10:55:46     29-11-2011
მე–14 საუკუნის ქართველი მხატვარი, დამიანე
დამიანე, XIV საუკუნის ქართველი მხატვარია. ის ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას.
უბისის კედლის მხატვრობაში, ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა; ერთი, რომელიც ეკლესიის მხატვრობაში ჭარბობს, „საიდუმლო სერობის“ კომპოზიციისათვის არის დამახასიათებელი; ამ სცენის ქვემოთ, დამიანეს წარწერაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ „საიდუმლო სერობის“ ფერწერული სტილი მან შექმნა; მეორე, როგორც ჩანს, მისი მოწაფის მიერაა შექმნილი.
დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკები XIV საუკუნის ქართველი მხატვრობის უმნიშვნელოვანეს ძეგლთაგანია, ადრინდელი მხატვრობის მონუმენტურობას, სიდინჯესა და დარბაისლობას, აქ დინამიკურობა, დაგრძელებული ფიგურები, სამოსლის ნაკეცთა რთული, ტეხილი ხაზები დაქუცმაცებული ხუროთმოძღვრული ფონი ცვლის. მისი ნახატები მეტყველია, ენერგიულ ფერწერას კი ახასიათებს ფართო, თამამად დადებული ჭარბი მონასმები.
მოციქულთა, ანგელოზთა და წმინდანთა სახეები ძალზე საინტერესოა თავისი ექსპრესიით. თმა და წვერი ოსტატურად არის დამუშავებული. „საიდუმლო სერობის“ კომპოზიცია გვიჩვენებს, რომ მხატვარი არ ერიდებოდა რეალური სინამდვილის ასახვას - გაშლილ სუფრაზე აწყვია მწვანილი, ქართული პური. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო.
0