12:14:37     01-12-2011
რუსეთ-საქართველოს ომი (1921) - საბრძოლო ისტორიიდან
რუსეთ-საქართველოს ომი 1921, ასევე ცნობილი როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში, საბჭოებისა და საქართველოს ომი (15 თებერვალი – 17 მარტი, 1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაგდებისა და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების მიზნით. კონფლიქტი იყო საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანი ყოფილი იმპერიული რუსეთის ტერიტორიებზე კონტროლი იყო, ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველ ბოლშევიკთა მცდელობა რევოლუციური გარდაქმნები მოეხდინათ საკუთარ ქვეყანაში, სადაც მათ საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივ ძალებში არ ჰქონდათ უცხოური ინტერვენციის გარეშე
ომის წინაისტორია
პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში მომხდარი რევოლუციების სერიის შედეგად, 1918 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა.
თავდაპირველად ქართულ ელიტას არ სურდა რუსეთისგან გამოყოფა, მაგრამ კავკასიის ფრონტის დაშლამ, უცხო ქვეყნების შემოჭრისა და ქაოსის საფრთხემ ის იძულებული გახადა შეექმნა სახელმწიფო საქართველოს დასაცავად, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური გამოწვევებისგან – ბოლშევიკებისგან, ანტი–ბოლშევიკებისაგან და თურქებისაგან, რომელიც ცდილობდა თავისი გავლენის განვრცობას სამხრეთ კავკასიაზე. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საქართველოს მაგალითს მიბაძეს.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ზომიერი სოციალისტებით სათავეში, საკმაო წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საქმეში. მაგრამ ამ პროცესში ქვეყანა წააწყდა ბევრ გამოწვევას: სამხედრო კონფლიქტები თურქეთთან, სომხეთთან, ასევე სამხრეთ რუსეთის “წითლებთან” და “თეთრებთან”, ეკონომიკური ბლოკადა დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან, 1920 წლამდე საერთაშორისო აღიარების დაგვიანება, შიდა კონფლიქტები ზოგიერთ ეთნიკურ უმცირესობასთან, ადგილობრივი ბოლშევიკების დივერსიული საქმიანობა, რომელიც ხალისდებოდნენ მოსკოვიდან და კრემლის ბრძანებებს ასრულებდნენ.
1920 წლის თებერვლის ბოლოს გაფორმდა ალიანსი თურქეთის ქემალისტურ მთავრობასა და რუსეთის საბჭოურ ხელისუფლებას შორის. ახალი ალიანსი მოითხოვდა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოფილიყო სტაბილური სახმელეთო კავშირი. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო, რომ სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო – აზერბაჯანი, სომხეთი და საქართველო განაწილებულიყო თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის. 1920 წლის 31 მაისს რუსეთის მე-11 წითელი არმია შეიჭრა აზერბაიჯანში და მოხდა მისი სოვეტიზაცია. ოთხი თვის შემდეგ თურქეთი შეიჭრა სომხეთში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაეთმო თავისი ტერიტორიის ნახევარი, დარჩენილი ტერიტორია იმავე წლის ბოლოს დაიპყრო წითელმა არმიამ. საქართველო, უკანასკნელი დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფო, რომელიც დასავლეთის ბასტიონად იყო მიჩნეული, მომწყვდეული იყო ქემალისტებსა და საბჭოეთს შორის და იმისთვის, რომ დასრულებულიყო თურქულ–საბჭოთა პროექტი კავკასიაში, ისიც უნდა დაცემულიყო
ომის დასაწყისი
1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება, რომლითაც დაირღვა 1920 წლის 7 მარტის საბჭოეთ–საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება, მოგვიანებით საბჭოთა ისტორიულ ლიტერატურაში ახსნილი და წარმოდგენილი იყო, როგორც პასუხი ვითომცდა საქართველოს დახმარებაზე დაღესტნის პარტიზანული მოძრაობისთვის, ადგილობრივი ბოლშევიკების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისთვის და უკვე საბჭოთა სომხეთის ეკონომიკური ბლოკადისთვის.
საქართველოზე მასიური შეტევის დაწყებას წინ უძღოდა საბჭოთა “სახალხო აჯანყება” საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ძირითადად, სომხებით დასახლებულ ბორჩალოს მაზრაში და ასევე, ძლიერი სასაზღვრო შეტაკებები ქალაქ ზაქათალასთან, რომელზედაც პრეტენზიას საბჭოთა აზერბაიჯანი აცხადებდა.
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის სამხედრო ძალებმა შეაღწიეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ბორჩალოში და ადგილობრივი მაცხოვრებლების გარკვეული მხარდაჭერით თავს დაესხა ქართულ გარნიზონებს სანაინში და ვორონცოვკაში (ტაშირი).
მოულოდნელი მიყენებული მძიმე დარტყმისგან ქართულმა შენაერთებმა დაიხიეს ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით. 68 საათის შემდეგ მათ მიიღეს შეზღუდული მხარდაჭერა (მხოლოდ ერთი ბატალიონი) და განახორციელეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნეის უშედეგო მცდელობა. წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ ქართველებმა კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ დაიხიეს: აირუმი–სადახლოს ხაზზე (სანაინის რაზმი) და ეკატერინენფელდისკენ (ვორონცოვკის რაზმი).
16 თებერვალს საბჭოთა სამხედრო ძალები რუსეთის მე–11 წითელი არმიის 96–ე, მე–60 და მე–20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბოლშევიკთა ადგილობრივი მომხრეების ჩათვლით, შევიდნენ სოფელ შულავერში, სომხეთის საზღვრიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრზე და იქ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული “საქართველოს რევოლუციური კომიტეტი”, რომელიც წითელი მეთაურებისა და ადგილობრივი ბოლშევიკებისგან შედგებოდა. იმავე დღეს კომიტეტმა თავი გამოაცხადა საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად და მოუწოდა საბჭოთა რუსეთს გადაუდებელი სამხედრო ინტერვენციისკენ. რამდენიმე საათის შემდგომ მე–11 არმიის 54–ე და 58–ე მსროლელი ბრიგადები შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე წითელი ხიდის გავლით, რომელსაც მოჰყვა მე–12 ცხენოსანი დივიზია და 55–ე საჯავშნო ნაწილი. იმავდროულად 26–ე მსროლელი ბრიგადა და მე–9 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი შეიჭრა საქართველოში მტკვრის გავლით პოილუს სარკინიგზო ხიდთან, რომელიც მანამდე ააფეთქეს უკანდახეულმა ქართველმა მესაზღვრეებმა, რათა არ მომხდარიყო საბჭოთა დაჯავშნული მატარებლებისა და ტანკების წინ წამოწევა[4]. მეორე დღეს საქართველოში სასაზღვრო ქალაქ ზაქათალის მხრიდან ასევე შემოიჭრა მე–11 არმიის 59–ე მსროლელთა ბრიგადა და მე–18 ცხენოსანი დივიზია. ანატოლი გეკერმა, რომელიც იმ დროს მე–11 არმიის მეთაური იყო, მიიღო პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომ დაეკავებინა საქართველოს დედაქალაქი არაუგვიანეს 19 თებრვლისა.იმავდროულად, საბჭოთა რუსეთის 98–ე მსროლელი ბრიგადა თერგის ცხენოსან დივიზიასთან ერთად ამზადებდა საქართველოზე შეტევას თერგის ოლქიდან როკისა და მამისონის უღელტეხილებით, ხოლო მე–9 არმიას უნდა შეეტია აფხაზეთიდან და წაწეულიყო შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ.
საბჭოთა რუსეთს საქართველოსთან შედარებით მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. 1921 წლის 16 თებერვლისთვის მთლიანობაში საბჭოთა სამხედრო ძალები მე–11 და მე–9 არმიის ჩათვლით და თავის მხარდამჭერ ერთეულებიანად – 98–ე მსროლელი ბრიგადის, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბაქოს წითელი ბრიგადის ჩათვლით, ითვლიდა 40 ათასზე მეტ გამოცდილ მეომარს 4 300–იანი კავალერიით მათ შორის, ასევე მათ ჰქონდათ 196 ცალი საარტილერიო დანადგარი, 1065 ტყვიამფრქვევი, 50 თვითმფრინავი, 7 ჯავშნოსანი მატარებელი, 4 ტანკი და უამრავი ჯავშნოსანი მანქანა.
ამ ძალებისთვის საქართველოს შეეძლო მხოლოდ დაეპირისპირებინა დაახლოებით 1 და მე–2 მსროლელი დივიზიის 11 ათასი ჯარისკაცი, სამთო საარტილერიო დივიზია, სოხუმის 1 სასაზღვრო პოლკი, მე–2 სასაზღვრო პოლკი.
armada.ge
0