სანგრებშიც წერდა. 1915 წელს გიიომ აპოლინერი დაქორწინდა მადლენ პაჟეზე. საფრანგეთის მოქალაქე გახდა 1917 წლის 9 მარტს... თუმცა მანამდე, 1916 წლის 17 მარტს, საფრანგეთისთვის ბრძოლაში, პოეტი თავში დაიჭრა ყუმბარის აფეთქების შედეგად. ამ დროს სანგარში ლექსს კითხულობდა, თურმე... 10 მაისამდე სამხედრო ლაზარეთში მკურნალობდა. გაუკეთეს თავის ქალის ოპერაცია. ამის მერეც არ შეუწყვეტია შემოქმედებითი საქმიანობა.
დღეს, სწორედ სანგარში დაწერილი ლექსი უნდა შემოგთავაზოთ გიიომ აპოლინერისა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, მუდამ პოეტად რჩებოდა და თავისი “ოცნების ნაყოფს“ ესაუბრებოდა... ამაზეა ლაპარაკი მის ლექსში, რომელიც სასვენი ნიშნების გარეშეა დაწერილი, როგორც სჩვეოდა ხოლმე. თუმცა მისი გავლენით მერე სხვებიც ფიქრობდნენ, რომ განათლებულ ადამიანს სასვენი ნიშნების გამოყენება არ სჭირდებოდა. ან შეიძლება დამდგარიყო დრო, როცა წერტილ-მძიმეს ხმარება საჭირო აღარ იქმნებოდა...
მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია. გიიომ აპოლინერი (Guillaume Apollinaire) დაიბადა რომში, 1880 წელს. მისი ნამდვილი სახელია ვილჰელმ ალბერტ აპოლინარის დე ვაზ-კოსტროვიცკი (Wilhelm Albert Vladimir Apollinaris de Wąż-Kostrowitcki).
ბავშვობა იტალიაში გაატარა. სწავლობდა მონაკოში, მერე კანში და ნიცაში. 1899 წელს გადასახლდნენ პარიზში.
1910 წლიდან პუბლიცისტიკას მიმართა, წერდა თანამედროვე მხატვრობაზე. 1912-1913 წლებში იყო რედაქტორი ჟურნალისა „სუარე დე პარი“. მეგობრობდა პიკასოსთან, ანრი რუსოსთან, ანდრე ბრეტონთან, მარკ შაგალთან და სხვებთან. 1907 წელს გაიცნო მხატვარი მარი ლორანსონი, რომელიც მერე მის საყვარელი გახდა. 1911 წელს გახდა პუტოს ჯგუფის წევრი, რომელიც კუბისტური მოძრაობის განშტოებას წარმოადგენდა.
მისი პირველი რომანი 1907 წელს გამოქვეყნდა. მისი ლექსებით კი მკითხველები გაოცებული დარჩნენ, ვინაიდან სასვენ ნიშნებს არ ხმარობდა. სრულიად ახალი იყო მისი კალიგრამები... 1910 წლიდან მის გაშემო შემოიკრიბა პოეტ-სიურრეალისტთა ჯგუფი (ანდრე ბრეტონი, ფილიპ სუპო, ლუი არაგონი, ჟან კოკტო). ტერმინი სიურრეალიზმიც მას ეკუთვნის.
გიიმ აპოლინერი გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა „ესპანური გრიპისაგან“, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სანგარში
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
მოვრბივარ შენკენ და მეჩვენება რომ შენც მორბიხარ
ჩემს შესახვედრად
რა ძალა არის ცეცხლს რომ გვიკიდებს და რომ გვადუღებს
ჩვენ ერთმანეთთან
მაგრამ უეცრად ჩვენ წინ ჯებირი აღიმართება და ვერ
ვხედავთ მერე ერთმანეთს
წინ არის თითქოს ცარცის კედელი
ცვივა და ცვივა დამსკდარი გაჯი
აქ მიწა ისე სწორად უჭრიათ აქ ნიჩბით ისე უმუშავიათ
თითქოს იდგნენ და სჭრიდნენ სტეარინს
სანგარს არ შერჩა არც ერთი ქიმი მოუგლეჯია იგი ჩვენი
მაზარის კალთებს
ო ამ საღამოს ჩემი სული ცარიელია თითქოს გაირღვა
ჩემ წინაშე ქვესკნელი
სადაც ეცემი ეცემი ისე რომ ამ დაცემას არა აქვს ბოლო
და არც გარშემო არაფერია მოჰკიდო ხელი და მოეჭიდო
იქ რაც ცოცხლობს და იქ რაც ეცემა არის უსახო არის
მახინჯი იგი ჩემს სულში წუხილს აღვიძებს და
მე არ ვიცი საიდან და როგორ მოვიდა
ის მე მგონია შობა ცხოვრებამ ან არის რაღაც მსგავსი
ცხოვრების იგი მომავლის მომავალია
გაურანდავი დაუნერგავი და ჯერ არ არის
ჰუმანური ამაღლებული
და ჩემი სულის უსასრულო სიცარიელეს მზე არ ანათებს
რომ იმისმა სხივმა იელვოს
მაგრამ დღეს არის მხოლოდ ასე და ამ საღამოს მხოლოდ
დღეს არის და არა მუდამ
მხოლოდ დღეს არის საბედნიეროდ
ო სხვა დღეებში მე ვფიქრობ შენზე
შენ ანუგეშებ ჩემს მარტოობას და ეღობები ათიათას
საშინელებას
მე წარმოვიდგენ შენს სილამაზეს
ამ მოფუსფუსე ქვეყანაზე რომ ავამაღლო
მაგრამ უეცრად მომეჩვენება რომ ყოველივე არის ამაო
და მე არ ვიცი არაფერი შენს სილამაზეს
ვერც გრძნობით ჩავწვდი
ვერც სიტყვით ჩავწვდი
და მე ამიტომ ამ ქვეყანაზე მშვენიერებას ამაოდ ველტვი
არსებობ ჩემო საყვარელო
თუ აღგზნებულმა ჩემმა გონებამ წარმოგიდგინა
რომ მარტოობა შეავსო ჩემი
იქნებ ბერძენთა ღვთაება ხარ შენ რომელიმე რომ შექმნეს
სულის დასამშვიდებლად
მე შენ მიყვარხარ ჩემო ღვთაებავ მე შენ მიყვარხარ
მიყვარხარ თუგინდ ჩემი ოცნების იყო ნაყოფი