08:34:15     29-11-2011
წუხელ, ლიბანის ტერიტორიიდან, ისრაელი დაიბომბა...
ახლო აღმოსავლეთში, მასშტაბური საომარი მოქმედებები, შესაძლოა, იმაზე ადრე დაიწყოს, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. წუხელ ღამით, ისრაელი, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოკავშირის, ლიბანის ტერიტორიიდან დაიბომბა. როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ გალილეის მიდამოებში ჩამოვარდა, ხოლო მეორე - საზღვრის ახლოს დაეცა.
როგორც ცნობილია, ლიბანი ირანის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარია რეგიონში და თეირანთან კონსულტაციების გარეშე, საგარეო თუ სამხედრო პოლიტიკაში, ფაქტობრივად, ნაბიჯსაც არ დგამს. მის ტერიტორიაზე მოქმედებს სამხედრო-ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“, რომელსაც ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება, ფაქტობრივად, ღიად მფარველობს.
სწორედ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლისას, 2006 წელს, როცა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის გარკვეული სამხედრო და სამოქალაქო პუნქტები დაბომბეს, ექსპერტები აცხადებდნენ, რომ თელ-ავივი, ამ გზით, ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას ცდილობდა. თუმცა, მაშინ ისრაელის სამხედრო მისწრაფებებს, აშშ დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა და კამპანიაც შეჩერდა.
ისრაელის არმიის წარმომადგენლების ცნობით, ლიბანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა, 2009 წლის შემდეგ, პირველად განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ისრაელის ხელისუფლებამ, ლიბანის საზღვართან, ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ოფიციალური თელ-ავივის მტკიცებით, ამის მიზეზი არეულობა სირიაში და, საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გარკვეული არასტაბილური პროცესებია.
პარალელურად კი, ისრაელმა უკვე მოახდინა საზღვრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სულ ორი საათის წინ, ლიბანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმა განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა, ისრაელსა და ლიბანს შორის ახალი ომის დაწყება ივარაუდა, რომელიც მისი აზრით, კატასტროფული ხასიათის იქნებოდა. „ჰეზბოლა“, რომელიც ლიბანის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს, ისრაელის დაუძინებელ მტრად ითვლება. წუხანდელი თავდასხმის მერე, სპეციალისტები, ახლო მომავალში, რეგიონში ვითარების კიდევ უფრო მკვეთრი გაუარესების საშიშროებას არ გამორიცხავენ.
0