08:10:26     02-12-2011
სირიის წინააღმდეგ, შესაძლოა, სამხედრო ოპერაცია დაიწყოს
წუხელ, გვიან ღამით, ერთდროულად რამდენიმე არაბულმა გამოცემამ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში, ნატო და თურქეთი, სირიის წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციას ამზადებს. მედიის ცნობით, თავდასხმის დასაწყებად, სპეციალური ჯგუფი უკვე მზადყოფნაშია. მათ შორისაა, სამხედრო-საჰაერო ძალების ასეულობით გაწვრთნილი დივერსანტი, რომელნიც, ომის პირველ ეტაპზე, სირიის საზღვარს გადალახავენ და საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებენ.
ეს ინფორმაცია, ოფიციალურ ბრიუსელს და ანკარას ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სირია, ფაქტობრივად, ყოველდღიურად, სულ უფრო მეტად უახლოვდება სრულ იზოლაციას და შესაძლებელ ომს. როგორც ცნობილია, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, სანქციები თურქეთმა დააწესა. ხმელთაშუა ზღვაში კი, სირიის ნაპირებთან, სასწრაფოდ იქნა გადასროლილი ამერიკული ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“. გუშინ, საუდის არაბეთმა და ქუვეითმა საკუთარ მოქალაქეებს სირიის სასწრაფოდ დატოვებისაკენ მოუწოდეს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ხმები ოპერაციის ახლო მომავალში დაწყების შესახებ, საფუძველს მოკლებული არ არის.
რაც შეეხება სირიას, ასადის ხელისუფლება კვლავ ჯიუტობს. ევროკავშირის და თურქეთის სანქციების წინააღმდეგ, ოფიციალურმა დამასკომ კონტრზომების მიღების შესახებ გამოაცხადა. ქვეყანამ რეგიონალური ალიანსი - ხმელთაშუა ზღვისპირეთის კავშირი დატოვა. ამ გაერთიანებაში, ევროპის 27 სახელმწიფო და აუზის კიდევ 16 ქვეყანა შედის. როგორც გაირკვა, დამასკო ბოიკოტს გამოუცხადებს ალიანსის ყველა ფორუმს მანამ, ვიდრე ევროპა მის წინააღმდეგ სანქციებზე უარს არ იტყვის.
ამას გარდა, სირიამ შეაჩერა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც, ორ ქვეყანას შორის, 2007 წლიდან მოქმედებდა. სირიული საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება, თურქეთის წინააღმდეგ, სხვა სახის კონტზომების მიღებასაც განიხილავს. თუმცა, ექსპერტების აზრით, საეჭვოა, ასადის ხელისუფლების ამ ნაბიჯებმა, დასავლეთის გადაწყვეტილებებში რაიმე კორექტივები შეიტანოს.
როგორც ცნობილია, თურქეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, წინ ევროკავშირის დამატებითი სანქციები უძღვოდა, რომელსაც ევროპამ სირიელი ოფიციალური პირების და ასადის ხელისუფლების გარემოცვისა თუ ახლობლების „შავი სიაც“ დაურთო. საერთაშორისო საზოგადოების მტკიცებით, ამ პერსონებს კავშირი აქვთ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევებთან.
როგორც ცნობილია, სირიაში მასობრივი უწესრიგობა და შეიარაღებული გამოსვლები, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. საპროტესტო აქციების მონაწილეები, პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვდნენ. ხელისუფლებამ აქციები სასტიკად დაარბია, რასაც ასადის რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება მოჰყვა.
0