13:54:40     01-12-2011
აკაკი მარგიანის „არწივის სიმღერა“ (ძღვნად ვაჟას)
წელს საქართველომ იზეიმა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავი. ზეიმი ქართველთათვის ჯერ არ დასრულებულა, ვინაიდან მთელი წელიწადი ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელია.
წელს პრესა.გე-მ ვაჟას არა ერთი პუბლიკაცია მიუძღვნა. მისი დაბადებიდან 150-ე წლისთავის აღსანიშნავად არა ერთმა ქართველმა ვაჟა-ფშაველაზე კვლავ დაწერა წერილი თუ ლექსი. და ასე გაგრძელდება სანამ საქართველო იარსებებს.
დღეს გვინდა ჩვენს მკითხველს წარმოვუდგინოთ XX საუკუნის პირველი ნახევრის პოეტის, პედაგოგის, აკაკი მარგიანის ლექსი, რომელიც მან მიუძღვნა ვაჟა-ფშაველას. ამით კიდევ ერთხელ პატივს ვცემთ ვაჟას და გავიხსენებთ აკაკი მარგიანსაც.
აკაკი დარისპანის ძე მარგიანი დაიბადა 1891 წელს. მსახურობდა სვანეთში, შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. ლექსებს ბეჭდავდა „კოლხიდაში“, „განათლებაში“, „თემში“, „სახალხო გაზეთში“ და სხვა. აქვეყნებდა ფსევდონიმებით - ა. სვანი, ა. სვანელი. თარგმნიდა რუს პოეტთა ნაწარმოებებს. წერდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს. აკაკი მარგიანს „ზვიად სვანს“ უწოდებდნენ თურმე. მის ბუნებაში იმერული ხასიათი სჭარბობდაო - ამბობენ.
პოეტი გარდაიცვალა 1945 წელს.
აკაკი მარგიანმა ეს ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, 1912 წელს. მაშინ ავტორი 21 წლისა თუ იქნებოდა. მკითხველი დარწმუნდება რომ ის ნიჭიერი პოეტი გახლდათ. ლექსი დაიბეჭდა 1912 წელსვე გაზეთ „იმერეთში“.
ყოველდღიური გაზეთი „იმერეთი“ იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთი. გამოდიოდა 1912 წლის 26 სექტემბრიდან 1915 წლის 4 აგვისტომდე, გაზეთ „კოლხიდის“ ნაცვლად.
არწივის სიმღერა
ძღვნად ვაჟას
ღრუბლით მოსილ მაღალ მთებში
დავიბადე მე - არწივი;
შექმნის დღიდან პიტალო კლდით
მძლავრ სიმღერას გადმოვყივი!..
შავი ნისლი თავს დამტირის,
ელვა-მეხი მემუქრება,
ქარიშხალი დაჰქრის მთებში,
პირქუშ კლდე-ღრეთ ეხეთქება!
მაღლით დავსცქერ სამშობლოს ველს
ათასფერად მოქარგულსა
მაგრამ მტირალს, მტრისგან თელილს,
მწარე სევდით დადაგულსა!
შავ-ბნელ ღამეს თვალთგან მცვივა
სინანულის მდუღარება,
განთიადზე ვყივი: კმარა
საუკუნო მდუმარება!!
არ გუგუნებს ხმა ბრძოლისა,
ნაკადული ჰგოდებს ხევში,
ჩემი მოთქმა იმარხება
ობოლ ცრემლად მაღალ მთებში!
ხმალი არ სჭრის, ჩლუნდობს კლანჭი,
ზღვა არ ღელავს, მიყუჩულა,
ბარის ელჩათ მყინვარისკენ,
მიისწრაფის ღრუბლის ქულა!
სევდის მთებმა გამომზარდა,
თავს დამქროლა ქარიშხალმა;
კლდის ნაპრალში გამოჰკვეთა
ჩემი ბინა მუდმივ ძალმა!
მიჰქრის ჟამი, დღეს ღამე სცვლის,
ბნელი ნათელს ემუქრება...
და ჩემს მკერდში ბრძოლის ცეცხლი
არასოდეს არ ჩაქრება.
1912 წელი
(„იმერეთი“, 1912 წ,. # 32)
0